ყველაფერი 1960-იან წლებში დაიწყო, როცა ბრიტანელ ინჟინერს დააინტერესა, შეძლებდა თუ არა ეგვიპტის პირამიდებში ჩახედვას სხივების გამოყენებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეძლებდა თუ არა ყუთში ჩახედვას, მისი გახსნის გარეშე… ამასობაში კი მიხვდა, რომ X-სხივების მეშვეობით შეუიარაღებელი თვალით უხილავი რაღაცების დანახვა შეეძლო და ასე მივედით თავის ტვინის პირველ სკანირებამდეც.
ამ ამბავში კი მთავარი გმირი გოდფრი ჰაუნსფილდია. თუმცა მას კიდევ უფრო საინტერესოდ Beatles აქცევს, რომელმაც იდეის ფინანსური დაფინანსება უზრუნველყო, თუმცა პირდაპირი გაგებით არა. სანამ ამ საკითხს შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ გოდფრი კარგი მოსწავლე საერთოდ არ ყოფილა, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებშიც სცადა ბედი, თუმცა არც ჯარისკაცობით დაიკვეხნიდა… ომის შემდეგ კი უფროსების რჩევა გაითვალისწინა და ინჟინერის დიპლომი აიღო.
შემდგომ ჰაუნსფილდი პრაქტიკებს EMI-ში (Electric and Musical Industries) გადიოდა, კომპანიაში, რომელიც მუსიკისა და ელექტრო ინჟინერიის ინდუსტრიაში იყო ჩართული. ყველაფერი რომ თავის ადგილზე დადგეს, გეტყვით, რომ ამ კომპანიამ ყველაზე მეტად Beatles-ის ალბომების გაყიდვით გაითქვა სახელი. ზუსტად Beatles დაეხმარა ჰაუნსფილდს თავის ტვინის სკანირების იდეა რეალობად ექცია, ამიტომ მათი წვლილი არამარტო მუსიკალურ, არამედ სამედიცინო სფეროშიც დიდია.
დახურულ ყუთში ჩახედვის იდეა ჰაუნსფილდისთვის ადამიანებზეც ვრცელდებოდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა… Beatles კი ზუსტად აქ ასრულებს მთავარ როლს — ალბომების გაყიდვებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა, EMI-ის მოგება გააორმაგა ისე, რომ კომპანიამ კვლევების დაფინანსება დაიწყო. ჰაუნსფილდს ნებისმიერი რაიმეს კვლევა შეეძლო და უცბად ძველი იდეა გაახსენდა, იფიქრა, რომ ამისთვის X-სხივები კარგი საშუალება იქნებოდა.
თანაც უკვე დამტკიცებული იყო, რომ ამ მეთოდით ძვლების დიაგნოსტირება კარგად გამოდიოდა, უკვე იცნობდნენ რენტგენის პირველ სურათსაც, თუმცა მაშინ რბილი ქსოვილებისთვის მას ნაკლებად გამოსადეგად მიიჩნევდნენ — სხივები ქსოვილების ტიპს ვერ ასხვავებდა და უბრალოდ დაბლარულ ფოტოებს გვთავაზობდა.
ჰაუნსფილდის იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ X-სხივები ობიექტების მიხედვით იცვლებოდა, განსხვავებულად იღებდა მას ძვლები და რბილი ქსოვილები, ეს კი ქსოვილების ერთმანეთისგან განცალკევებასა და ობიექტების ნაწილების აღდგენაში დაგვეხმარებოდა. მოკლედ, იგი ობიექტების ჯვარედინად გადაღებას გვთავაზობდა სხვადასხვა კუთხიდან…
ცხოველების ტვინზე გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, რომ სისტემა მუშაობდა, ახლა კი მათი ადამიანებზე გამოცდა იყო საჭირო. ამ ამბავში უკვე რადიოლოგი ჯეიმი ემბროუსი ჩაერთო, რომელიც თავადვე შეისწავლიდა მსგავს მეთოდებს. ამბობენ, რომ ჰაუნსფილდს რთული ხასიათი ჰქონდა, რის გამოც მათი პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. როგორც ჩანს, არც ემბროუსი იყო დიდად კეთილგანწყობილი და მას უთხრა, ამაზე უკეთესის გაკეთება თავადვე შემიძლიაო…
შემდგომ რა მოხდა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ არსებული წყაროები გვეუბნება, რომ ამ ამბიდან მალევე ემბროუსიმ ჰაუნსფილდს ტვინის ქსოვილი მიაწოდა კონტეინერით და ნათქვამის დადასტურება სთხოვა — შედეგებმა გაოცებული დატოვა.
ნაპერწკალიც გააღვივა, ისტორიაში პირველად გადაეღოთ ადამიანის თავის ტვინი და ამგვარად, 1971 წლის 1 ოქტომბერს ტვინის პირველი სკანირება 41 წლის ქალს ჩაუტარეს. პაციენტს ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რაც საკმაოდ კარგად ჩანდა ისტორიაში პირველ კომპიუტერულ ტომოგრაფიაშიც. შედეგები წამყვან რადიოლოგებსაც აჩვენეს და დაარწმუნეს ისინი, რომ დაავადებების დიაგნოსტირებაში ახალი ეპოქა იწყებოდა.
და ერთსაც გეტყვით, ჰაუნსფილდმა, სხვა მკვლევრებთან ერთად, 1979 წელს ნობელის პრემია მიიღო მედიცინაში, თავისივე წვლილისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარებაში…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი