სასტუმრო „ტელეგრაფში“იხსნება ჯაზ-კლუბი Tatuza Jazz Club, რომელიც თათუზას, ლეგენდარულ ჯაზ-მუსიკოსს, თამაზ ყურაშვილს ეძღვნება.
თამაზ ყურაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული ჯაზის ისტორიაში. უნიკალურმა შემსრულებელმა, პედაგოგმა და მენტორმა საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ათეულობით ჯაზ-მუსიკოსის შემოქმედებითი გზა განსაზღვრა. თათუზას ოცნება, რომ საქართველოში მსოფლიო სტანდარტის ჯაზ-კლუბი გვქონოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ახდა. რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო ტელეგრაფში, 15 სექტმებრიდან თათუზა ჯაზ-კლუბი კარებს გახსნის ჯაზის ქართველი მოყვარულებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის.

„ქართული ჯაზი წარმოუდგენელია თათუზას გარეშე. ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი და ჩვენ ბევრი წლის წინ შევთანხმდით, რომ თბილისში გაიხსნებოდა მისი სახელობის ჯაზ-კლუბი და რომ თათუზა იქნებოდა მასპინძელი. სამწუხაროდ, თათუზა გახსნის დღეს ვერ მოესწრო, თუმცა მისი ოცნება ასრულდება და თბილისში იქნება უმაღლესი დონის ჯაზ-კლუბი, რომელიც მსოფლიოს წამყვან სცენებს არაფრით ჩამოუვარდება და უმასპინძლებს მსოფლიო კლასის არტისტებს“ – გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

თათუზა ჯაზ-კლუბის განვითარებაში და პროგრამის შედგენაში აქტიურად ჩაერთვება ცნობილი ამერიკელი აგენტი ჯოელ ქრისი, ჰემფტონის ჯაზ-ფესტივალის თანადამფუძნებელი, რომელსაც მსოფლიოს ჯაზის სცენაზე ხანგრძლივი და წარმატებუული კარიერა აქვს. ჯაზ-კლუბის პარტნიორები იქნებიან საქართველოში ჯაზ-ფესტივალის მუდმივი ორგანიზატორი, კომპანია ისთერნ პრომოუშენ, და ახალგაზრდა პრომოუტერი ლაშა გოჩიაშვილი, რომელიც კლუბის პროგრამის ქართულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ჯაზ-კლუბის განსაკუთრებული აკუსტიკა შექმნა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა ქსავიე ფაბრმა იშვიათი სპეციფიური მასალებისს გამოყენებით. ინტერიერის დიზაინი ქართველ დიზაინერს ქეთუნა ყრუაშვილს ეკუთვნის. ჯაზ- კლუბის ტექნიკური და აკუსტიკური აღჭურვილობა უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. აუდიო სისტემაზე იმუშავეს მსოფლიო ლიდერებმა L-Acoustics და Meyer Sound (აშშ), განათებისა და მულტიმედიური ინფრასტრუქტურა კი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. პროექტი ხორციელდება Silk Development-ის და Silk Hospitality-ს ჩართულობით.
თათუზა ჯაზ-კლუბში პირველი კონცერტი ქართულ ჯაზსა და თათუზას მემკვიდრეობას ეძღვნება. 15 სექტემბერს სცენაზე იქნებიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები:
ბასისტი სტენლი კლარკი, დრამერი დენის ჩემბერსი და ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.
კლუბი 16 სექტემბრიდან მიიღებს სტუმრებს და მრავალფეროვან პროგრამას და მაღალი ხარისხის შემსრულებლებს წარუდგენს ჯაზის მოყვარულებს. უკვე ცნობილია პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისში სექტემბრის ბოლომდე ჩამოვლენ ცნობილი უცხოელი არტისტები. ჯაზ-კლუბი ასევე რეგულარულად დაუთმობს სცენას house band-ებისა და ქართველი არტისტების კონცერტებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
[R]


















