გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF, ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ, ახალი 60 წამიანი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ფეხბურთელი და კეთილი ნების ელჩი დევიდ ბექჰემი იღებს.
მაშინ, როდესაც ადამიანები თავიანთი ნებით იკეთებენ ტატუირებას მთელ სხეულზე, მილიონობით ბავშვი ამ ნიშნებს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ატარებს. ძალადობა, რომელიც მათზე რეგულარულად სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, ყოველთვის ტოვებს თავის კვალს, თან ისეთს, რომელიც ტკვილის დავიწყების საშუალებას ცხოვრების ბოლომდე არ აძლევს მის მფლობელს.
ბექჰემს მთელ სხეულზე ათეულობით ტატუ აქვს. თითოეული მათგანი მისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო და საყვარელ მოვლენებს განასახიერებს. თუმცა, კამპანიისთვის მათ სრულიად სხვა დატვირთვა მიიღეს. გრაფიკული დიზაინის საშუალებით, რომელიც კომპანია BlindPig–მა შექმნა, ბექჰემის ტატუები გაცოცხლდნენ და ბავშვებზე ძალადობის ყველა არსებული ფორმა გადმოგვცეს. მოძრავი ნახატები საკმაოდ რეალურად აღწერდნენ იმ შემზარავ ფაქტებს, რომლებზეც საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ხუჭავს.
UNICEF-ის კამპანია მხოლოდ ამ ერთი ვიდეორგოლით არ შემოიფარგლება, ორგანიზაცია მის გაგრძელებას გეგმავს და საერთო ჯამში 60 ასეთი რგოლის შექმნას აპირებს.












