29
May
2017

პირველი ქართველი ჟიური კანის კრეატიულ ფესტივალზე – “First Kiss-ის“ ავტორი – თათია ფილიევა

29 May 2017


კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2017-ის“ ჟიურიში – კანის ლომების 64 წლიან ისტორიაში – საქართველოს, წელს, პირველად ეყოლება ქართველი წარმომადგენელი, რომელიც იქნება ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი თათია ფილიევა. მის ვიდეორეკლამას – First Kiss – მოგებული აქვს ოქროს ლომი და 2016 წლის მსოფლიოს ყველაზე ნახვადი რეკლამებიდან, მე-2 ადგილს იკავებს.


თათია ფილიევა:
“FIRST KISS“ – ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი სიყვარულისა და ადამიანთა ურთიერთობის შესახებ, რომელიც შთაგონებულია ჩემს კომპიუტერში არსებული ფაილით – სახელწოდებით – “KISSES”.  ეს არის ფაილი, რომელიც მოიცავს ფოტოსა და ვიდეოზე აღბეჭდილ მე და ჩემი მეუღლის, ანდრე ლასკარისის კოცნას, რომელიც ჩემი მეუღლის მიერ, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული. ყოველთვის, როცა კი არ უნდა ვათვალიერებდე ამ ფოტოებს, სულ უფრო მეტად ვგრძნობ ცხოვრების სილამაზეს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს იდეა დამედო საფუძვლად იმ სოციალური ექსპერიმენტისათვის, რომელშიც უცხო ადამიანების კოცნაა აღბეჭდილი“.


M: როდის და რა მიზეზით გადახვედით ამერიკაში საცხოვრებლად, რამდენად რთული იყო და რა გახდა თვითრეალიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?
ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა 14 წლის ასაკში მომიწია მშობლებთან ერთად. ეს არა თუ სხვა ქვეყანაში, სხვა სამყაროში გადასვლას უფრო ჰგავდა, თანაც ძალიან უცხო სამყაროში, რასაც თავისთავად, გარკვეული სიძნელეებიც ახლდა. ტინეიჯერის ასაკში მყოფს, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, უკვე შესანიშნავი სამეგობრო წრე მყავდა და მალე მეც აღმოვაჩინე ჩემი ამერიკა. ამერიკა, რომელიც დღესაც ზუსტად ისევე ძალიან მიყვარს, როგორც აღმოჩენისას.

M: როგორ აღმოჩნდით სარეკლამო ბიზნესში, First Kiss-ზე მუშაობისას, რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა და რატომ გამოიყენეთ ტანსაცმლის ბრენდის საიმიჯო ვიდეორგოლისთვის სოციალური ექსპერიმენტი?
ჩემი სპეციალობა მხატვრული კინოს რეჟისურაა, ხოლო რაც შეეხება სარეკლამო ბიზნესს – ჩემი იქ მოხვედრა მხოლოდ შემთხვევამ განაპირობა: კომპანია WREN-ის დამაარსებელმა, Melissa Coker – მა მისი ახალი კოლექციისათვის ფილმის შექმნა მთხოვა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩემს სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობა სულ ახალი დამთავრებული მქონდა და რაიმე საინტერესო და იმავდროულად, განსხვავებული პროექტის ძიებაში ვიყავი. რამეთუ მომავალი ფილმისათვის, მეტ-ნაკლებად, სერიოზული დაფინანსებაც კი არ განიხილებოდა, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რამე ისეთი, რაც ჩემთვის შთამაგონებელიც იქნებოდა და ამავდროულად, ბრენდსა და ახალ კოლექციასთანაც იქნებოდა კავშირში.

