in

როგორია თბილისის თავისუფალი სკოლის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

თბილისის თავისუფალი სკოლისთვის 2021/2022 დაარსებიდან მეოთხე სასწავლო წელია, აქედან ორი პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ისეთი განწყობა შეიქმნა, თითქოს სკოლას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს.

თუ თავიდან სკოლის არჩევისას მთავარი მოტივი თავისუფალი უნივერსიტეტის მაღალი რეიტინგი იყო, ახლა უკვე ამ მნიშვნელოვან ფაქტორს სასკოლო ცხოვრების საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული სტილიც ემატება.

თბილისის თავისუფალი სკოლა დღეს საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, როგორიც ის 2018 წლის სექტემბერში იყო. განვლილი წლების გამოცდილებასა და გეგმებზე სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ბატონი ამირან ამბროლაძე საუბრობს.

თავისუფალი სკოლა უკვე მეოთხე წელია არსებობს. რა მთავარი გამოცდილება შეიძინეთ ამ ხნის მანძილზე?

მთელი ჩემი ცხოვრება განათლების სფეროში ვარ. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მიმუშავია (საქართველო, რუსეთი, შვედეთი, ინგლისი), გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა, მაგრამ, უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, სკოლაში არის სრულიად ახალი ფენომენი: მშობელი. მშობლის სწორი ჩართულობა ეხმარება სკოლას და ჩვენს სკოლასაც ბევრი სიკეთე მიუღია მშობლების პოზიტიური ჩართულობით. ამის მიუხედავად, არის სიტუაციები, როდესაც სკოლისა და მშობლის შეხედულებები და მიზნები განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი მშობლის პრიორიტეტი არ არის განათლება, ზოგი გართობაზე მეტად არის ორიენტირებული.  ჩვენ ვეთანხმებით აზრს, რომ სწავლა მაქსიმალურად საინტერესო და სახალისო ფორმით უნდა წარიმართოს, თამაშის ელემენტების გამოყენებით, მაგრამ სწავლა ყოველთვის ვერ იქნება თამაში – ხშირად ეს დაუღალავი შრომაა.

როგორ ფიქრობთ, გადალახეთ მთავარი პრობლემები?

მთავარი პრობლემა იყო სკოლის სახისა და იმიჯის ჩამოყალიბება. დღეს ჩვენი სკოლა უკვე დამკვიდრებულია, როგორც უმაღლესი აკადემიური სტანდარტის სკოლა საკუთარი ფასეულობებით. ამ ფასეულობებიდან აკადემიურთან ერთად სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. დღესდღეობით სკოლის 600-მდე ბავშვის  უსაფრთხოებაზე ზრუნავს 4 ფსიქოლოგი და 4 წესრიგის მენეჯერი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რომელ პროექტებს თვლით განსაკუთრებით მნიშვნელოვნად სკოლისთვის?

ცალკეული პროქტები არ განაპირობებენ სკოლის წარმატებას. მთავარია სწორი ხედვები და სურვილი ხარისხიანი სწავლებისა, თუმცა სიახლეები და ბავშვების ინტერესებზე მორგებული კრეატიული პროექტებიც მნიშვნელოვანია. სკოლაში წელს განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი რამდენიმეს:

  • მოსწავლეთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ყველა კლასს 1-6 კლასებში კვირაში ერთხელ აქვს ფსიქოლოგის საათი.
  • 1-4 კლასებში დაინერგა კურსი ციფრული სამყარო, რომელიც არსებული კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის კურსთან ერთად მყარ საფუძველს შექმნის მაღალ კლასებში პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საგნების შესასწავლად.
  • ჩვენ ასევე დავნერგეთ მოსწავლეთა მომზადების პრაქტიკა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის და ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, აუნაზღაურდება გამოცდის საფასური. ამ პროექტის გაძლიერების მიზნით წელს ინგლისურის ნეითივის სასაუბრო კურსის პარალელურად დაინერგა ნეითივის კურსი ესეების წერის მიმართულებით, რაც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ინგლისურის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.
  • მე-10 კლასში დაემატა კურსი ბიზნესი და მეწარმეობა, რომლის ფარგლებშიც თეორიულ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ მათ მიერვე შექმნილ მაღაზიაში სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები თავად აწარმოებენ მენეჯმენტს, მარკეტინგს, ფინანსურ ანგარიშგებას და მოგებაც (იმედია, აქამდეც მივა საქმე) თავად დარჩებათ. ჯერჯერობით მათი ბიზნესიდეები კულინარიის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ნელ-ნელა, ვფიქრობთ, ეს სფეროები გაფართოვდება.
  • წელს დაინერგა კურსი სამართალში, რომელსაც უძღვება თავისუფალი უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი. ამ კურსში თეორიულ ცოდნასთან ერთად ბავშვები პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ (მაგალითად, იმიტირებული სასამართლოების ორგანიზებით).

რით უნდა იყოს განსხვავებული ჩვენი სკოლის მოსწავლე სხვებისგან?

