in

თათო ხოსროშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური, პირველი კურსის ბოლოს, 18 წლის ასაკში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო. სანამ ამ ამბავს მოვყვები, იმ არაოფიციალურ, ბავშვობისდროინდელ გამოცდილებებზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ბევრად ადრეულ ასაკში რომ იწყება და გვიმუშავებს პასუხისმგებლობას, გვასწავლის და გვაყალიბებს პიროვნებად, რომელიც მოგვიანებით, „დიდურ“ სამსახურში მუშაობს. ეს გამოცდილება ყველასთვის სხვადასხვაა, მაგალითად, მე სპორტს გამოვყოფდი, რომელიც ნამდვილად იყო ჩემი პირველი სამსახური. კვირაში 6 დღის მანძილზე, დილა-საღამოს, დღეში 4-5 საათი ვარჯიში და არანაირი დასვენების დღე. ამ პროცესში გიყალიბდება პასუხისგებლობა საკუთარი თავის, გუნდისა და მწვრთნელის წინაშე, სწავლობ დისციპლინას, მოგებასაც და წაგებასაც – ყველა იმ უნარ-ჩვევას თუ თვისებას, რომელიც ნებისმიერ სამსახურში გჭირდება სამომავლოდ. სწავლობ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, ყველაფერი გამოგდიოდეს, მაგრამ შესაბამის მომენტში დამარცხდე, აცნობიერებ, რომ მარცხის დროს არ უნდა გაჩერდე, რომ ერთი წაგება არაფერია და შემდეგ „ცდა(ებ)ზე“ წარმატებით დაასრულებ, რომ ასე ხშირად ხდება და ეჩვევი, რომ “that’s life”. ამის პარალელურად, სწავლობ, რა მაგარია, როცა შრომა გიფასდება, როგორი ემოციურია იმის მიღწევა, რისთვისაც იბრძოლე და ხვდები, რომ ამ შეგრძნებებისთვის კიდე ბევრს გააკეთებ. ჩემთვის ეს იყო პირველი სამსახური, არაოფიციალური, მაგრამ სამსახური, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროფესიონალის ფორმირებაში. 

„დიდური“ კარიერა, 18 წლის ასაკში დავიწყე და იმის მერე არ მახსენდება პერიოდი, როცა არ ვმუშაობდი. პირველი სამსახური, როგორც აღვნიშნე, იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. Summer Job-ის პროექტის ფარგლებში, შიდა საორგანიზაციო გუნდს ვეხმარებოდი სხვადასხვა ტექნიკურ საკითხში. პირველი დავალების ფარგლებში, 2000 ხელშეკრულება უნდა მომეთავსებინა ფაილებში. ამ დავალების შემდეგ, არასდროს არ მეშლება ფურცლის ფაილში მოთავსების წესი და თუ შემთხვევით ისე მომაწოდეს ფაილი, რომ არასწორედ არის მოთავსებული ავტომატურად ვასწორებ. სულ სამი თვის განმავლობაში გრძელედებოდა ეს პროექტი. თუკი თავიდან მხოლოდ ტექნიკურ დავალებებში ვეხმარებოდი, პროექტის ბოლოს ჩართული ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საკითხებში, ჩაბარებული მყავდა სტუნენტების გუნდი, რომელთა კოორდინერებას ვახდენდი. ამ სამსახურმა ძალიან დიდი თავდაჯერებულობა შემმატა – ჩემში პოტენციალი დაინახეს, რომელსაც შესაძლებლობაც მისცეს.

გასაუბრებასთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა. 2019 წელს, როდესაც „პორშეში“ მუშაობას ვიწყებდი, ბოლო გასაუბრება ჩვენი რეგიონის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისში გავიარე. მაშინ ისე დაემთხვა, რომ პირველი ქართველი ვიყავი, ვისაც ამ პროცესის გავლა მოუწევდა. მახსოვს, ქართულმა ოფისმა დამიდასტურა სამსახურის დაწყება და მითხრეს, რომ შემდეგი ეტაპი სათაო ოფისთან გასაუბრება იქნებოდა. ვიფიქრე, კარგი, ონლაინ გავივლი, რა უნდა იყოს? მიპასუხეს, რომ არა, პრაღაში უნდა წახვიდე და იქ გექნება გასაუბრება, ჩემი რეაქცია იყო “What”? ძალიან ვინერვიულე და ცოტა შევშინდი. პირველი იყო ასეთი გამოცდილება, არც საავტომობილო სფეროში მქონდა ნამუშევარი და თან საუბარი იყო „პორშეზე“, საავტომობილო სფეროში საოცნებო ბრენდზე. მახსოვს, როცა გასაუბრება დავასრულე, პირველი რაც ვთქვი იყო – „რაც არ უნდა მოიწერონ, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“. ეს იყო ყველაზე საინტერესო გასაუბრება რაც გამივლია, თანაც ასეთი ხანგრძლივობის – 9 საათიდან 5 სააათამდე. ის მოიცავდა ყველაფერს, პროფესიულსაც და ფსიქოლოგიურსაც, როდესაც დადებითი პასუხი გამოგზავნეს, თან 17-გვერდიანი დახასიათება დაურთეს ჩემ შესახებ.

თათო ხოსროშვილი – Porsche Center Tbilisi-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

მეცნიერებმა დედამიწაზე აღმოჩენილ მარსის ნიმუშებში რაღაც უცნაური შენიშნეს

რა სტანდარტების დაცვით იწარმოება ყველი საქართველოში? – კვლევის შედეგები