თბილისის თავისუფალი სკოლა 2018 წლიდან საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ლიდერია და სასკოლო განათლების ახალ სტანდარტებს აწესებს. საუკეთესო ადგილობრივი და ევროპული გამოცდილების მქონე გუნდის მიერ შექმნილი სკოლის მიზანი მოსწავლეების ჰარმონიული განვითარება და მათი თავისუფალ ადამიანებად გაზრდაა.
ამ ინტერვიუში თბილისის თავისუფალი სკოლის სწავლების პროცესის მართვის ხელმძღვანელი, მათემატიკოსი ირმა მეფარიძე მოგიყვებათ სკოლის ხედვებისა და ღირებულებების შესახებ.
M: რა არის თბილისის თავისუფალი სკოლის მთავარი იდეა?
,,თბილისის თავისუფალი სკოლის“ სლოგანია ,,გაბედე, იყო თავისუფალი!“. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ცოდნაზე გადის და, შესაბამისად, ჩვენი სკოლის უმთავრესი მისია მოაზროვნე თაობის აღზრდაა.
M: რა გზებით აღწევს სკოლა აკადემიურ მიზნებს?
ჩვენ დაწყებითი კლასებიდანვე ვუვითარებთ მოსწავლეებს ფიქრის, აზროვნების, სწორი დასკვნის გამოტანის, აზრის მკაფიოდ გადმოცემის უნარებს, რისთვისაც ვაძლიერებთ მათემატიკას, ინგლისურს, ქართულსა და პროგრამირებას. მათემატიკაში, ინგლისურსა და პროგრამირებაში მოსწავლეები საჭიროებების მიხედვით იყოფიან მცირერიცხოვან ჯგუფებად. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდულობით, ცოდნის პროგრესის გათვალისწინებით, ხორციელდება მობილობები ჯგუფებს შორის. ეს პროცესი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას ცოდნის მისაღებად, მათ უყალიბდებათ საკუთარი ცოდნის შეფასებისა და უფრო მაღალი შედეგების მიღწევის სტრატეგიები.
M: გაძლიერებულ საგნებზე ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ, როგორია, მაგალითად, მათემატიკის გაძლიერებული სწავლება და რა საჭირო უნარებს უვითარებს ასეთი ფორმატით სწავლება მოსწავლეებს?
ბავშვების შესაძლებლობების მაქსიმალურად გახსნას ემსახურება მათემატიკის გაძლიერებული სწავლება, რაც გულისხმობს არა დიდი მოცულობის ინფორმაციული მასალის მიწოდებას, არამედ ასაკისათვის შესაფერისი მასალის ღრმა და ინტენსიურ სწავლებას. ამ დროს დიდი ყურადღება ექცევა ნასწავლი მათემატიკური უნარების პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეებს ვაჩვევთ დეტალებზე დაკვირვებას, სირთულის აღმოჩენასა და გადაჭრას, რაც მათთვის სასიამოვნო და სტიმულის მიმცემია. ჩვენი სადიაგნოსტიკო ტესტები არ არის ორიენტირებული მხოლოდ სწორი პასუხის შემოხაზვაზე. ვცდილობთ, უფრო მეტი შინაარსი ჩავდოთ დიაგნოსტიკაში. მაგალითად, მოსწავლეებს ვთავაზობთ ტექსტს, რომელშიც რაიმე ცხოვრებისეულ ამბავთან ერთად მოცემულია რაოდენობრივ-ლოგიკური ინფორმაცია. ბოლოს მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებზეც პასუხების გაცემა მხოლოდ ტექსტის კარგად გააზრების შემდეგაა შესაძლებელი. ასეთი დავალება ერთბაშად ავითარებს გააზრებული კითხვისა და მათემატიკური ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარებს. აქედან გამომდინარე, მათემატიკის გაძლიერებული სწავლება არ გულისხმობს მოსწავლეთა მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით მომზადებას. ვინაიდან სწავლებისას შეძენილი უნარები ამზადებს ბაზას სხვა საგნებში წარმატებული შედეგებისთვის. რაოდენობრივი აზროვნების ჩამოყალიბების გარეშე წარმოუდგენელია სერიოზული წარმატების მიღწევა რაიმე მიმართულებით.
M: თბილისის თავისუფალი სკოლის კიდევ ერთი გამორჩეული მიმართულება ინგლისური ენაა. რა შესაძლებლობები აქვთ მოსწავლეებს ამ მიმართულებით?
ინგლისური ენის სწავლებას აქტიურად ვახორციელებთ პირველი კლასიდანვე ოთხივე მიმართულებით (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი). სწავლება ხდება თანამედროვე მეთოდებით და შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. კერძოდ, ვახორციელებთ პროექტულ სწავლებას/კეთებით სწავლებას, რაც ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსწავლეებს ვამზადებთ მე-2 კლასიდან (რა თქმა უნდა, კლასების შესაბამისად. Cambridge Starters, Movers, Flyers, KET, PET, FCE, FCE/CAE), ხოლო მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს დამატებით ვთავაზობთ Toefel, IELTS, SAT-ის საგამოცდო კურსებს, რასაც ირჩევენ მათთვის სასურველი უნივერსიტეტების მიხედვით.
M: როგორ უზრუნველყოფთ სკოლაში აკადემიურ ხარისხს? რა მეთოდებით ზომავთ შედეგებს და რა განაპირობებს სკოლის გამორჩეულ აკადემიურ რეპუტაციას?
ადმინისტრაციის მხრიდან სისტემატურად ხდება ხარისხის მონიტორინგი, მიმდინარეობს დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე, ტარდება ადმინისტრაციული წერები, კეთდება ანალიზი და მოსწავლეებზე გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე კვალიფიციური პედაგოგებია, რომელთა მეშვეობითაც სკოლას შექმნილი აქვს უამრავი თვალსაჩინო სასწავლო რესურსი. როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით. რაც ხელმისაწვდომი და გაზიარებულია ყველა პედაგოგისთვის. ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს მასწავლებლების განვითარებაზე და უზრუნველყოფს მათ ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კორპორატიულ ღონისძიებაში.
M: როგორია სკოლის გეგმები, ამბიციები და გამოწვევები?
სკოლა ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და უკვე რეიტინგის პირველ ათეულში ვკითხულობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების სახელებს არაერთ საგნობრივ ოლიმპიადაში. განსაკუთრებით, თვალსაჩინოა წარმატებები ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით:
2022 წლის დეკემბერში საქართველოში ჩატარდა კოდის კვირეული. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიება განხორციელდა Roco Academy -ს ორგანიზებითა და ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მხარდაჭერით. კვირეული მასშტაბურობით გამოირჩეოდა, მასში 400 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალში გასული 28 მოსწავლიდან 15 საპრიზო ადგილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, წინ კიდევ უამრავი გამოწვევა გველის. 2024 წელს სკოლას პირველი გამოშვება ეყოლება. მათი წარმატებული მომავლისთვის სკოლაში შექმნილია კარიერული დაგეგმვის სამსახური, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება მათთვის საინტერესო პროფესიების შერჩევაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მოსწავლეები მე-11 კლასიდან ინტენსიურად მეცადინეობენ სხვადასხვა საგანში მათი არჩევანის მიხედვით.
ვიმედოვნებთ, ჩვენი სკოლის მიერ გაკვალულ თავისუფლების გზაზე უამრავი ახალგაზრდა მიიღებს ცოდნას და გაბედავს, იყოს თავისუფალი!
[R]