in

თავისუფლების ჩირაღდანი – ნინო ნატროშვილი

1928 წელი… ნიუ იორკი… მეხუთე ავენიუზე სააღდგომო აღლუმი მიმდინარეობს. საყოველთაო მრავალათასიან მსვლელობას ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი შეერია. ძალიან ლამაზები არ არიან, უფრო – სიმპათიურები ეთქმით, მათ შორის, რამდენიმე მსახიობიცაა. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ყველანი მაღალი წრის წარმომადგენლები არიან. უცებ, თითქოს, ვიღაცისგან ნიშანი მიიღესო, ყველანი კაბების ქვეშიდან, თხელ წინდებში დამალულ სიგარეტს იღებენ, ერთდროულად უკიდებენ და დემონსტრაციულად, ყველას დასანახად აბოლებენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi
1928-new-york
აღლუმზე შეკრებილებს ნანახი შოკში აგდებს. ჟურნალისტები კომენტარების ჩაწერისთვის „იბრძვიან“,  ფოტოგრაფები კი იმის გახსენებას ცდილობენ, მოასწრეს თუ არა ეფექტური კადრის გადაღება.
მეორე დღეს პრესა სენსაციური სათაურებით ჭრელდება, მთელი მსოფლიო ამ საოცარ შემთხვევაზე საუბრობს. გაზეთები სიგარეტს „თავისუფლების ჩირაღდანს“ არქმევს…
ამერიკის შეერთებული შტატებისგან მწეველ ქალზე ასეთი რეაქცია ახლა უცნაურად ჩანს, თუმცა იმ პერიოდში ამერიკა რელიგიური და მკაცრი მორალური ჩარჩოების მქონე ქვეყანა იყო. მდედრობითი სქესისთვის სიგარეტის მოწევა, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაუშვებლად ითვლებოდა.
პერფორმანსით გამოწვეული შოკის შემდეგ ამერიკულ გაზეთებში ახალი აქტუალური თემა გაჩნდა: მოწევას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ განიხილავდნენ, ვისაც თანასწორობის სჯეროდა, ქალის მოწევას მხარს უჭერდა, ფემინისტები სოციალური ნორმის შეცვლას მიესალმებოდნენ.
ამერიკაში თამბაქოს რევოლუციის შემოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი, PR-ის მამა, ედვარდ ბერნეისი იყო. სწორედ ბერნეისმა დადგა მწეველი ქალების მარში მეხუთე ავენიუზე, მან შეარჩია მონაწილეები, დაიქირავა მსახიობები, თან გაჰყვა და ისიც კი ანიშნა, როდის ამოეღოთ სიგარეტები. მერე ინფორმაციის გავრცელებაზეც იზრუნა: ეპითეტი „თავისუფლების ჩირაღდანიც“ მოიფიქრა და პრესაც მიიწვია. ბერნეისის იდეას მხარი ფემინისტმა რუთ ჰეილმაც დაუჭირა და ქალებს თავად მოუწოდა: აანთეთ თავისუფლების კიდევ ერთი ჩირაღდანი, დაარღვიეთ კიდევ ერთი ტაბუ!
მარლენ დიტრიხიპერფორმანსმა გაამართლა: ერთ დღეში ბერნეისმა ქალებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა დაშვებული გახადა. ეს მართლაც შთამბეჭდავი ექსპერიმენტი იყო, რომელიც PR-ის ქრესტომათიაშია შესული, თუმცა ისევე როგორც ყველა PR აქციას, ამასაც თავისი კარგად გათვლილი მიზეზი ჰქონდა: ბერნეისს ქალთა ემანსიპაცია ნაკლებად ადარდებდა. American Tobacco Company-ს დირექტორმა ჯორჯ ჰილმა მას Lucky Strike-ის გაყიდვების გაზრდისთვის კამპანიის დაგეგმვა დაუკვეთა. ჰილი ხვდებოდა, რომ მის პოტენციურ მომხმარებლებს ქალები წარმოადგენდნენ. მდედრობითი სქესის საჯაროდ მოწევის აკრძალვა კი მას გაყიდვებს უმცირებდა. თამბაქოს მწარმოებელი შიშობდა, რომ ქალებს შორის მოწევის გავრცელების ღია მცდელობას, შეიძლება საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყოლოდა, ამიტომ პირველ რიგში კულტურა უნდა შეცვლილიყო.
