in

როგორ შევქმნათ „ტატუს ღირსი“ ბრენდი?!

არსებობს თუ არა იმაზე ძლიერი და ხანგრძლივი კავშირი ბრენდსა და მომხმარებლებს შორის, როგორსაც ტატუ გამოხატავს?! მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს, იქნება ეს Nike, Harley-Davidson, Apple, Coca-Cola თუ სხვა, ლოიალურ მომხმარებელთა უზარმაზარი გუნდი ჰყავს, რომლებიც იმდენად სიღრმისეულად არიან ბრენდთან დაკავშირებულნი, რომ ამას საბოლოოდ ტატუს სახით გამოხატავენ.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს არაფრით განსხვავდება სხეულზე შეყვარებულის სახელის დაწერისგან, მაგრამ სავარაუდოდ, ცდებით, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი იშორებს ბრენდის ტატუს, რასაც ვერ ვიტყოდით პარტნიორებზე… სეთ გოდინიც გვეუბნება, რომ ჩვენი გადასაწყვეტია, ვიქნებით თუ არა ტატუს ღირსი… და როგორ უნდა გავხდეთ ასეთი მაგრები?

შექმენით მომხმარებელთა გუნდი, რომლებისთვისაც თქვენი ბრენდი ცხოვრების წესს ასახავს

Harley-Davidson-ის დაახლოებით 200 000 ტატუ არსებობს მსოფლიოში და სუზუკის რამდენი ტატუ გინახავთ? ეს კი იმიტომ, რომ Harley-Davidson მჭიდრო საზოგადოებას ქმნის ონლაინ პლატფორმებით, ღონისძიებებითა და სხვა საშუალებებით. ამ საზოგადოებაში მოხვედრის ბილეთი კი Harley-Davidson-ის მოტოციკლის ყოლაა. როგორც საზოგადოების წევრები აღნიშნავენ, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთანაც Harley-Davidson-ის სიყვარული აერთიანებთ, ახალი მეგობრის შეძენას ჰგავს… 

საიდანაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გწამდეთ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ Harley-Davidson-ს ატარებთ, — აცხადებს ჯოქენ ზიტზი, Harley-Davidson-ის CEO. 

დაამყარეთ ძლიერი და მდგრადი ემოციური კავშირები თქვენს მომხმარებლებთან

ტატუს ღირს ბრენდებს ერთი რამ აქვთ საერთო — ძლიერი ემოციური კავშირები, რომლებსაც თავიანთ აუდიტორიასთან ემოციების, გრძნობებისა და გამოცდილებების გაზიარებით აღწევენ. Coca-Cola იშვიათად თუ ლაპარაკობს Coca-Cola-ზე, უფრო მეტ ძალისხმევას იმისთვის ხარჯავენ, რომ ბედნიერების, ნოსტალგიისა და ერთიანობის გრძნობებს შეეხონ. Nike-მა კი Just Do It-ის სლოგანი გლობალურ მანტრად აქცია, რომელიც საზღვრების გარღვევის ბრენდისეულ ეთოსს გადმოსცემს. 

ხოლო მომხმარებლები Apple-ის პროდუქტებს იმიტომ ყიდულობენ, რომ ისინი მას კრეატიულობასა და ინოვაციურობას უკავშირებენ. 1984 წლის რეკლამიდან დაწყებული იმ მომენტამდე, როცა ახალ iPhone-ს ხსნით, ეზიარებით გამოცდილებას, რომელიც გამაოგნებელი და განსაკუთრებულია. Apple-ის სიმარტივე, დეტალებზე ორიენტირებულობა, ინდუსტრიის წამყვანი შესაძლებლობები ქმნის ინტერესის შეგრძნებას, თუ რა იქნება მომავალში. ეს ემოციური კავშირი აძლიერებს ლოიალობას, რაც ტექნოლოგიების რეალობას სცდება და პირადი გამოხატვის საგანი ხდება. იმ დონემდეც კი, რომ თუ თავს კრეატიულად მიიჩნევთ და ეფლს არ იყენებთ, ცოტა უცნაურია… 

ის მომხმარებლები კი, რომლებიც ბრენდების ლოგოების ტატუირებას მიმართავენ საკუთარ სხეულზე, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავიანთი შესაბამისობა გამოხატონ იმ ემოციურ რეზონანსთან, რომელსაც ბრენდები მათში აღვიძებენ.

მოჰყევით ამბები, რომლებიც თქვენს მომხმარებლებს გმირებად წარმოაჩენს

ის, რაც Nike-ს სხვებისგან განასხვავებს, სთორითელინგია, რომელიც აღძრავს ძლიერ ემოციებსა და შეგრძნებას, რომ გხედავენ. ნაიკის ამბები ხშირად ეძღვნება სპორტსმენებს, რომლებმაც მიუხედავად რთული პერიოდებისა მაინც მიაღწიეს წარმატებას. მსგავსი ნარატივით კი გადმოგვცემს მესიჯს, რომ ყველას შეუძლია საკუთარი ამბის გმირად იქცეს — ნაიკი აქ ბრენდია, რომელსაც ესმის ჩვენი და გვეხმარება გმირად ქცევაში.

რაც შეეხება Apple-ის საიდუმლო ინგრედიენტს, იგი ამბების მეშვეობით თქვენი წარმოსახვის შთაგონება ხდება. ისინი ქმნიან ნარატივებს, რათა უფრო მეტი ვიოცნებოთ და უფრო დიდ რაღაცებზე ვიფიქროთ. მას არ სურს, რომ უბრალოდ გაჯეტები მოგყიდოთ, არამედ აქვს სურვილი, თქვენი ოცნების მიღწევაში დაგეხმაროთ. მომხმარებლები კი ასე თავიანთ პოტენციალში რწმუნდებიან და Apple-ის პროდუქტებს თავიანთი პერსონალური წარმატების კატალიზატორად მიიჩნევენ. 

დაბოლოს, ბრენდები, რომლებიც ტატუს ღირსნი ხდებიან, წარუშლელ კვალს ტოვებენ არამარტო გლობალურ ბაზარზე, არამედ თავიანთი ერთგული მომხმარებლების სხეულებზეც. ისინი ღრმა ემოციურ კავშირებს აყალიბებენ, ქმნიან საზოგადოებებს საერთო ცხოვრების წესით და მხარს უჭერენ მომხმარებლებს მოგზაურობაში, რომლის გმირებიც თავადვე არიან. ამგვარად, შემდეგ ჯერზე, როცა Harley-Davidson-ის ხმას გაიგებთ, დალევთ კოლას, გამოიყენებთ ეფლის მოწყობილობას ან ჩაიცვამთ ნაიკს, გახსოვდეთ, რომ ამ ბრენდებმა დიდი გავლენა კომერციული სამყაროს გარღვევით მოახერხეს, რათა თავიანთი მომხმარებლების იდენტობის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყვნენ. 

3D ტექნოლოგიას სახლების ასაშენებლად იყენებენ

რას უნდა ელოდნენ მარკეტერები Google-ის სარეკლამო AI ფუნქციებისგან?