in

ახალი “თავადური” და ერთ სივრცეში მოქცეული ოთხი კონცეფცია

რესტორანი თავადური ახალი სახით წარსდგა ჩვენს წინაშე, ერთ სივრცეში ოთხი განსხვავებული კონცეფცია მოექცა, მარკეტერი თავადურის  თანადამფუძნებელს – ეკა ჯალაღონიას ესაუბრა:

საიდან გაჩნდა სახელი “თავადური”? ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ რესტორანი “პრემიუმ” სეგმენტზეა გათვლილი? 

თავადური-ლოგოსახელი მას შემდეგ დაერქვა რესტორანს , რაც შენობის მშენებლობა დასრულდა. თავად შენობის კონცეფცია იყო შექმნილი მეთვრამეტე – მეცხრამეტე საუკუნის თავადების სახლების საფუძველზე. ჩვენი მთავარი მიზანი 12 წლის წინაც და დღესაც არის ის, რომ რესტორანში მოსულ სტუმარს შევუქმნათ თავადური კომფორტი. ჩვენი სამიზნე აუდიტორია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან.

როდის და რატომ გაჩნდა “თავადურის” განახლების იდეა?

ახალი თავადური 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა. მანამდე აქ დღევანდელისგან აბსოლუტურად  განსხვავებული კონცეფციით ვმუშაობდით. გვქონდა ერთი დარბაზი, სამზარეულო ოყო ქართული ტრადიციული. რესტორანი მეტწილად ქორწილების და ბანკეტების მიმართულებით მუშაობდა. ჩვენ, მფლობელებიც ნაკლებად ვიყავით ჩართულნი პროცესებში. რესტორანის მმართველობა ერთ-ერთ მენეჯმენტ კომპანიას ჰქონდა ჩაბარებული. დეკემბრიდან ჩვენ, ანუ დამფუძნებელთა გუნდი ვართ მენეჯმენტში, სრულად განვაახლეთ შენობა, პრაქტიკულად ახლიდან ავაშენეთ იგი. რესტორანში დღეს სამი სხვადასხვა კონცეფციის დარბაზი მუშაობს – მარანი, ევროპული და ქართული ტრადიციული.  მალე გაიხსნება ტერასა მეოთხე სართულზე.

tavaduri1

tavaduri2

tavaduri3

იდეა წამოვიდა იმ წრიდან, რომელიც ჩვენს რესტორანში დადიოდა. ცხადია, ჩვენ ვაკვირდებოდით სიტუაციას, ვაწარმოებდით ჩვენი სტუმრების გამოკითხვებს და მივხვდით, რომ ბიზნესის ამ გზით განვითარება ხელსაყრელი იყო როგორც ჩვენთვის ასევე კომფორტული იქნებოდა ჩვენი სტუმრებისთვისაც. რეალურად ჩვენს სტუმრებს შევუქმენით გარემო, სადაც ისინი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობენ თავს. განწყობის მიხედვით შეარჩევენ დარბაზს, რისთვისაც მისამართების ცვლა არ დასჭირდებათ. ერთ მისამართზე ოთხი სივრცე, ოთხი სხვადასხვა სამზარეულო, და ამასთან ერთად უცვლელი უმაღლესი ხარისხი.

გარდა რესტორნის კონცეფციისა რა შეიცვალა? 

ლოგო და სახელი არ შეცვლილა. თუმცა, სრულიად შეიცვალა რესტორნის კონცეფცია. დღეს ერთი დარბაზის ნაცვლად სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დარბაზი გვაქვს. პირველ თავადური-თონესართულზე მარანია, სადაც ტიპიურ, მარნისთვის შესაფერის კერძებს ვთავაზობთ სტუმრებს, უცხოელ სტუმრებს კი აქვთ საშუალება ჩვენს მზარეულთან ერთად   შეწვან მწვადი, თონეში ჩააკრან პურები, ჩვენს ქვევრებს მოხადონ თავი და ჭინჭილით ამოღებული ღვინო მიირთვან. ამ, ასე ვთქვათ, ეგზოტიკისთვის უცხოელები რეგიონებში გადიან – კახეთში, მცხეთაში, დასავლეთის რეგიონებში. ჩვენ კი აქ თბილისის ცენტრში ვთავაზობთ მათ ამ სერვისს. მეორე სართულზე „თავადურის“ ევოპული დარბაზია, სადაც სტუმარს თავისუფლად შეუძლია დაგეგმოს როგორც ბიზნეს ლანჩი, ასევე,  ოჯახური სადილი. საღამოს აქ მოდიან ადამიანები პარტნიორებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. მსუბუქი ჯაზი, სოული, ვისკი, სიგარა, ევროპული სამზარეულო, კომფორტული გარემო, ყურადღებიანი პერსონალი და რაც მთავარია ჩვენი სახელოვანი მზარეული – ეს ყველაფერი ჩვენს ევროპულ დარბაზში ხდება. მესამე სართულზე კი „თავადურის“ თავადური დარბაზია – ტრადიციული ქართული კერძებით, მუსიკით, ცეცხლოვანი ცეკვებით. დარბაზი იძლევა საშუალებას დაიგეგმოს ნებისმიერი ღონისძიება – ქორწილი, ნათლობა, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, ბანკეტი.

