in

Variable Per Se /თავისთავად ცვალებადი – აქცია-ჰეფენინგი დედიკას გალერეაში გაიმართება!

მასში თანამედროვე ქართველი მხატვრებიც იღებენ მონაწილეობას


Variable Per Se /თავისთავად ცვალებადი – ასე ჰქვია აქცია-ჰეფენინგს, რომლის იდეაც, როგორც საწყისი ინიციატივა, მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ხელმძღვანელს, დავით ჩიხლაძეს ეკუთვნის. შემდგომ ამ კონცეფციამ დედიკას გალერეასთან ერთად ერთობლივი პროექტის სახე მიიღო. შედეგად კი, 28 მარტს მის პრეზენტაციას დედიკას გალერეაში იხილავს მაყურებელი. 

კორაბლევას თეატრის პროექტი ექსპერიმენტული მიდგომით იკვლევს ხელოვნების ნიმუშების აღქმის ცვალებადობას და პერფორმატიულად განავრცობს ამ კვლევას. “ჩვენი აქცია-ჰეფენინგი წარმოადგენს კონცეფტუალურ და შთაგონებულ რეფლექსიას პროექტში მონაწილე მხატვრების – ვახო ბუღაძის,  ოლეგ ტიმჩენკოს, ნიკო ცეცხლაძის, გურამ წიბახაშვილისა და უშანგი ხუმარაშვილის სამხატვრო ნამუშევრებზე” – ამბობს მარიამ შერგელაშვილი, დასის წევრი და პროექტის კურატორი.

იდეის სრულყოფილად ფორმირებისთვის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური შეხვედრები, ერთ-ერთი მონაწილე მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის სახელოსნოში. მუშაობის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო – იდეების, მონაწილეების გამოცდილებების, ხედვებისა და განწყობების გაზიარებაზე დაფუძნებული. მარიამ შერგელაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით ჩიხლაძის, ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი დაკომპლექტებულია სინთეზურად და არ აერთიანებს ცალსახად მსახიობებს. “განსხვავებული პროფესიისა და სფეროს წარმომადგენელ პერფორმერთა ჯგუფს რაც გვაერთიანებს, არის შემოქმედებითი მიმართება, რომელიც “თავისთავად ცვალებად”, დინამიურ პროცესს უდებს სათავეს.” – აღნიშნავს მარიამ შერგელაშვილი.

M: მარიამ, რა სახის სახვით-სხეულებრივი ურთიერთკავშირი  იგულისხმება ხელოვანთა ნამუშევრებთან? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას? 

უპირველესად, ეს არის სუბიექტური, გრნობად-ემოციური მიმართება, რომელიც მონაწილე ხელოვანთა ნამუშევრებსა და პერფორმერთა გუნდს შორის ყალიბდება. ეს ემოცია, შინაგანი განწყობა, ქმნის პერფორმანსის სტრუქტურას, შემოქმედებით აურას. სხეული კარგავს ფიზიკურ მნიშვნელობას და განწყობის, იდეის გამტარი ხდება. ეს მიდგომა მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ზოგად ხედვას და პრაქტიკას უკავშირდება. ამ აქციით ინტუიციური დიალოგი ფორმირდება დასრულებულ, იზოლირებულ სამხატვრო ნამუშევარსა და სასცენო გადალაგებას შორის. თუ, უბრალოდ, რაიმე შემთხვევით ალუზიებს არ მივიღებდით მხედველობაში, რაციონალური სიმბოლიზმი არ წარმოადგენს ჩვენი თეატრის სამუშაო პლატფორმას.  

აქცია-ჰეფენინგის ფარგლებში გამოყენებული ნამუშევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებულია, როგორც სტილისტურად, ისე თემატურად. მხატვრებმა ინდივიდუალურად შეარჩიეს ის ნამუშევრები, რომლებითაც ამ აქციაში მიიღებდნენ მონაწილეობას. 

ნიკო ცეცხლაძე. სერიიდან “უფრო უცნაური ისტორიები”. ტილო, შერეული ტექნიკა. 2019

“თითოეული ნამუშევარი ხაზგასმაა, ერთგვარი მანიფესტი იმაზე, თუ რამდენად უნიკალური, ინდივიდუალური და განსხვავებულია თითოეული მხატვრის ხელწერა. თუკი ამ ნამუშევრებს წარმოვიდგენთ, როგორც მონაწილე მხატვრების მიკროსამყაროებს, მაშინ ჩვენ წინ ინტერპრეტაციის უსაზღვრო ველი გადაიშლება. მნიშვნელოვანია, რომ ერთიან კონტექსტში ნამუშევრების პერფორმატიულად განხილვისას, გარკვეული საერთო მიმართებების აღმოჩენაც დავიწყეთ. ჩვენთვის გამოიკვეთა ისეთი ეგზისტენციალური საკითხები, როგორიცაა, ვთქვათ, დავიწყების თემა, წარმავალობისა და გაქრობის კონცეპტები” – განმარტავს მარიამ შერგელაშვილი. 

M: დეკონსტრუქციისა და რეკონსტრუქციის მოდელის შესახებ რომ გვითხრათ – რას ემსახურება ამგვარი პროცესი საბოლოოდ?

დეკონსტრუქცია და რეკონსტრუქცია მარგო კორაბლევას პერფორმანსის დასის სამუშაო პრაქტიკაა –  ერთგვარი ინტუიციური სააზროვნო მოდელი, რომელიც შემოქმედებით პროცესს ციკლურად, განგრძობითად წარადგენს. ამგვარი ხედვით, წარმოდგენა იღებს ექსპერიმენტულ სახეს, სადაც მოქმედება არაა სასრული. ჰეფენინგში სხეულის დინამიკა ექსპრომტულ ფორმირებას განიცდის, ეს არის გარკვეულწილად უწყვეტი თავისთავადი ცვალებადობა, რაც მაყურებლის აღქმაშიც განსხვავებულ ემოციურ პროვოცირებას გამოიწვევს. 

დასს მხატვრებთან თანამშრომლობის იდეა, რომლებმაც 1980-90-იანი წლებიდან თანამედროვე ხელოვნებისა და ზოგადად არტისტული კულტურის მგრძნობელობის შეცვლასა და ჩამოყალიბებაზე იქონიეს ძლიერი გავლენა, დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიბადა. დედიკას გალერეამ კი, თავის მხრივ როგორც ყოველთვის, მხარი დაუჭირა ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომებს… 

ამ ეტაპზე დასი კვლავ აქტიურ მუშაობის პროცესშია და როგორც თავად აღნიშნავენ, საბოლოო დასრულებული შედეგი ფაქტობრივად არ მიიღება, ვიდრე დედიკას გალერეის სივრცეში არ “განსხეულდება” პერფორმანსი. 

 

ავტორი ქეთია ბელქანია 


როგორ შევინარჩუნოთ გაცნობიერებული მდგომარეობა, დისტანციურად მუშაობის დროს?

Mulan-ის სიმღერის ქართული ადაპტაცია, რომელმაც Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანების კონკურსში გაიმარჯვა