M: როგორ ახერხებთ, რომ ადამიანები დაითანხმოთ და წამოგყვნენ თქვენს სოციალურ ექსპერიმენტებზე, რა ეტაპები გაიარეთ First Kiss-ზე მუშაობის პროცესში?
ფილმში მონაწილეთა შერჩევა ჩემს სამეგობრო წრეში ჩემ მიერ დასმული საკმაოდ უცნაური შეკითხვით დავიწყე – ხომ არ დათანხმდებოდნენ უცხო ადამიანის კოცნაზე. ამ შეკითხვამ არა მარტო ჩემს მეგობრებში, არამედ ჩემი მეგობრების მეგობრებში პოვა გაგრძელება და კანდიდატების პირველი სიაც მაშინ შედგა. თვითონ შეკითხვა და იდეა ისეთი უცნაური იყო, რომ მაშინვე ძალიან ბევრი დაინტერესდა. ამიტომაც, სიამოვნებით დამთანხმდნენ და არ მგონია, რომ ამ ფილმში მონაწილეობას დღესაც რომელიმე მათგანი ნანობდეს. დღეს, ქასთინგის ჩატარება ბევრად იოლია, მაგრამ მაინც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ, ჩემთან მუდმივ თანამშრომლობაშია ქასთინგ დირექტორი, რომელიც ჩემს ფილმებში მონაწილე არაპროფესიონალთა ძიებით არის დაკავებული. მონაწილეთა თავდაპირველი მოძიების შემდეგ, იწყება მათთან ინტენსიური გასაუბრებების პროცესი, რომლის შემდეგაც, დგება ფილმში მონაწილეთა საბოლოო სია. იმათ, ვისაც ჩემი ნამუშევრები აქვთ ნანახი, ადვილად ხვდებიან, თუ როგორი პატივისცემით ვეპყრობი თითოეულ მონაწილეს, ამიტომ სიამოვნებით თანხმდებიან ჩემს მიწვევაზე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ დადებით ატმოსფეროს, გადასაღებ მოედანზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის შექმნასაც ყოველთვის და მაქსიმალურად ვაძლევ ხელს.

M: 2014-ში, კანის ლომის მოპოვებამ რა შეცვალა თქვენს კარიერულ ცხოვრებაში? და უკვე წელს, როგორ შეაფასებთ თქვენს როლს ამ ფესტივალზე?
კანის ლომების პრიზის მოპოვება ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად, დიდი მოულოდნელობაც იყო. კანის ფესტივალში გამარჯვებამ ჩემს ნამუშევრებს ლეგიტიმურობა და პრესტიჟი ერთდროულად მოუტანა, გამომდინარე სარეკლამო ფილმების ინდუსტრიაში ჩემი მუშაობის ხანმოკლე ისტორიიდან. კიდევ უფრო ბევრად აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ წელს, კანის ლომების ჟიურის წევრად მიმიწვიეს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ეს, ალბათ, ნებისმიერისათვის უდიდესი პატივია და ბედნიერი ვარ, რომ მე მხვდა წილად. M: ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას თუ ადევნებთ თვალს და როგორ შეაფასებთ, რა მოგწონთ/არ მოგწონთ და რას შეცვლიდით?
ჩემდა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ვიცნობ ქართულ სარეკლამო ფილმებს. ძალიან მინდა, საფუძვლიანად გავეცნო ქართულ ნამუშევრებს ამ მიმართულებით და თუკი ოდესმე ამის შესაძლებლობა მომეცემა, ყველანაირად ვეცდები, ხელი მივცე მათ პოპულარიზაციას.

M: არსებობს ისეთი მოვლენა ან ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვის/რის გარეშეც თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართებოდა?
ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ისეთი მოვლენა, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. მათ შორის, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა იყო. მაგრამ ჩემთვის ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩემს მეუღლესთან შეხვედრა და ჩემი ვაჟის დაბადებაა.

M: სოციალური ექსპერიმენტებისა და ფილმებზე მუშაობის გარდა, რა განიჭებთ სიამოვნებას, ვის და რას უთმობთ თქვენს დროს?
პირადად ჩემთვის, თავისუფალი დროის ყველაზე სიამოვნებით ხარჯვა კითხვას ნიშნავს. ბოლო დროის დიდ აღმოჩენას კი ჯადოსნური პოეტი და ესეისტი Mary Roufle წარმოადგენს, თავისი უბრწყინვალესი კრებულით “Madness, Rack and Honey”.
მიუხედავად იმისა, რომ მე და სპორტს ერთმანეთთან ყოველდღიური მეგობრობა არ გვაკავშირებს, დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს NBA – ს ჩემპიონატს და ჩემი საყვარელი გუნდის, LA  LAKERS  ძალიან ერთგული ქომაგი ვარ.



განხილვა

2 Responses

  1. 16/03/2019

    […] მოღვაწე ქართველი რეჟისორის, თათია ფილიევას ვირუსული ვიდეოს „პირველი კოცნის“ – […]

  2. 16/03/2019

    […] თათია ფილიევა ცნობილი ვიდეოს, “პირველი კოცნის” შემქმნელია, რომელმაც 137 მილიონამდე […]