ცოტა ხნის წინ, Zoommer-ის მარკეტინგს თათია (თუთიკო) მუჯირი ჩაუდგა სათავეში. ამ პოზიციაზე მან Veli.Store-ის ბრენდ დირექტორობიდან გადმოინაცვლა. 10-წელზე მეტი ხნის მუშაობამ ასწავლა, რომ ყოველი წინა გამოცდილება შემდეგისთვის ამზადებდა. ამასთან დაკავშირებით, საყვარელი ფრაზაც აქვს – Change to stay the same. მისი კარიერა მოიცავს წიგნების E-commerce-ს, ლუდსახარს, კრეატიულ სააგენტოებს. Miami Ad School-ში სასწავლებლად სრული დაფინანსება მოიპოვა, დაბრუნების შემდეგ კი დამკვეთის მხარესაც იმუშავა, E-commerce-შიც და ეს გზა, ამ დროისათვის, Zoommer-ით დააგვირგვინა.
M: ისეთ კომპანიას შეუერთდი, რომელიც წლების მანძილზე აუდიტორიის ყურადღებას იქცევს და თავის ნიშას ამყარებს. ამ ფონზე, საკმაოდ დიდია პასუხისმგებლობა და მოლოდინი ახალი კომპანიის ახალი მარკეტერის მიმართ. როგორ აღმოაჩინეთ შენ და Zoommer-მა ერთმანეთი, ამ ფორმატში?
შეიძლება ითქვას, არაჩვეულებრივად ბედნიერად მივყვებოდი ქვეყნის გარეთ ფრილანსერობის გზას, როცა ჩემს ცხოვრებაში ზუმერი გამოჩნდა. ზუმერი ყოველთვის იყო ჩემი დაკვირვების საგანი, განსაკუთრებით, როცა მომხმარებელთა მომსახურებიტ დირექტორის პოზიციას ვიკავებდი სააგენტოში და ასე დამკვირვებლის როლ-მორგებული ადვილად ვამჩნევდი იმ ქიმიურ შენაერთობას, რომელიც კლიენტსა და სააგენტოს შორის იყო, რაც შემდეგ, ლოგიკურადაც ითარგმნებოდა იმ შედეგებში, რის გამოც ზუმერი ასე ძალიან გვიყვარს დღეს ადამიანებს. ჩემთვის, ამ დაკვირვების პროცესში განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელი ზუმერის მენეჯმენტის დამოკიდებულებაც იყო იმ სიგიჟეების კეთებაზე, რითაც ეს ბრენდი ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში თავის სიტყვას ამბობს.
ჩემი ეს დაკვირვება მაშინ გამართლდა, როცა პირველად შევხვდი ლევან გაფრინდაშვილს. ჩვენი შეხედულებები მაშინვე დაემთხვა, შეხვედრაზე ყოველი წინა ნათქამი მომდევნოს ისე ავსებდა და აზიარებდა საერთო ხედვას, თითქოს მანამდეც ბევრჯერ გვემსჯელა ამაზე. როგორც იტყვიან we clicked straight away, რაც დამეთანხმებით, ყველა მარკეტერისთვის და ბრენდის მფლობელისთვის საოცნებო სამუშაო გარემოა.
ზოგადად, ჩემთვის კარიერა გემოვნების ამბავია, და მისი წინსვლა ჩემთვის უბრალოდ ლინეარული პროგრესიის ხასიათს არ ატარებს. ჩემი მისწრაფება ჩემზე უკეთესი ადამიანების გარემოცვაში მოხვედრაა, რისი შესრულებაც არც თუ ისე ურიგოდ შეიძლება ჩამეთვალოს, მით უფრო იმ ადამიანებს თუ გადავხედავთ, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ.
M: როგორი კარიერული შესაძლებლობა გახსნა შენთვის Miami Ad School Europe-ში სწავლამ?
Miami Ad School Europe ერთი დიდი სიგიჟე იყო ყველა გაგებით. ფაქტობრივად, მუდმივ რეჟიმში გიწევდა საკუთარი თავისა და სხვებისთვის შენი შესაძლებლობების მტკიცება. ღირსი გავხდი, ხელის გაწვდენის მანძილზე მომესმინა და შემემეცნა გამოცდილება ისეთი ბრენდის სტრატეგებისგან, კრეატიული დირექტორებისგან, პროდუსერებისგან თუ კლიენტის დირექტორებისგან, რომლებზე ინფორმაციასაც მანამდე პროფესიული სიხარბით ვკითხულობდი სტატიებში ან მათ ნამუშევრებს 16-ინჩიან ეკრანზე თუ ფესტივალებზე ვუყურებდი საქართველოდან.
