1
Oct
2019

“არტისტი მაშინ ხარ, როცა რაღაც გაქვს სათქმელი..” – თათია ქორთუა #თაობა

1 Oct 2019

თათია ქორთუა გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსია. ბავშვობიდან მუსიკასთან დაკავშირებულმა, გადაწყვიტა საკუთარი ოცნებების განხორციელებისთვის საზღვარგარეთ წასულიყო – ეკეთებინა ის, რაც ყოველთვის გულით სურდა.. სულ ახლახან საკმაოდ საინტერესო ალბომიც გამოუშვა, რომელიც 4 სიმღერას აერთიანებს. ალბომისა და ზოგადად მუსიკალური საქმიანობის შესახებ თათიას #თაობა გაესაუბრა:

M: ვინ არის თათია ქორთუა? – გაგვაცანი შენი თავი..

თუ, მაინც და მაინც, რამდენიმე სიტყვით ან წინადადებით უნდა დავახასიათო საკუთარი თავი, ვიტყოდი, რომ თათია არის თავგადასავლების მოყვარული ადამიანი, შემეცნების სურვილით და დიდი “drive”-ით.. მით უმეტეს, თუ მუსიკას ეხება საქმე. მგონი, თავის ქება გამომივიდა..

M: როგორი იყო შენი პირველი შეხება მუსიკასთან და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

პირველი შეხება ალბათ არც მახსოვს. ბავშვობის კადრებია, სადაც დაახლოებით 10 თვის ვცდილობ, Cindey Lauper-ის “Girls just wanna have fun”-ზე ვიცეკვო. თავად კი იმას გავიხსენებ, პირველად სცენა რომ ვნახე – ალბათ 4 წლის ვიყავი. დარბაზიდან პირდაპირ სცენაზე ავედი და ისე გავიარე, როგორც ამას სხვა მოდელები აკეთებდნენ. რაც თავი მახსოვს, ყველას ვეუბნებოდი, რომ “მოცეკვავე და მომღერალი” გოგო ვარ-მეთქი. ვმართავდი კონცერტებს სტუმრებისთვის, მეგობართან ერთად “საშინელ” სიმღერებს ვწერდი, რომლებსაც კასეტებზე ვიწერდით.

M: როგორ განვითარდა შენი მუსიკალური ბიოგრაფია შემდგომ?

როცა 13 წლის ვიყავი, თბილისში გადმოვედით. გადმოსვლის ერთ-ერთი მთვარი მოტივატორი კი ჩემთვის ვოკალის მასწავლებლის პოვნა იყო. 15 წლის უკვე ბენდში ვმღეროდი. რეპეტიციები ლუდის სმა უფრო იყო, ვიდრე რეპეტიცია, თუმცა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. ეს პირველი ბენდია, სადაც ვოკალისტად ამიყვანეს. მოგვიანებით გადავწყვიტე, “ბიზნეს მენეჯმენტზე” ჩამებარებინა. დღემდე არ ვიცი, საიდან მოვიტანე ეს იდეა. სამწუხაროდ, თბილისში არ არსებობდა ფაკულტეტი “singer/songwriter” და ჩავთვალე, რომ სასურველ ფაკულტეტზე მაინც ვერ ვისწავლიდი. ამ პერიოდში ილიას უნივერსიტეტში აღმოვაჩინე ჯაზ ვოკალის ფაკულტეტი. იქ ბევრი რამ ვისწავლე ქალბატონი ირინა ებრალიძისგან და შეიძლება ითქვას, პირველად იქ მოვისმინე ჯაზი. მოგვიანებით სოლფეჯიოზე დავიწყე სიარული და “თვალები გავახილე”.

პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი მუსიაკალურ კონკურსებში. ალბათ ყველაზე კარგად “Magtifun” მახსენდება, რადგან სწორად ამის შემდეგ დავიწყე სიმღერების აქტიურად წერა და ასევე მოვხვდი ბენდ “ვაკის პარკში”. “ვაკის პარკში სიმღერამ სცენაზე დგომის დიდი გამოცდილება მომცა.

ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ სადმე უნდა წავსულიყავი და მესწავლა ის, რაც მე ყოველთვის მინდოდა. ასე ვემზადებოდი 2 წელი გერმანიაში წამოსასვლელად. ინტერნეტით ვიპოვე უნივერსიტეტები, გავაკეთე “ინფორმაციული ბაზა” ყველა უნივერსიტეტის შესახებ და უგრძესი ბიუროკრატიული პროცედურები მივიყვანე ბოლომდე. 2 წლის თავზე კი გამოცდები ჩავაბარე და სასწავლებლად ფრაიბურგში ჩამოვედი.

M: ამჟამად რას საქმიანობ? 

