in

„უსმინეთ იმას, რაც თქვენს დღეს უკეთესს გახდის” – ტატო რუსია

სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ, ერთი რამ უნდა აღვნიშნო ჩვენი მკითხველისთვის – ზოგადად, ამ რუბრიკის ყველა სტატია ყოველთვის სხვადასხვა განწყობით იწერება. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, დადებითით, თუმცა ემოციურად ყველა განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის რესპონდენტი, რა მუსიკას აკეთებს და როდის, რომელ ემოციურ მდგომარეობაში ყოფნისას აღმოვაჩინეთ პირველად მისი სიმღერები. აღმოჩენაც ხომ რაღაც ერთი კონკრეტულით ხდება, ჯერ ერთ ტრეკს მოისმენ და თუ შთაბეჭდილება მოახდინა, მერე სხვებსაც ნახულობ. 

დარწმუნებული ვარ, Moku Moku-ს შემთხვევაში ეს სიტუაცია ბევრს გაახსენდება. სიმღერა, რომელიც პირველად მოვისმინე, იყო ცნობილი ჰიტი Hako Is Alive And She Is 59, ამას მოჰყვა ბენდის სხვა ნამუშევრები, ლაივები, ძირითადად, Open Air-ზე და ბენდის თითოეული წევრის გაცნობა. 

ტატო რუსია Moku Moku-ს ვოკალისტია და დიდი ხნის განმავლობაში მენეჯერიც თავად იყო. ეს ბენდი 2024 წლიდან არსებობს, თუმცა თავად ტატოს ურთიერთობა მუსიკასთან გაცილებით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საოჯახო კოლექციიდან დისკებს იღებდა და უსმენდა. ამ დროიდან გამორჩეულად იხსენებს შთაბეჭდილებებს, რომლებიც ელვის პრესლისა და ფრედი მერკურის მუსიკის მოსმენისას ეუფლებოდა. 

საკუთარი თავი მალე გამოიჭირა იმაში, რომ მოსმენილის წამღერებას თავადაც ცდილობდა და მუსიკა იმაზე მეტად აინტერესებდა, ვიდრე მხოლოდ მსმენელის როლში ყოფნაა. დანარჩენზე უკვე თავად ტატო მოგვიყვება და პირდაპირ მისი ინტერვიუ წავიკითხოთ:

ტატო რუსია:

ბავშვობიდან მახსოვს, მე და ჩემი ძმა ფლეილისტებს როგორ ვაკეთებდით და აუდიოკასეტაზე ვწერდით ხოლმე. 

მახსოვს ინსტრუმენტთან და მუსიკის შექმნასთან ჩემი პირველი დამოკიდებულებაც. დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ვცადე, რომ ფორტეპიანოზე დამეკრა და რაღაც ჩემი ამეწყო. მაშინ დაკვრაც არ ვიცოდი, თუმცა ჩემსას მაინც ვცდილობდი.

ცოტა უფრო სერიოზულად, პირველი სიმღერა დავწერე 16 წლის ასაკში. ამ პერიოდშივე მაჩუქეს გიტარა და აქტიურად ვიყავი დაკავებული პოეზიის შესწავლით. 2010-2011 წლებში დავიწყე ბენდებში დაკვრა და თავიდან, ძირითადად, Nu Metal ჟანრს ვუკრავდი. 

M: ტატო, როგორია თქვენი, როგორც მუსიკოსის შემოქმედებითი პროცესი?