თბილისში რესტორნების უმეტესობა ერთი კონკრეტული კონცეფციით მუშაობს, მაგ: ქართული, ევროპული, აზიური და ა.შ თავადური მონო კონცეფციიდან გარდაიქმნა 3 დონიან კონცეფციად, გაქვთ მარანი, ევროპული, ქართული დარბაზები. მუშაობთ მეოთხე კონცეფციაზე – „თავადურის“ ტერასაზე. რატომ გადაწყვიტეთ ოთხივე კონცეფციის ერთ დიდ სივრცეში მოქცევა?

ჩვენ ასე დავგეგმეთ შენობა და ბიზნესი, რადგან სწორედ ეს ამოცანა იდგა ჩვენს წინაშე. როცა სტუმარი მოდის მაგალითად მარანში ან თავდურ დარბაზში, გარკვული პერიოდის შემდეგ მას ან მშვიდი ჯაზის მოსმენის და ვისკის მოწრუპვის სურვილი უჩნდება, ან ტერასაზე ჩილიმის და კოქტეილების დაგემოვნების. ანუ სტუმარს სურს გარემოს გამოცვლა და სხვაგან გადანაცვლება. სწორედ ეს სურვილი იყო ჩვენი ბიძგი, გაგვეკეთებინა სხვა სივრცეები შენობაში, რათა სტუმრისთვის მიგვეცა საშუალება მხოლოდ ერთი სართულით გადანაცვლებით მოხვედრილიყო იმ გარემოში, რომელიც მას სურდა.

რა სურს მომხმარებელს და რის მიხედვით ირჩევენ ისინი დღეს ამა თუ იმ რესტორანს? 

როგორც ვახსენე არაერთი კვლევა ჩავატარეთ. ცხადია ეს სეგმენტიც გამოვიკვლიეთ და ნომერ პირველ ადგილზე ისევ და ისევ კერძები და მათი ხარისხია, შემდეგ გარემო, ინტერიერი, ადგილდებარეობა, საზოგადოება რომელიც ამათუიმ ობიექტზე იკრიბება. სხვათაშორის ფასი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ასეთ კვლევებში. ჩვენთან ამ ყველაფრის სინთეზია. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კერძების ხარისხს, პრინციპში ამის გარანტი ჩვენი შეფ მზარეული ფრიდონია. იგი საუკეთესო მზარეულია ქალაქში.

Facebook-გვერდიდან ჩანს რომ საკმაოდ ხშირად გაქვთ სხვადასხვა სახის შოუ პროგრამები, ცეკვები, სიმღერები. ესეც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე კეთდება? 

დიახ. სპეციალურად ვარჩევთ ისეთ პროგრამას, მომღერალს, მოცეკვავეს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.

როგორც ვიცი თქვენ უნიკალური აპარატურა გაქვთ დარბაზში. რატომ გაწიეთ ასეთი დიდი ხარჯი ამ მიმართულებით ?

დიახ, ამით ჩვენ ვამაყობთ. როცა ხარისხი ამოსავალი წერტილია, მაშინ პროდუქტის შემადგენელი ყველა დეტალი ხარისხიანი უნდა იყოს.  ჩვენს თავადურ დარბაზში უნიკალური ხმის აპარატურა გვაქვს, ასევე განათების სისტემაც ძალიან ძლიერია. ამ მახასიათებლების გამო ჩვენი დარბაზი ძალიან მოსწონთ თავად მომღერლებს. დარბაზში განთავსებული აუდიო სისტემა კი აძლევს ჩვენს სტუმრებს იმის საშუალებას, რომ მუსაიფის დროს მუსიკამ მათი ხმა არ გადაფაროს.