ამჟამად გერმანიაში, ფრაიბურგში ვცხოვრობ. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტში სწავლას. ბოლო ორი წელი პედაგოგიკას ვსწავლობ და ასევე ვასწავლი მსუიკალურ სკოლაში სიმღერას. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვწერო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სიმღერების წერაა. ახლახან გამოვუშვი ჩემი სადებიუტო ალბომი “EP_1” და უკვე ახალი სიმღერების წერაც დავიწყე. მომავალი წლიდან  ვგეგმავ, ბერლინში გადავიდე, მოვიწყო bed room studio და იქიდან გავაგრძელო წერა.

M: რომელ ჟანრში მოღვაწეობ, ძირითადად?

არ მიყვარს დიდად კონკრეტულ ჟანრებს რომ მომაწერენ ხოლმე, თუმცა, თუ მაინც უნდა დავასახელო, ალბათ რამდენიმეს ჩამოვთვლიდი.. Electronic, donwtempo, Soul, R’n’B, hip-hop, pop. მუსიკას როცა ვწერ, ჟანრებით არასდროს ვიზღუდავ თავს. ასე რომ, ნებისმიერი ჟანრის ელემენტი შეიძლება აღმოაჩინოთ ჩემს სიმღერაში.

M: რა არის შენი ინსპირაცია მუსიკის შექმნისას?/ სიმღერის წერისას? და ზოგადად როგორია ეს პროცესი შენთვის?

მუსიკის წერისას ალბათ ინსპირაცია ისევ მუსიკაა. ხშირად, რთულია, აკონტროლო, რა აღიბეჭდება შენს გონებაში, რა მელოდიები ჩაგრჩება და მერე სადღაც ამოგიტივტივდება.. თუმცა, ძალიან საინტერესოა, რომ შეგიძლია, განსაზღვრო რამ შეიძლება, მოახდინოს შენზე ზემოქმედება. მაგალითად ვიცი, როცა ჩემს ფლეილისტს ვადგენ, ერთგვარად მაქვს იმაზე კონტროლი, თუ რა იქნება ჩემთვის ინსპირაცია.

ინსპირაცია შეიძლება იყოს ასევე წიგნი, ვიღაცის ისტორია და საერთოდ ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება.

სიმღერის წერის პროცესი ჩემთვის თითქმის ყოველთვის მელოდიით და ჰარმონიით იწყება და ალბათ ყველაზე ბოლო ეტაპი ტექსტის დადებაა. ზოგადად, პროცესი ხან ძალიან რთული, ხან ძალიან მარტივი მეჩვენება. მგონი ორივე ერთადაა – არის ამაში რაღაც მისტიურიც თუ ამოუხსნელიც. ზუსტად არასდროს იცი, რა გამოგივა..

M: აქამდე არსებული გამოცდილების ფონზე, არის თუ არა რაიმე ისეთი, რითიც დღეს ამაყობ?

ვამაყობ იმით, რომ არ ვრჩები კომფორტის ზონაში და შიშის მიუხედავად, მაინც ვრისკავ. კონკრეტული მოვლენით ან მიღწევით ალბათ დიდად ვერ დავიკვეხნიდი..

M: შენი ახალი ალბომის შესახებაც მოგვიყევი..

“EP_1” შედგება 4 სიმღერისგან. ყველა სიმღერა ჩემს საძინებელში ჩავწერე – არც ისე ხელსაყრელ გარემოში აკუსტიკის მხრივ.  მასტერინგის გარდა, ყველაფერი მე გავაკეთე. ეს იყო პირველი 4 სიმღერა, რომლის პროდიუსინგი და მიქსინგი მე თვითონ გავაკეთე. ალბათ 5 წლის მერე ბევრი შენიშვნა მექნება საკუთარ თავთან.

არ ვიცი რა უნდა ვთქვა ჩემს ალბომზე. რამდენიმე რივიუ წავიკითხე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ძალიან საინტერესოა წაიკითხო სხვისი ანალიზი და ამოიკითხო ისეთი დეტალები, რომლებზეც შექმნის პროცესში არც გიფიქრია. ბევრი რამე უბრალოდ ემოციის და ინტუიციის ხარჯზე კეთდება.

M: როგორ ფიქრობ, რისი თქმა გსურს შენი შემოქმედებით?

რთული კითხვაა.. ზოგადად ვთვლი, მაშინ ხარ არტისტი, როცა რაღაც გაქვს სათქმელი. ალბათ იმაზე ვსაუბრობ ჩემი მუსიკით, რაც იმ წუთას ჩემთვის აქტუალურია და, ასე ვთქვათ, უკუკავშირს ვაძლევ იმას, რაც ჩემ ირგვლივ ხდება, მაწუხებს ან უბრალოდ გაზიარება მინდა.

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, ალბათ ვიქნებოდი მეცნიერი..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის.

დავუტოვებ გურულ სიმღერას “ნატვრა”. მახსოვს, როცა პირველად მოვისმინე, ძალიან მოვიხიბლე და ვიფიქრე, რომ მე შოთას ნიჭსაც დავჯერდებოდი..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა