in

„თამაშობანას“ ახალი CEO ჰყავს – თათია რევაზიშვილი ბრენდის განახლებაზე გვიყვება

ცხრა წლის წინ, ორმა მეგობარმა ბავშვობისდროინდელი გასართობი აქტივობები გააცოცხლა და ქართული თამაშების წარმოებას შეუდგა. „თამაშობანას“ შექმნით, ნინი ჩიქოვანმა და ნაუ სონღულაშვილმა თაობები გააერთიანეს და დროის მხიარულად გატარების საშუალება მისცეს.

რამდენიმე თვის წინ, „თამაშობანას“ გუნდს თათია რევაზიშვილი შეუერთდა და დირექტორის პოზიცია დაიკავა. ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებასთან მას აქამდეც ჰქონია შეხება, მარკეტინგის კუთხით. დიდი გამოცდილება აქვს სტარტაპის ფუნქციურ ბიზნესში გარდაქმნასა და საოჯახო, მულტიფუნქციური ბრენდის შექმნაში. ახლა კი, „თამაშობანას“ განვითარებაზე ზრუნავს.

ამ წლების განმავლობაში, „თამაშობანამ“ გრძელი გზა განვლო და საკმაოდ საფუძვლიანი ცვლილებებიც განიცადა. სულ მალე, ერთ დროს პატარა სტარტაპი საბავშვო და საოჯახო მულტიფუნქციურ სივრცედ მოგვევლინება. განახლდა ბრენდის ვიზუალური იდენტობაც და „თამაშობანა“ უფრო მასშტაბურად განაგრძობს განვითარებას. როგორია ახალი CEO-ს ხედვა და რას მოიცავს „თამაშობანას“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე, თათია რევაზიშვილმა გვიამბო.

M: როგორია შენი ახალი როლი „თამაშობანაში“ და რითაა ეს საქმე საინტერესო?

ჩემი როლი „თამაშობანაში“ ბევრი სახალისო და ამაღელვებელი გამოწვევებითაა სავსე, ბრენდის ღირებულებებთან პირველივე დღეს დიდი კავშირი ვიგრძენი, რამაც ონბორდინგის პროცესი ძალიან გაამარტივა.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ პოზიციის ფარგლებში შემიძლია გავაერთიანო ყველა ის საქმე, რომლის კეთებაც მიყვარს, უფრო კონკრეტულად, შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩემი გატაცება ხელმძღვანელობის, შემოქმედებითობისა და ინოვაციებისადმი გარდავქმნა ბავშვებისა და ოჯახების ხალისიანი და ხარისხიანი (AKA ხალისხიანი – ჩვენს ენაზე) გამოცდილებების შექმნაში.

M: როგორ განვითარდა თამაშობანა პირველი ქართული ხელნაკეთი თამაშებიდან მულტიფუნქციურ და ინოვაციურ სივრცემდე?

„თამაშობანა“ 2015 წელს დააარსა ორმა მეგობარმა, ნინი ჩიქოვანმა და ნაუ სონღულაშვილმა მათი საერთო რწმენის – თამაშის ტრანსფორმაციული ძალის საშუალებით. შემდგომში, ის შემოქმედებითობისა და გართობის კერად გარდაიქმნა. „თამაშობანა“ გახლავთ პირველი ქართული პროექტი, რომელიც ხელნაკეთ თამაშებს სთავაზობდა მომხმარებლებს.

წლების განმავლობაში ბავშვებისადმი და საქმისადმი სიყვარულმა გააერთიანა სხვადასხვა სახალისო აქტივობები, ლიტერატურული კაფე, დაუვიწყარი ზეიმები და თეატრალური წარმოდგენები. ამ დროის განმავლობაში, ჩვენმა პატარა თუ დიდმა სტუმრებმა დიდი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატეს პროექტის მიმართ. სწორედ ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ 2024 წელს „თამაშობანა“ გაფართოებულიყო და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მულტიფუნქციური, ინოვაციური საბავშვო, საოჯახო სივრცე, რომელსაც სულ მალე, წლის ბოლოს, მზიურის პარკში იხილავთ.

თათია რევაზიშვილი

M: ბრენდინგი ცოტა ხნის წინ განახლდა. როგორია ახლა „თამაშობანა“, როგორც ბრენდი?

„თამაშობანას“ მთავარი ღირებულებები სილაღე და სანდოობაა, სწორედ ეს ღირებულებები აყალიბებს ბრენდის გამოცდილების ყველა ასპექტს – დაწყებული საგულდაგულოდ შექმნილი სივრცეებით, დამთავრებული გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით. სილაღე თითოეულ ინტერაქციაშია ჩადებული. ეს ყოველი ვიზიტის ჯადოსნურ, ხალისიან და აღმოჩენებით სავსე გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს.

სანდოობა უსაფრთხო, ხარისხიან და მხარდამჭერ გარემოში ვთარგმნეთ, სადაც მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილები ჩართულები არიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს მათ ემოციურ, ფიზიკურ, თუ მენტალურ განვითარებას და კეთილდღეობას. იქნება ეს თამაშის, ჯანსაღი კვების, თუ საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი.

„თამაშობანა“ არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ბავშვთან ხარისხიანი დროის გატარება და მათთვის საინტერესო ადგილის გაზიარება. ეს თავგადასავალი იქმნება გუნდური გამოცდილებით, ცოდნით, შემოქმედებითი რესურსით, გემოვნებით, ახლებური ხედვით და განსაკუთრებული პროდუქტებით შექმნილი გამოცდილებებით ლაღი ბავშვობისთვის.

აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ბრენდის განახლებული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ბეკი ფანცხავა დაგვეხმარა და თავისი ნაპერწკალი შემოიტანა „თამაშობანას“ ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაში.

M: როგორია განახლებული ბრენდის კონცეფცია და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

„თამაშობანაში“ გვჯერა ჯანსაღი და ჯადოსნური ურთიერთობების ძალის, რომლებიც ქმნიან ლაღ ბავშვობას. ზუსტად ვიცით, რომ პროცესში ერთნაირად მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან ბავშვები და მშობლები.

ჩვენი ბრენდის არქეტიპი „შემოქმედია“, რომელიც თვითგამოხატვაში, გამოწვევების გადალახვაში, ავთენტურობაში, განვითარებასა და ძლიერი წარმოსახვის უნარში ვლინდება. აქ ბავშვები ღიად გამოხატავენ საკუთარ თავს, ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესში და შექმნიან ცხოვრებისეულ მოგონებებსა და კავშირებს.

ბევრი ვიფიქრეთ იმაზე თუ როგორი უნდა ყოფილიყო „თამაშობანა“. როგორ ისაუბრებდა, როგორ ჩაიცვამდა, რა ფერის თმები ექნებოდა, შოკოლადის ნაყინი უფრო ეყვარებოდა, თუ მარწყვის ტორტი. პასუხი ჩვენს ვიზუალურ იდენტობაში ვიპოვეთ.

ჩვენი მატარებელი სხვადასხვა ჯადოსნური ელემენტისგან შედგება. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხასიათი და მოსაყოლი ისტორია აქვს, ისევე, როგორც ჩვენს სტუმრებს, რომლებსაც ასე სულმოუთქმელად ველით. ფერებით, ვეცადეთ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და ხალისიანი იდენტობა გამოგვეხატა, სწორედ ეს ფერადი მატარებელი ამოგზაურებს ბავშვებს „თამაშობანას“ სხვადასხვა სამყაროში.

განახლებულ ბრენდინგზე მატასი სულაკაურმა იმუშავა და შექმნა ასეთი ცელქი ვიზუალი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ზუსტად გამოხატავს „თამაშობანას“ „ვაიბს“.

M: გვიამბე „თამაშობანას“ მულტიფუნქციურ სივრცეზე. როგორ ასახავს განახლებული ბრენდინგი სივრცის იდეას?

ახალი სივრცე გამოირჩევა მისი უნიკალური დიზაინით, რომელზეც ამ სფეროში გამოცდილმა შანხაის არქიტექტორულმა სტუდიამ იმუშავა და ზედმიწევნით არის შექმნილი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს როგორც ბავშვების, ასევე მშობლების გართობის, სწავლის, კომფორტისა და ხარისხიანი დროის გატარების საჭიროებები. „თამაშობანას“ მზიურის სივრცე აერთიანებს რამდენიმე ქვე მიმართულებას, სხვადასხვა თემატიკის გათვალისწინებით.

საოჯახო კაფე, საზეიმო და გასართობი დარბაზები, თეატრი, წიგნის კლუბი, სახალისო განათლება, მაღაზია და სხვა მრავალი სივრცის კუთხე ეძღვნება ზრდის, თამაშისა და ახალი აღმოჩენების ხელშეწყობას.

ახალი სივრცე მზიურში წლის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი სტუმრებისთვის, წაკითხულს – ნანახი სჯობს, ასე რომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ახალ წელს პირდაპირ ჩვენთან მოვიპატიჟებ მკითხველს.

M: ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება „თამაშობანას“ მასშტაბი. როგორ ხედავ მის განვითარებას?

ამ მასშტაბის ზრდით, „თამაშობანა“ გახდება კულტურული კატალისტი და ნომერ პირველი საბავშვო მიმართულება თბილისში. ჩემი მიზანია, რომ გუნდთან ერთად შევქმნა სივრცე ცხოვრებისეული კავშირებისა და გამოცდილებების საშენებლად, რაც შემდგომში თაობებზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

ვიცი, რომ ყოველთვის დავრჩებით ჩვენი ბრენდის ღირებულებების ერთგულები და შევძლებთ, რომ გავაღრმაოთ საზოგადოების ჩართულობა, ბავშვებზე ზრუნვა და მათი სიყვარული და მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზეც შემოგთავაზოთ „თამაშობანა“.

მინდა, რომ ამ პროექტით ქართველ ბავშვებს გავუფერადოთ ყოველდღიურობა და შევთავაზოთ ალტერნატიული გართობისა და სწავლის გზა. ეს იქნება ადგილი, სადაც მათ ყოველთვის დაელოდებიან, სადაც ისინი ბევრ მეგობარს შეიძენენ, აღმოაჩენენ ახალ ინტერესებს, ბევრს იცინებენ და ითამაშებენ.

ამ ყველაფრის მიღწევას კი გამართული პროცესებით, უსაზღვრო ფანტაზიით, სწორი ღირებულებების მქონე გუნდის დახმარებით და თამაშ-თამაშით ვაპირებთ.

ასე რომ, შემოგვიერთდით თამაშში!

 

ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით – თიბისი დაზღვევა

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს AI-მ კინოინდუსტრიაზე