in

თავის და ზურგის ტვინის იმპლანტების მეშვეობით, პარალიზებულმა კაცმა სიარული ისევ შეძლო!

აქ „ციფრულ ხიდზე“ მოგიყვებით…

ბუნებრივია, ამ ამბავს ტექნოლოგიებს უნდა ვუმადლოდეთ… ყველაფერი კი 12 წლის წინ დაიწყო, როცა გერტ-ჯენ ოსკამი, უკვე 40 წლის პარალიზებული კაცი, ველოსიპედით გადაადგილების დროს ავარიაში მოჰყვა. კისრის მოტეხვის გამო კი უთხრეს, რომ ვეღარასდროს შეძლებდა სიარულს. თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ ექიმები მოწყობილობას დაუმაგრებდნენ, რომელმაც ფეხზე დგომისა და გავლის საშუალება მისცა — იგი ტვინის ტალღებს კითხულობს და ინსტრუქციებს ხერხემალზე გზავნის, რათა კუნთები ამოძრაოს.

რამდენიმე თვის წინ, 12 წლის შემდეგ პირველად, მე შევძელი ფეხზე დავმდგარიყავი და ლუდი დამელია მეგობრებთან ერთად, ეს საოცრად კარგი იყო, მინდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო, — ამბობს ოსკამი.

ციფრული ხიდი შვეიცარიის ნეირომეცნიერთა გუნდის უახლესი მიღწევაა, რომელსაც გრძელვადიანი პროგრამა აქვს და შეუძლია, პარალიზებას გაუმკლავდეს. პროექტი მიზნად ისახავს უკაბელო სიგნალების გამოყენებას, რათა ხელახლა დაუკავშირდეს ტვინი იმ კუნთებს, რომლებიც ზურგის ტვინის დაზიანების შემდგომ გამოუსადეგარი ხდება. 

წინა მცდელობის დროს სიგნალები კომპიუტერიდან ზურგის ტვინში იგზავნებოდა. მართალია, ასე ოსკამმა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო, მაგრამ რობოტის მოძრაობებს უფრო ჰგავდა. ამჯერად კი ელექტროდები მეცნიერებმა ოსკამის ტვინზე დააინსტალირეს, რომელიც ნერვულ აქტივობას ადგენდა მაშინ, როცა იგი ფეხების გადაადგილებას ცდილობდა. მიღებულ შედეგს ალგორითმი ამუშავებს, რომელიც მათ იმპულსებად აქცევს, ეს იმპულსები კი ხერხემლის ელექტროდებზე იგზავნება. პულსი ხერხემლის ნერვს ააქტიურებს და კუნთებს მოძრაობისკენ უბიძგებს.

ჩვენ შევძელით, ხელახლა დაგვემყარებინა ურთიერთობა ტვინსა და ზურგის ტვინის იმ რეგიონს შორის, რომელიც ფეხების მოძრაობას ციფრული ხიდით აკონტროლებს. ოსკამის აზრების დაფიქსირებითა და მათი გადათარგმნით ზურგის ტვინის სტიმულაციისთვის ფეხების ნებაყოფლობითი მოძრაობა მივიღეთ, — განმარტავს გრეგუარ კორტაინი, პროფესორი. 

მართალია, მოწყობილობა სწრაფ და მარტივ ნაბიჯებს არ გვთავაზობს, მაგრამ როგორც ოსკამი ამბობს, ეს წინა მცდელობებზე მეტად ბუნებრივ შედეგს უზრუნველყოფს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქმედებები სწორედ მისი ფიქრების საშუალებით კონტროლდებოდა. სიგნალები ასტიმულირებდა კუნთებს, რომლებიც საჭიროა ბარძაყის, მუხლებისა და ტერფის მოსახრელად.

მეტიც, როგორც ჩანს, კონკრეტული მოწყობილობა რეაბილიტაციის პროცესსაც დიდად უწყობს ხელს — იმპლანტით 40-ზე მეტი ტრენინგის შემდეგ, ოსკამმა ფეხებზე გარკვეული კონტროლი დაიბრუნა მაშინაც კი, როცა მოწყობილობა გამორთული იყო. გამოდის, ტვინისა და ხერხემლის ხელახალი დაკავშირება ხელს უწყობს სპინალური ნერვის რეგენერაციას. 

დაბოლოს, იმის გამო, რომ ოსკამმა პროგრესი ავარიიდან 12 წლის შემდეგ აჩვენა, გუნდი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომელთა ტრავმიდან დიდი დრო არ გასულა, უკეთეს შედეგებს მიაღწევენ…

ნოსტალგიაზე აგებული სცენარი და McDonald’s-ის უახლესი რეკლამა

INCOMPASS 2023: შექმენი ისტორია — „ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა იწყება