ბერნეისის იდეამ გაამართლა, 1925-1935 წლებში მწეველი ახალგაზრდა ქალების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. პერფორმანსის იდეაზე ფიქრისას, ზიგმუნდ ფროიდის ნათესავი ბერნეისი ფსიქოანალიზს დაეყრდნო: სიგარეტი ერთ-ერთი ის მამაკაცური სიმბოლო იყო, რომელიც  ქალების მხრიდან ქვეცნობიერ შურს და მიზიდულობას იწვევდა. იმ პერიოდში  სიგარეტი კაცის ექსკლუზიურ ატრიბუტად ითვლებოდა, თუმცა ბერნეისის იდეა ქალებს ამ სიმბოლოს დაუფლების საშუალებას აძლევდა, ამისთვის მხოლოდ ერთი გაბოლებაც საკმარისი იყო…
მოკლედ, ედვარდ ბერნეისმა ქალთა სოციალურ მოძრაობას საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში თავისუფლების ჩირაღდნად სიგარეტი შესთავაზა. ეს ირაციონალური იდეა იყო, მაგრამ საზოგადოებამ დაიჯერა და მრავალი წელი სწამდა ამ იდეის. სიგარეტი ქალის დამოუკიდებლობის დემონსტრირების სიმბოლო გახდა.
ბერნეისი ხვდებოდა, რომ თამბაქოს რევოლუციას ემანსიპაციის გარდა დამატებითი მოტივაციები სჭირდებოდა, ამიტომ სტრატეგიაში სხვა ელემენტებიც ჩართო: იმ პერიოდში მოდაში სიგამხდრე შემოდიოდა, PR-ის მამის სარეკლამო კამპანიამაც არ დააყოვნა, მთავარი მესიჯით, ჩაანაცვლეთ ტკბილეული სიგარეტით, იმიტომ, რომ ის წონაში კლებას უწყობს ხელს. მან სიგარეტი სილამაზესთან ერთად სტილსაც დაუკავშირა და მოდურ აქსესუარად აქცია. მალე, ბერნეისის იდეების წყალობით, ჟურნალებში გაჩნდა სტატიები მოწოდებით – ყველა ელეგანტურ ქალს უნდა ჰქონდეს პორტსიგარი და მუნდშტუკი.
coco-chanel-smoking30-იან წლებში თავისუფლების ჩირაღდანი კინოკულტურის მთავარ აქსესუარადაც იქცა. ცნობილი მსახიობები – მერლინ მონრო, ვივიენ ლი, მარლენ დიტრიხი, ჯინა ლოლობრიჯიდა ჯინჯერ როჯერსი, გრეტა გარბო, სოფი ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ავა გარდნერი, ელიზაბეტ ტეილორი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები, ეკრანიდან თუ ცხოვრებაში, სიგარეტის პოპულარიზაციას ეწეოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწეველი კოკო შანელი იყო…
მისი წარმოდგენა სიგარეტის გარეშე შეუძლებელიც იყო. გავლენიანი მადმუაზელი, სამოსთან ერთად, სიგარეტის მოდასაც ქმნიდა, როგორც  ელეგანტურობის, ქალური შარმის, თავდაჯერებულობის, იდუმალების, დახვეწილობისა და სექსუალურობის სიმბოლოს.
შემდეგ წლებში სიგარეტი უკვე გამოჩნდა რეკლმებში, პოდიუმზე… თუმცა 1980-იანი წლებიდან უკვე სხვა ტალღა აღმოცენდა: მოწევა თანდათან არაკორექტულად გამოცხადდა და სიგარეტის წინააღმდეგ მიმართული ვრცელი და მრავალწლიანი კამპანიის შემდეგ, მივედით იქამდე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის და, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილებში მოწევა ბევრ ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა, შეიცვალა თვითონ თამბაქოს რეკლამირების წესები და მასზე გარკვეული შეზღუდვებიც გამოცხადდა.
რა ხდებოდა ამ დროს საბჭოთა კავშირში? საბჭოთა კავშირში 1970-იანების ბოლომდე მწეველი ქალი საზოგადოებიდან ამოვარდნილი იყო. მართალია, ზოგმა მოწევა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, თუმცა ეს მაინც მარგინალურ ჩვევად მიიჩნეოდა. გარკვეულწილად ეს იმის ბრალიც იყო, რომ ქალი სიგარეტით – დასავლური ცხოვრების ნაწილად აღიქმებოდა. თუმცა რკინის ფარდა დროდადრო ირხეოდა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაშიც თითოეულ მოწეულ ღერს, უცხოური სიგარეტის თითოეულ კოლოფს ფარდის მიღმა არსებული სამყაროდან ისევე მოჰქონდა ახალი ამბები, როგორც ებრაელებში ნაყიდ ჯინსს ან ველვეტის შარვალს…
როცა სტატიის წერა დავიწყე, 84 წლის მწეველი ქალი რესპონდენტის პოვნაზე არც მიოცნებია. მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სრულიად სხვა საქმეზე მისულს, ლეილა ზამბახიძე გამაცნეს: „სტაჟიანი მწეველია, მაგრამ ინტერვიუები არ უყვარსო“, – მითხრეს. ამ დროს ქალბატონი ლეილა საუბარში თავისი სურვილით ჩაერთო. ჯერ საუბარი სასხვათაშორისოდ  ჩამოვუგდე სიგარეტზე. მერე კი, როცა გავიგე, რომ Facebook-ზე პროფილი აქვს, ინტერვიუ უფრო თამამად ვთხოვე.
„მოსკოვში მოვწიე პირველად, 1958 წელს. ჩემი მეგობრის ქმარს ვთხოვე, მინდოდა გამესინჯა. 70-იანი წლებიდან კი ინტენსიურად დავიწყე“, – მიყვება, თან აბოლებს.
მაინტერესებს, როგორ აღიქვამდნენ მაშინ მის საქციელს გარშემომყოფები, თან ვხვდები, რომ ქალბატონი ლეილა ქალის ძველ სტერეოტიპებში არ ჯდება. „ფეხბურთის საყურებლად სტადიონზეც დავდიოდი და ვეწეოდი კიდეც. მკვეთრად ჩამოყალიბებულ აზრს, რომ ქალი თუ პომადას წაისვამს და მოწევს, აუცილებლად ზნეობრივი ნორმებიდანაა გადამცდარი, მე არ შევხვედრივარ. შესაძლოა იმიტომ, რომ  სხვა წრეში ვტრიალებდი. დედა მოწევას მხოლოდ ჯანმრთელობის გამო მიშლიდა. არ იყვნენ ჩემი მშობლები ისეთ საზოგადოებაში გაზრდილები, რომ ეფიქრათ: რადგან მოწია, ჩემი შვილი „ცუდ გზას დაადგაო“. თუმცა, გამონაკლისი კი ვიყავი. რას ვეწეოდი? ამერიკული სიგარეტი იშვიათობა იყო. ბულგარულს ვეწეოდი, მაგრამ ყოველთვის არც ის იშოვებოდა. ამიტომ მიხაროდა მოსკოვში ან საზღვარგარეთ წასვლა. გერმანიაში რომ ჩავდიოდი, პირველად ყავის და სიგარეტის არაჩვეულებრივ არომატს შევიგრძნობდი ხოლმე“, – ამბობს ღიმილით.
მეათე კლასში ვიყავი, როცა პლეხანოვზე, ჩვენი მეგობრის რვასართულიანი კორპუსის სახურავზე მოვწიეთ. მერე სამსახურშიც ვეწეოდი. უფროსი გვიშლიდა, ამიტომ დავეწყობოდით ხოლმე და 20 ქალი ერთად მივდიოდით საპირფარეშოში. კოლექტიური მსვლელობა უფროსს ძალიან უკვირდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა“, – მიამბობს ნინო დეიდა.
