14
Dec
2018

ტატიანა გვენეტაძე – #პირველისამსახური

14 Dec 2018

ჩემს ბავშვობაში, ყოველი გაელვებული აზრი და ოცნება სამსახურის შესახებ ექიმობას უკავშირდებოდა, სულ მამას თეთრი პერანგები მეცვა და ექიმობანას ვთამაშობდი ხოლმე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე მორიგეობა. იქ საბოლოოდ მივხვდი, რომ ექიმი ვერ გავხდებოდი, თუმცა ჩემი სიყვარული მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართ ამით არ განელებულა. პირიქით, გაძლიერდა კიდეც. ამ ყველა ვნების მედიცინისა და ჯანდაცვის გაერთიანებად და პირველ სამსახურად კი იმ არასამთავრობო ორგანიზაციას მოვიაზრებ, რომელშიც შემდგომ მოვხვდი. ეს იყო ენერგიული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ექიმების გაერთიანება, რომლებთან ერთადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაერთი საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

mBank QR

 

თავიდან სტაჟიორი ვიყავი, ბროშურებს ვარიგებდი, გრანტებს ვეძებდით, უფასოდ ვსიჯნავდით მოსახლეობას. შემდგომ კომუნიკაციის მენეჯერი გავხდი. პარალელურად, საინტერესო ამბები ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევით კომპანიაში დავიწყე მუშაობა, უფრო მეტ ადამიანთნ მქონდა კომუნიკაცია, ბევრი ადამიანი კი სულ ახალ ახალი გამოცდილებაა, რაც თვითგანვითარების ყველაზე დიდი ხელშემწყობაა. როდესაც კომუნიკაცია და სოციალური აქტივობა ცხოვრების წესად მექცა, მივხვდი რომ ამ სფეროს ფუნდამენტური შესწავლა მჭირდებოდა, ამიტომ ჩავაბარე ჩემთვის საყვარელ ინსტიტუტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

შემდეგ იყო რამდენიმე კლინიკის, კურორტისა და რადიოს PR და მარკეტინგის სამსახური. თავი ჟურნალისტიკაშიც მოვსინჯე და ერთ-ერთი სამედიცინო რადიოგადაცემის ავტორი და წამყვანიც ვიყავი. სხვადასხვა და მომიჯნავე მიმართულებებს შესაბამისი უნარების გამომუშავება მოყვა და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი საქმე მედიცინის და ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების სწორად და გასაგებ ენაზე  ინფორმირება და საინტერესოდ მიწოდებული ამბებია. ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით კომუნიკაციას განსაკუთრებულად დიდი ყურადღება სჭირდება. ეს ის სფეროა, რომლის მიმართაც ყველა ადამიანი სენსიტიურია, სწორედ ამიტომ, მას არასტანდარული მარკეტინგული მიდგომა ჭირდება. აქ კონტენტის შექმნისას ბევრი ფიქრია საჭირო, სხვა პროდუქტს ყიდი და თან სხვადასხვა რაკურსით იაზრებ იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც თუნდაც შენი პოსტის მკითხველია.

ტატიანა გვენეტაძე „ვივო მედიქალ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის  და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

განხილვა