დეველოპერული კომპანია „დომუსის“ მარკეტინგის მიმართულებას თათია მიხელიძე გაუძღვება. დეველოპერულ სფეროში გადმოსვლამდე, ის „მაქსთერმის“ მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. თათია მიხელიძის კარიერული გზა 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ მოწინავე ქართულ ბანკში გაიარა შერჩების ეტაპები. შემდეგ იყო დაზღვევა, უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია, ავეჯის საწარმო და Hvac მიმართულების კომპანიები, სადაც უშუალოდ ბრენდის განვითარების, მისი ზრდისა და სწორი სეგმენტირების განსაზღვრაზე მუშაობდა. ამჯერად კი, გათბობა-გაგრილებისა და სანტექნიკის მიმართულების ბრენდების მარკეტინგიდან კარიერას დეველოპერულ კომპანიაში აგრძელებს. თათია მიხელიძემ მარკეტერთან ახალი პოზიციის შესახებ ისაუბრა.
M: სავაჭრო ცენტრიდან დეველოპმენტში გადმოინაცვლე. რითაა შენთვის საინტერესო ეს სფერო?
იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროსთან შეხება უკვე მქონია და ასე თუ ისე, მის მომიჯნავე სფეროებთანაც მიწევდა მუშაობა, ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. მეტნაკლებად მუდმივად ვადევნებდი თვალს უძრავი ქონების სფეროს განვითარებას საქართველოში და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც მქონდა წარმოდგენა.
ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ბიზნესია, მუდმივად მზარდი და ამავე დროს, საკმაოდ მგრძნობიარეც, რადგან სხვადასხვა გარე ფაქტორებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი წარმატება. ნებისმიერი მარკეტერისთვის კი ძალიან საინტერესოა ასეთ გარემოში მუშაობა, სადაც დიდი შესაძლებლობები, გამოწვევები და მოძრაობაა.
M: როგორია შენი ახალი როლი?
ჩემს როლში შედის მარკეტინგის სამსახურის სტრუქტურული გამართვა, ბრენდის ცნობადობის ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა მარკეტინგული თულების გამოყენებით. ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/განახლება და შემდეგ ყველა შესაბამის კომპონენტში განხორციელების უზრუნველყოფა.
ცალკეულ პროექტებზე, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე სწორი KPI-ების განსაზღვრა და მათ შესრულებაზე ზრუნვა.
M: რა არის ის აქტუალური მიმართულება, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ამ სფეროში შენთვის, როგორც მარკეტერისთვის?
მშენებლობა, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებებია. მუდმივად ვადევნებ თვალყურს ამ სფეროს სიახლეებს. მგონია, რომ „დომუსში“ მექნება შესაძლებლობა ამ მიმართულებების სინთეზთან მქონდეს შეხება.
ამას გარდა, თვითონ „დომუსი“ არის ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ხარისხსა და მწვანე არქიტექტურაზე. ფაქტობრივად, ის ამ ყველაფერს საკუთარ პროექტებში იყენებს. აქედან გამომდინარე, მეც, როგორც მარკეტერს მექნება შესაძლებლობა წინ წამოვწიო ბრენდის ის ღირებულებები, რაც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
M: როგორ გეგმავ „დომუსის“ მარკეტინგულ განვითარებას, შენი ჩართულობით?
დომუსის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განსხვავებული, კარგად ნაფიქრი, არქიტექტურულად გამორჩეული, თანამედროვე პროექტებია, უამრავი ბენეფიტით. ჩემი მიზანი კი ამ ყველაფრის სწორ ადამიანებამდე მიტანა იქნება, სწორ დროსა და ადგილზე. თანმიმდევრულობით, სწორი სეგმენტაციითა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გამოყენებით, ვფიქრობ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ბრენდის განვითარების გზაზე.