მერე იმდროინდელი სიგარეტების ჩამოთვლას იწყებს: „თბილისი“, „ლუქსი“, „კოსმოსი“, „მტკვარი“. მათ შორის, ყველაზე „მაღალი დონის“ „კოსმოსი“ იყო. ამერიკული არ იშოვებოდა, მის საყიდლად ჩუმად ან ლოტკინზე მიდიოდნენ ბოშებთან, ან ვარანცოვზე – დოდოსთან. „მარლბოროში“ და „ქემელში“ 5-6 მანეთს აძლევდნენ.
„იცი, რა, მაშინ სირცხვილი იყო. ითვლებოდა, რომ მწეველი ქალი პატიოსანი არ იყო. ეს იარლიყი არსებობდა ყველასთვის,  ვინც ეწეოდა. ერთი ამხანაგი მყავდა, რომელიც 70-იან წლებში არავის ერიდებოდა: ქუჩაშიც ეწეოდა და პარკშიც. მახსოვს, რა სახით უყურებდნენ ხოლმე მას გამვლელები“, – ამბობს ნინო, ნაირა კი ამატებს: „თუ ეწეოდი, ამით ამბობდი, რომ შენ გოიმი არ ხარ და სიგარეტის მოწევა არათუ არ გიკვირს, თვითონაც ეწევი“.
„ეს ჩვენი პროტესტიც იყო წინა თაობის მიმართ, რომელიც ქალის მოწევას უარგუმენტოდ კრძალავდა და იარლიყებს აკერებდა მწეველ ქალს“, – აღნიშნავს ნინო. “თავისუფლება გვინდოდა და ამას მოწევით ვაღწევდით“, – მიხსნის ნაირა.
ბოლოს სიგარეტზე ჩემს 20-21 წლის სტუდენტებს ვეკითხები. გუმანით ვხვდები, რომ ირმასავით უკვე ბევრი ფიქრობს, იმიტომ, რომ დასავლური მოდა და ცხოვრების სტილი დღეს სიგარეტზე უარის თქმისკენ მოგვიწოდებს. სტუდენტები ამ ეჭვებს მიდასტურებენ. მათ შორის მწეველი თითო-ოროლაა. მეუბნებიან, რომ სიგარეტის მოწევა მათ თაობაში მოდური საქციელი აღარაა.
თავისუფლების ჩირაღდნობიდან მეინსტრიმამდე და შემდეგ მის უარყოფამდე – ამ თემატური ხაზით სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიასთან მივდივარ. სანამ ძველი თაობის მწეველი ქალების გამბედაობაზე დავიწყებდეთ საუბარს, ბატონი ემზარი ბავშვობაში, სოფელში ნანახ ასაკოვან მწეველებს იხსენებს: „ამ ქალებს რაღაც ტრაგედია ჰქონდათ გადატანილი. მაგალითად, ომში ჰყავდათ შვილი დაკარგული და მათ მოწევას საზოგადოება ამართლებდა, თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ამ ქალებს ასაკის გამო სექსუალური ღირებულება აღარ ჰქონდათ“, – იხსენებს ემზარ ჯგერენაია. „რატომ, მათზე ვეღარ ამბობდნენ „ცუდ გზას დაადგაო“? – ვეკითხები.  „მწეველ ქალებს ჰქონდათ ერთგვარი შარავანდედი: უცხო, განსხვავებული, არაორდინარული, გაბედული, ინტელექტუალის იმიჯი და, მეორე მხრივ, ქალის, რომელთანაც შეიძლებოდა ფლირტის გაბმა და რომელსაც არ ჰქონდა კონსერვატიული სექსუალური წარმოდგენები. ამიტომ ქართველი მწეველი ქალი პრაქტიკულად გამოიყურებოდა, როგორც დისიდენტი და კულტურიდან ამოვარდნილი. ქალების ერთი ნაწილი ახდენდა ამის საჯაროდ დემონსტრირებას, ნაწილი კი მოწევას მალავდა. სხვათა შორის, მოწევა და მანქანის მართვა მჭიდროდ უკავშირდებოდა ერთმანეთს: იყო „ქალური“ და „კაცური“ საქმეები და თავის ზედმეტი მოვლაც კი ქალის მხრიდან სიძვის მსუბუქ ფორმად ითვლებოდა. დღეს საპირისპირო ვითარებაა და ქალები უფრო ბევრს ეწევიან, ვიდრე კაცები, მაგრამ ეს  მაინც თბილისის რეალობაა და სოფლად კვლავაც ძველი წარმოდგენებია. ქალს, რომელიც  სიგარეტს ამოიღებს და გააბოლებს პროვინციაში, ნეიტრალური მზერით არ შეეგებებიან“, – აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.