ერთი დიდი გამოწვევა იყო გუნდთან ერთად რეალურ კლიენტებთან – Google-თან და Nivea-სთან მუშაობა, რამაც სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა ბრენდის სტრატეგიის ხელოვნების თუ კლიენტთან ურთიერთობის მანამდე არსებული ჩემი გამოცდილება, მით უფრო რომ ამ ყველაფრის წარდგენა, ორივე კლიენტის შემთხვევაში, ევროპის რეგიონის მასშტაბით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებთან მოგვიწია.
ცხადია, იყო გართობაც, ახალი მეგობრებიც, კულტურულ სხვაობებში თანაზიარ წერტილებში წარმატებით თანხვედრა, პროფესიული კონტაქტების შეძენა და დღემდე მჭიდრო კავშირის შენარჩუნება.
M: როგორ წარიმართა კარიერა, Miami Ad School Europe-ის შემდეგ?
საქართველოში დაბრუნებულს, რამდენიმე ძალიან საინტერესო პროფესიული შეთავაზება დამხვდა, მაშინდელი გადმოსახედიდან კი, ყველაზე სწორზე, ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Reddbery-ში, Client Service Director-ის პოზიციაზე შევაჩერე არჩევანი. გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მეტად, ჩემი ციფრული სამყაროს, ამ სამყაროში ბიზნესების გარდაქმნის გამოცდილების მიღების ინტერესმა და იმ ხალხმა განაპირობა, ვინც ამას რედბერიში საუკეთესოდ აკეთებდა.
Veli.Store-ში, სტარტაპ მიდგომებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროცესში ვიყავი ჩართული, რამაც კიდევ უფრო მსუყედ შემაგრძნობინა კომპანიის შინაარსი. განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოვყოფდი გუნდის საერთო სესიებს, სადაც პირველად გავერთიანდით კომპანიის არსში ჩასაკვირვებლად და იმის განსასაზღვრად, თუ ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით. ძვირფას ხალხთან მუშაობამ მომცა საშუალება ბრენდის სტრატეგია შემემუშავებინა, გუნდთან ერთად კი პირველი ნაბიჯები და საკომუნიკაციო ტაქტიკები დაგვეგეგმა.
ძვირფას ხალხთან მუშაობამ მომცა საშუალება ბრენდის სტრატეგია შემემუშავებინა, გუნდთან ერთად კი პირველი ნაბიჯები და საკომუნიკაციო ტაქტიკები დაგვეგეგმა. შემდეგ იყო სტრატეგიული ბრენდინგის მიხედვით, ბრენდის ვიზუალური განსხეულება, რაზეც ამ საქმის დიდოსტატ გიორგი ქვლივიძესთან ერთად ვიმუშავე. მახსოვს, პროცესში მენეჯმენტის მხრიდან რისკის დანახვა ბრენდის ლოგოსა და მის ძალიან Bold ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა მიხარია, რომ მოვახერხე და მათი მხრიდან ნდობის გამოცხადებითაც ბოლომდე მივიყვანე ის, რისიც მე და ქვლივას თავიდანვე ძალიან გვჯეროდა, დღეს კი მთელი კომპანია ამაყობს ამით, რასაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, გარედან წამოსული სასიამოვნო უკუკავშირები ემატება.
მინდა აღვნიშნო HOLMES&WATSON-ში მუშაობის პერიოდი, კარიერის ადრეულ ეტაპზე. მართლაც All Star Creative ხალხის ერთობლიობა, რომლებიც გარდა იმისა, რომ საქმის ჩემპიონები არიან, ამ პროცესის დიდი სიყვარულის და ვნების გადმომდები ადამიანები აღმოჩნდნენ. ჩემი მათთან შეკავშირება საქართველოში ყველაზე დიდი კლიენტის – თიბისის – Senior Account Executive-ის პოზიციით იწყება, რომელსაც იმ პერიოდიდან ვუექაუნთე, როდესაც ბრენდის რეპოზიცირების პროცესს გადიოდა.
M: Zoommer-ში რა გეგმები გაქვს ახალ პოზიციაზე?
წინ საინტერესო, განსხვავებული და გამოწვევებით სავსე წელი გვაქვს, იმ გუნდთან ერთად, რომლის წევრების წვლილიც დიდია და უკვე წლებია, რაც ანთებული გულებით ემსახურებიან საყვარელი ბრენდის შენებას. გულშემატკივრებს კი ვეტყვი, ზუმერის ცხოვრებაში ახლა თვითჩაკვირვების, ღრმა გააზრების და რაც მთავარია ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპი დგას. მარკეტერის საყვარელ ციტატას რომ დავესესხო, ახლა სხვა დროა და სხვანაირი ფიქრია საჭირო, დანარჩენს კი ერთად ვნახავთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი