ირლანდიული ლუდი OLD IRISH–ის ქართული რეკლამა, რომელიც ერთ–ერთი საამაყო ნამუშევარია და რომელმაც კანის ფესტივალის ბრინჯაოს ლომიც დაიმსახურა, სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, როგორც ჩანს, სამხრეთ კორეის საერთაშორისო აეროპორტის შთაგონების წყაროც გახდა. ასეა თუ ისე, აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი კამპანია და ექსპერიმენტი იდეითა და განხორციელებით საკმაოდ წააგავს Leavingstone–ის შედევრს.
აეროპორტი ყოველთვის ის ადგილია, საიდანაც დიდი მოგზაურობები, თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები და დაუვიწყარი ემოციები იწყება, მაგრამ სანამ ავფრინდებით გარკვეული დროით საჭიროა ხოლმე ლოდინი, რაც არცთუ ისე სასიამოვნოა. იმისთვის, რომ მგზავრებმა მოწყენილობა და დაღლილობა არ იგრძნონ, აეროპორტმა მათ არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყო. შეიქმნა სტენდი, სადაც მომლოდინე მგზავრებს ოკულუსის დახმარებით ვირტუალურად შეეძლოთ დაეთვალიერებინათ სამხრეთ კორეა, შეეხედათ ადგილობრივ სამზარეულოში და მზარეულის დახმარებით გაცნობოდნენ ტრადიციულ კერძებს, ან საკუთარი თვალით ეხილათ ცნობილი საბრძოლო ილეთები. ეს ყველაფერი ვირტუალურ სათვალეში ჩანდა, მაგრამ მთავარი მოულოდნელობა, მოხალისეებს სათვალის მიღმა ელოდათ.
კულტურა, ტრადიციები, ძველი სამოსი, კერძები, საბრძოლო ილეთები… – Incheon-ის აეროპორტმა ყველაფერი გააცოცხლა და ადგილზევე რეალობად აქცია მგზავრებისთვის, რომლებსაც სამხრეთ კორეის აღმოჩენის მთელი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელოდათ და უკვე საკმაოდ დაინტერესებულებიც იყვნენ არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის წყალობით.