შესაძლოა, მორალური „პასუხისმგებლობა“ საქართველოში მწეველ ქალებს სოფლებში კვლავაც ეკისრებათ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიგარეტმა შანელის დროინდელი  ხიბლი ამის გარეშეც დაკარგა. წლების განმავლობაში მისი შარავანდედიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, მოწევა უბრალოდ მოწევაა, ამ სიტყვის ძალიან ჩვეულებრივი მნიშვნელობით და სხვა აღარაფერი. იცვლება ყველაფერი, დრო, ადამიანები, ჩვევები, მეინსტრიმიდან გამორჩეულობის სურვილის მქონე ადამიანები კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე აპელირებენ, ამბობენ, რომ თანამედროვე მოდური ცხოვრების სტილში თამბაქოს ადგილი აღარ არის.
როცა ამ ტენდენციებზე ვმსჯელობთ, ემზარ ჯგერენაია საინტერესო დასკვნამდე მიდის: „ამ თანამედროვე ტრენდმა იცი, რომ შეიძლება სხვა ეფექტი გამოიწვიოს? რაღაც თვალსაზრისით ამ აკრძალვის შედეგად, შეიძლება გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ თუ ტრენდია ცხოვრების ჯანმრთელი წესი, თუ ეს არის მეინსტრიმი, მაშინ მე სხვანაირი მინდა ვიყო, გაბედული, მეინსტრიმიდან ამოვარდნილი და ამიტომ – მე მოვწევ. ეს ბუნებრივია: როცა უმრავლესობა ცხოვრობს ერთი ცხოვრების წესით და უმცირესობას, იმის გამო, რომ უმცირესობაშია, მოსწონს საკუთარი გამორჩეულობა, ცხოვრების მანერა, შეიძლება პროტესტის ფორმა… ასეთი რამ მოსალოდნელია. მოწიე, იმიტომ, რომ მოდაშია, არ მოწიო, იმიტომ, რომ მოდაში აღარაა – ცხოვრების წესით და სტილით კულუტურას მუდამ ვაძლევთ საშუალებას, ჩვენზე იძალადოს. ამიტომ უმრავლესობისა და უმცირესობის ცირკულაციები ყოველთვის იქნება… ჯერ ყველაფერი წინ არის“, – მეუბნება ემზარ ჯგერენაია.
…იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე – ედვარდ ბერნეისით. ვინც ბერნეისზე გაბრაზდით, აი, რას გეტყვით: საოცარი და პარადოქსული ისაა, რომ ედვარდ ბერნეისი, რომელმაც უამრავ ქალს მოწევის დაწყება „აიძულა“, 1960-იან წლებში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის კონსულტანტი გახდა და დაწერა: „მე რომ 1928 წელს მოწევის შესახებ იმდენი მცოდნოდა, რამდენიც ახლა ვიცი, American Tobacco-სთან არ ვიმუშავებდი“.
ნინო ნატროშვილი
(ცხელი შოკოლადი 2012 წელი)


mCloud- Google-ის ოფიციალური პარტნიორი სტრატეგიული მარკეტინგის სააგენტო

სამკაული ადამიანის კბილებისგან და თმისგან