შემოქმედებით პროცესთან ბავშვობიდან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან ამ დროიდანვე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ჯერ უნდა შეისწავლო ეს დისციპლინა და მერე შექმნა რაიმე ხელოვნების ნიმუში. მე, როგორც თვითნასწავლს გარკვეულ ეტაპზე და მერე კონსერვატორიის სტუდენტს, სულ ის განცდა მქონდა, რომ ბოლომდე უნდა ჩაუღრმავდე მუსიკას, ძალიან დიდი დრო უნდა დაახარჯო, რაღაცნაირად, მტკივნეული უნდა იყოს ეს პროცესი, ზოგჯერ რაღაცები ძალითაც უნდა გააკეთო…

თუმცა, როცა გავიზარდე და საავტორო მუსიკის კეთება დავიწყე, მივხვდი, რომ დაძალება ყველაზე არასწორი რამაა, რაც შეიძლება მუსიკოსმა გააკეთო. თუ სულ შეუტევ შენს თავს, სულ საკუთარი თავის უფროსი მენეჯერივით იქნები, ეს არაპროდუქტიულობისკენ მიგიყვანს. ყველაზე კარგი მუსიკა მაშინ გამოდის, როდესაც არტისტი გულწრფელია თავის თავთან. ჩემთვის კრეატიულობა ნაკლებადაა დაფუძნებული მატერიალიზმზე, მას ჩემთვის თვითთერაპიისა და თვითშემეცნების ფუნქცია აქვს ცხოვრებაში.

M: რა არის ხოლმე ის ემოცია ან გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ თქვენი სიმღერებით მიიტანოთ მსმენელამდე?

მუსიკა გაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებულად იმოქმედო. ზოგჯერ თემატიკა შეიძლება იყოს მოკლე ისტორიები, თავგადასავლები, იუმორიც – ერთი სიტყვით, მუსიკით შეგიძლია, კარგად გადმოსცე ამბავი. 

არის კიდევ ისეთი მომენტი, როცა საერთო პრობლემებზე ვსაუბრობ, როგორებიცაა ადამიანების ექსპლუატაცია, სასიყვარულო ურთიერთობები და ნებისმიერი რამ. აღსანიშნავია, რომ ყველა თემატიკას სტილიც შესაბამისი აქვს. შეგიძლია, ერთ თემაზე ორმოცდაათი სიმღერა დაწერო და ყველა განსხვავებული იყოს. მთავარია, აირჩიო ის, რომელიც შენს პერსონას ყველაზე მეტად უხდება.

M: როგორ ჩამოყალიბდა ძალიან პოპულარული ბენდი Moku Moku?

თავიდან ვიყავით დუო, მე და ჯეი ჯაფარიძე, რომელსაც ძალიან კარგი ვიზუალური ხედვა აქვს და არა მარტო მუსიკალურად, არამედ ჩვენი შემოქმედების ვიზუალიზაციაზეც ფიქრობდა.

მაშინ, როცა ვიწყებდით, ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო, ამიტომ ექსპერიმენტების, გავლენების არევითა და ძიების პროცესით დაიბადა ისეთი მუსიკა თბილისში, როგორიც მანამდე ხშირად არ კეთდებოდა. ჩვენი მთავარი ჟანრი იყო ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპი, რომელსაც ხშირად ეტყობოდა ინდასტრიალის გავლენა. ჩვენი მუსიკა ესთეტიკების ნარევი იყო გახდა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან იქმნებოდა, მას დღესაც აქტიურად უსმენენ. 

დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ უფრო გაზრდილია ჩვენი მუსიკა, უფრო ეტყობა ის, რომ მასზე ბევრია ნამუშევარი, ვიზუალური მხარეც დახვეწილია და მსმენელიც იღებს მას. 

M: მუსიკოსზე რამდენად ახდენს გავლენას მსმენელის უკუკავშირი, როგორია თქვენი გამოცდილება?

ეს დამოკიდებულია თვითონ ხელოვანზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ვალიდაცია, რაც უნებლიეთ შეიძლება თავად შემოქმედებაზეც აისახოს. არის ასეთი გამოთქმა, როდესაც არტისტს ეკითხებიან, რატომ დაიწყე მუსიკის კეთება და ის პასუხობს “Because girls like it”. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა კომენტარს კითხულობენ და არის კატეგორია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს უკუკავშირები. მისთვის მთავარია ის ემოცია, რასაც კონცერტებზე იღებს. 

საკუთარ თავზე რომ ვილაპარაკო, ვიცი, ვისთვის ვაკეთებ ამ მუსიკას, რადგან საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩემსავით პარასკევ საღამოს განსატვირთად გადიან გარეთ; ვიღაც ჩემი სკოლელია, ან მეგობარია და ა.შ. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც მხრივ ვიცნობ ჩემს მსმენელს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა კარგი უკუკავშირი, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როცა შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის ვალიდაცია. მე თუ ვიგრძენი, რომ ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო, სხვებიც იგრძნობენ.

M: წლების განმავლობაში როგორ იცვლება მუსიკოსი და მისი შემოქმედება?

იცვლება იმის მიხედვით, როგორც ვცხოვრობთ მუსიკოსები, ანუ დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა გარემოება და ცხოვრებისეული ეტაპები. იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკას უყვარს ორიგინალურობა, შენც ცდილობ, არ გააკეთო იგივე, რასაც 10-15 წლის წინ აკეთებდი. 

M: როგორია თქვენი შეხედულებით დღევანდელი მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში, რა მოგწონთ ან პირიქით, არ მოგწონთ მასში?

მუსიკა უნდა იყოს თავისუფალი და არ უყვარს „ჩარევები ზემოდან”. როდესაც მუსიკოსს ხელს უშლი პირადი შეხედულების, მისი ორიენტაციის, პოლიტიკური იდეოლოგიის ან სტატუსის გამო, ეს ხელს უშლის ინდუსტრიის განვითარებას. 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ მუსიკოსიც ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა, მასაც აქვს სოციალური, მენტალური პრობლემები და მისთვის მთავარია, ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ხელოვნურად შექმნილი ბარიერებით არ უნდა შეეშალოს ხელი თავისი საქმის კეთებაში.

M: ტატო, რაზე მუშაობთ ამჟამად და რას უნდა ელოდოს თქვენგან მსმენელი უახლოეს მომავალში?

ამჟამად ვემზადებით ტურისთვის, რომელიც ევროპის სამ ქალაქში გვაქვს დაგეგმილი. ვიწყებთ პოლონეთით და შემდეგ სიახლეებს გზადაგზა შემოგთავაზებთ. ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომელიც ამ ტურში გვინდა, გავაკეთოთ, ხოლო, როცა დავბრუნდებით, ისევ გავაგრძელებთ მუშაობას სიმღერებსა და კლიპებზე, ანუ იმაზე, რასაც Moku Moku სულ აკეთებდა.

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

მე ვარ ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს განსხვავებულ მუსიკას უსმენს. ჩემთვის არსებობს პროფესიული მუსიკის მოსმენა, რომელიც მეხმარება მუშაობაში და არის კიდევ საყოფაცხოვრებო მუსიკა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ყოველდღე მოუსმენ. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ რამე კონკრეტული დავტოვო, მკითხველს ვურჩევდი, რომ არ მოუსმინონ მუსიკას იმის გამო, რომ ვიღაცას მოსწონს, არამედ თავად ეძიოს, იპოვოს თავისი კომფორტის მუსიკა, რომელიც მე პირადად ძალიან სხვადასხვანაირი მაქვს – ერთ დროს ის შეიძლება იყოს ძალიან ლაღი და მსუბუქი, ხოლო სხვა დროს ყველაზე მძიმე მეტალი, რაც დაწერილა დედამიწის ზურგზე.

მუსიკის მოსმენა ნიშნავს საკუთარი ემოციების გათვალისწინებას. უსმინეთ იმას, რაც თქვენს დღეს უკეთესს გახდის!

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„სიყვარულმა გაჩერება არ იცის“ – საქართველოს ბანკის ანიმაციური ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გმირიც, ერთგული მეგობარი კუპატაა

დაიბრუნე მეტი ქულა – სილქ ბანკმა ლოიალობის პროგრამა ჩაუშვა