რას მიიჩნევთ თავადურის კონკურენტულ უპირატესობად? რითია ის გამორჩეული? 

ჯანაღონია-თავადურიპირველ რიგში ის, რომ მულტიფუნქციურია. ერთ სივრცეში სამი დარბაზია. ახლა ვმუშაობთ ტერასის პროექტზე, როემელიც ივნისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ ნამდვილი სამოთხე დახვდება მოსულ სტუმარებს,  ხედებზე აღარაფერს ვამბობ, საოცარი ხედი იშლება ჩვენი ტერასიდან ერთის მხრივ მტკვრის მხარეს, მეორეს მხრივ კი მუშტაიდის. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ წვიმიან ამინდშიც ფუნქციური იყოს ტერასა. ტენტი დაიცავს ჩვენს სტუმრებს დასველებისგან. ასე, რომ დარშიც და ავდარშიც ჩვენ ვიმუშავებთ და მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით ჩვენს მომხმარებელს. მინდა ხაზი გავუსვა სერვისის თემასაც. ჩვენ მუდმივად ვატარებთ მომსახურე პერსონალის ტრეინინგს. აი ახლაც, მიმდინარეობს რესტორნის თანამშრომლებისთვის ტრეინინგი სერვის პლიუსში. ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ ამ მიმართულებას და ჩვენი სურვილია N1 ვიყოთ მომსახურების სფეროში.

ერთი წინადადებით რომ ვთქვა ის, თუ რა განგვასხვავებს სხვა რესტორნებისგან ისაა, რომ აქ ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ნამდვილი თავადივით იგრძნოს თავი. იმისათვის, რომ გაატაროს დრო თავადურად. მთავარია გვეწვიოს, დანარჩენზე უკვე ჩვენ ვიზრუნებთ.

მაშინ როცა რესტორნების უმეტესობას საერთოდ არ აქვს ვებგვერდი თქვენ საკმაოდ დიდი რესურსია გაქვთ დახარჯული თავადურის ვებგვერდისათვის, და აქტიურად ხართ Facebook-ზეც.. რამდენად საიტნერესოა თქვენთვის ეს მიმართულება?

ჩვენ ყველგან ვართ სადაც ჩვენი მომხმარებელია. ციფრულ ერაში, სადაც უკვე ყველაფერი დიჯიტალურია, სადაც ადამიანი დროის დეფიციტს განიცდის მუდამ, ჩვენ გადავედით იმ არხების გამოყენებაზე, რომელიც უფრო ახლოსაა მომხმარებელთან. ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი ჩვენი ამ მიმართულებით აქტიურობა.

რას გვეტყოდით თქვენს სამომავლო გეგმებზე? 

ტერასა გაიხსნება სულ მალე, ივნისის შუა რიცხვებში. სამზარეულოს აქაც ევროპული მიმართულება ექნება. ჩვენი ბარმენი საოცარი კოქტეილებით გაუმასპინძლდება მომხმარებელს, იქნება ცოცხალი მუსიკა და მაღალი დონის სერვისი. გვაქვს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელიც სულ ახლახანს ჩაეშვა, ეს არის ოფისებში კვების პროექტი და ასევე, სახლებში მომსახურება. ჩვენ გვაქვს რესურსი რესტორანი მივიტანოთ სახლში. ანუ ჩვენი მზარეული და მომსახურე პერსონალი, სურვილის შემთხვევაში, ეწვევა დამკვეთს სახლში და საკუთარ სამზარეულოში გაუკეთებს სასურველ კერძებს. მიგვაქვს ჩვენი ჭურჭელი, მიგვყავს დამლაგებლები, მომსახურე პერსონალი კი ემსახურება სუფრას. „გაატარე დრო სახლში თავადურად“ – ესაა სახლში სერვისის კონცეფცია.

“სექსი” ბავშვთა უფლებების დასაცავად!

ინტერაქტიული პოსტერი, რომელიც უფასოდ დაგიტენით მობილურს და მოგიწოდებთ სისხლის დონორობაზე