უნდა იყოს ჰარმონიულად განვითარებული, ცხოვრებისთვის მომზადებული, საკუთარი ფასეულობებითა და აზროვნების თავისუფლებით: იფიქროს ის, რასაც ფიქრობს. ეს არ არის ადვილი. თბილისის თავისუფალი სკოლის დევიზია: გაბედე იყო თავისუფალი.
ჩვენი სურვილია, რომ ყველა მოსწავლე საქართველოში იყოს განათლებული და წარმატებული, თუმცა ჩვენ არ ხელგვეწიფება ამ მიზნის მიღწევა. ჩვენ ჩვენ წილ საქმეს ვაკეთებთ. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი სკოლა მარტოა ამ საქმეში, თუმცა კარგი სკოლა, სამწუხაროდ, არც ისე ბევრია. ჩვენ ამ საქმეში გვყავს მაგალითის მომცემი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც დღემდე ვმუშაობთ მე და სკოლის კიდევ რამდენიმე პედაგოგი და კარგად ვიცნობთ მის ფასეულობებს.

რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო განვითარების ეტაპზე ე.წ. ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებების თანაბრად სწავლებას? რატომ არ ჯობია, მოსწვლეებმა აირჩიონ ერთი სასურველი/უფრო ძლიერი მხარე?

ხშირად გამიგია პირველკლასელი ბავშვის მშობლისგან, რომ მისი შვილი ჰუმანიტარია, ან ტექნიკური აზროვნება აქვს. ასეთ დაბალ ასაკში ძნელია განვსაზღვროთ ბავშვის მიდრეკილებები. ჩემი პირადი მაგალითი რომ მოვიყვანო, მთელი ბავშვობა „ქართული ენის საუნჯის“ წრეზე დავდიოდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ვფიქრობდი, ან მწერალი გამოვიდოდი ან პოეტი. მერე, მეგობრის „წამხედურობით“, კომაროვის სკოლაში გადავედი და სულ სხვა გზით წავიდა ჩემი ცხოვრება.

მაღალკლასელი ბავშვის შემთხვევაშიც არ არის ადვილი მისი მიდრეკილებების განსაზღვრა. როცა მშობელი, მაგალითად, მეუბნება: „ჩემს ბავშვს მათემატიკა არ ეხერხება“, მე ვფიქრობ რომ დიდი ალბათობით ამ ბავშვს არ ჰყოლია კარგი მათემატიკის პედაგოგი. დღეს ათიდან ცხრა მათემატიკის მასწავლებელმა არ იცის ის მასალა, რაც მოსწავლეს უნდა ასწავლოს. რომ შეაყვაროს ეს საგანი მოსწავლეს – ამაზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენ ამიტომაც ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს პედაგოგების სწორად შერჩევაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ზუსტად ვიცით ბავშვის მიდრეკელებები, მაშინაც მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს გაუჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩაიკეტება ვიწრო პროფესიულ წრეში. ზოგადი განათლების მნიშვნელობა კარგად ჰქონდა გათავისებული ბატონ კახა ბენდუქიძეს (რომელიც თავად იყოს მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი) და მისი ინიციატივით თავისუფალი უნივერსიტეტის კურიკულუმი ფართოდ მოიცავს ზოგადი განათლების საგნებს. მე თავად ვუძღვები ზოგადი განათლების საგანს „აზროვნების მათემატიკური წესი“, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ეკითხება.

რამდენად შეიძლება, სკოლა, როგორც ბიზნესი ჰარმონიაში იყოს სკოლასთან, როგორც განსაკუთრებული სოციალური პახუსიმგებლობის დაწესებულებასთან?

ძალიან კარგი და რთული კითხვაა. აქ არის გარკვეული წინააღმდეგობა, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში. ჩვენ გვინდა გავყიდოთ პროდუქტი „ცოდნა“, რაზედაც მოთხოვნილება მცირეა. შეიძლება შემეკამათნონ, რომ ქართველი მშობლები დიდ ფულს იხდიან განათლებაში. სინამდვილეში მათი უმეტესობა ფულს იხდის დიპლომში, ქაღალდში. ქართული სასკოლო განათლება სადღაც სიის ბოლო ადგილებზეა ყველა საერთაშორისო კვლევაში – ცოტაა კარგი სკოლა და იმიტომ. რაც არის მოთხოვნა – ის არის მიწოდება. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა – საზოგადოების ის ფენა, ვინც იცის განათლების და კულტურის ფასი. ეს კი ბიზნესის თვალსაზრისითაც კი სწორი პოზიციონირება შეიძლება იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

განვითარების რა პერსპექტივა აქვს სკოლას უახლოეს ორ წელში?

უახლოეს ორ წელიწადში ინფრასტრუქტურის კუთხით ვგეგმავთ  შენობის კიდევ ერთი სართულის სრულად გარემონტებასა და ათვისებას. წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი დახურული სპორტდარბაზი. სკოლა მზარდია და ყოველ წელს გვაქვს სიახლეები. რაც შეეხება პერსპექტივებს საგანმანათლებლო კუთხით, მირჩევნია ვისაუბრო გაკეთებულ საქმეებზე წარსულში, ვიდრე გასაკეთებელზე მომავალ დროში. ერთს ვიტყვი, რომ ორ წელიწადში სკოლას ეყოლება პირველი გამოშვება, რისთვისაც სერიოზულად ვემზადებით.

[პარტნიორის კონტენტი]

ქართულმა სტარტაპმა OMOFOX $700 000-იანი ინვესტიცია მოიზიდა!

დღეს, 20:00 საათზე, ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღე” გაიმართება