in

თათია მიხელიძე – #პირველისამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მომეძებნა სამსახური და ფინანსურად დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. 

აქტიურად დავიწყე jobs.ge-ზე ვაკანსიების თვალიერება, თუმცა 2011 წელს ჯერ კიდევ არ იყო სტუდენტებზე გათვლილი ბევრი სამუშაო ადგილი. ამ მხრივ თიბისი ბანკი გამონაკლისი აღმოჩნდა, სადაც დამწყებ პოზიციებზე სტუდენტების დასაქმებასაც განიხილავდნენ და იმ პერიოდში რამდენიმე ღია პოზიციაც ქონდათ გამოცხადებული. 

CV-ის გაგზავნის შემდეგ, როდესაც პირველ ჯგუფურ გასაუბრებაზე მოვხვდი, მივხვდი რომ რაღაც ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყებოდა ცხოვრებაში. 

რამდენიმე ტესტირების, ტრეინინგის და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მალევე შევუერთდი თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალს – სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე, როგორც დროებითი თანამშრომელი. კონრაქტი 3 თვიანი იყო და ზაფხულის განმავლობაში შვებულებაში მყოფი თანამშრომლები უნდა შემეცვალა. 

ჩემი პოზიცია, 8 საათის განმავლობაში ფეხზე დგომას მოითხოვდა, რადგან ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი სწორი გადამისამართება გვევალებოდა შესაბამის არხებში. პირველი სირთულეც, სწორედ ეს იყო. ფიზიკურად არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მთელი დღის განმავლობაში ერთ პოზიციაში მუშაობა. თუმცა, მოტივაცია საკმაოდ დიდი მქონდა, თან სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე, სადაც ყველაფერი უცხო იყო და თან ძალიან მომწონდა. მალევე მივხვდი, რომ კარიერის გაგრძელება სწორედ ამ სფეროში მინდოდა და არსად წასვლას აღარ ვაპირებდი.

ძალიან გამიმართლა კოლეგებშიც, რომლებიც მაშინ ჩემზე უფროსები იყვნენ და ბევრ რამეს მასწავლიდნენ. ძალიან შეკრული გუნდი ვიყავით და დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით, სამსახურის გარეთაც.

საბოლოო ჯამში, დროებითი თანამშრომლიდან მუდმივ თანამშრომლად ვიქეცი. თითქმის 8 წელი გავატარე ბანკში, შევიცვალე რამდენიმე პოზიცია, მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი უამრავ საინტერესო ტრეინინგსა და ღონისძიებას. გამზარდა, როგორც თანამშრომელი და მაზიარა კორპორატიულ კულტურას, რომელიც დღემდე მეხმარება, რა სფეროშიც არ უნდა გადავინაცვლო.

თათია მიხელიძე – კომპანია „მაქსთერმის“ მარკეტინგისა და კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Nvidia-ს ახალი AI მოდელი 3D დიზაინს წამზე ნაკლებ დროში ქმნის!

როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე?