8
Oct
2019

თავრიელი – ხისა და ტყავის კომბინაციით შექმნილი ჩანთები და აქსესუარები

8 Oct 2019

Startauperi
Startauperi


ორიგინალური ნახატები, დახვეწილი ფორმა, ხისა და ტყავის კომბინაცია – აი, ასე შეიძლება დახასიათდეს ქართული ხელნაკეთი ბრენდის “თავრიელი” პროდუქცია. თავრიელი ახლახან შექმნილი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან  და ორიგინალურ პროდუქტს სთავაზობს. ცოტა ხნის წინ მან მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობითაც დაიწყო. “თავრიელის” შესახებ მის დამფუძნებელს, ეთა ალადაშვილს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა „თავრიელის“ შექმნის იდეა?

ამ ბრენდის უკან დგას, ძალიან დიდი, უღრანი ტყე, რომელიც გამოვიარეთ, იმისათვის, რომ დღეს მომხმარებლამდე მიგვეტანა ის, რასაც ვქმნით. უღრან ტყეზე ვხუმრობ, მაგრამ საქართველოში მართლაც ძალიან რთულია, პატიოსანი და შრომისუნარიანი მუშახელის პოვნა. თვითონ იდეა დაიბადა მაშინ, როცა გავაანალიზეთ, რომ უნდა შეგვექმნა რაღაც, რასაც ერქმეოდა მხოლოდ ჩვენი და ყველა არსებული ბრენდისგან იქნებოდა განსხვავებული.

M: რატომ „თავრიელი“? (ვგულისხმობ, რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?)

სახელისა და კომბინაციის მოფიქრებაში დაგვეხმარა ერთ-ერთი უნიჭიერესი მხატვარი, რომლის ნახატებსაც ხშირად ვიყენებთ ჩვენი ჩანთების გასაფორმებლად. თვითონ სიტყვა ძველქართულ ლექსიკონში გვხვდება და ძროხის ტყავს ნიშნავს. დავარქვით იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტი ასოცირდება სიძველესთან. ტყავისა და ხის ამგვარი კომბინაცია ჩვენი ექსკლუზივია. თან თვითონ ეს სიტყვა “ თავრიელი” ძალიან ბევრ ენაზე ულამაზესად გამოითქმის.

M: როგორია თავრიელის კონცეფცია? რას სთავაზობს იგი მომხმარებელს?

თავრიელის მთავარი მისიაა, იყოს განსხვავებული, მიმზიდველი და პრაქტიკული. ის ვისაც ესმის ხარისხი, აღფრთოვანებით ხვდება ჩვენს პროდუქტს.

M: რა მასალისგან მზადდება თქვენი პროდუქცია?

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ტყავისა და ხის კომბინირებული ბრენდი. თავრიელი ნატურალურის ასოციაციას იწვევს, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ხარისხს. ახლაც ვმუშაობთ ახალ მოდელებზე, რომ სხვადასხვანაირი მომხმარებლის ულევ ფანტაზიაზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.

M: როგორ ფიქრობთ, რითია თავრიელის პროდუქცია სხვა მსგავსი ტიპის ბრენდების პროდუქციისგან გამორჩეული?

გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მსგავსი კომბინაცია ხისა და ტყავის ჯერ არც ერთ ბრენდს არ ჰქონია და ვიმედოვნებ, რომ ამ ინდივიდუალიზმს შევინარჩუნებთ.

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვისაა თავრიელი? რა სეგმენტზეა გათვლილი?

თავრიელი უკვე შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა. ხშირად გაუმახვილებიათ ყურადღება, რომ ხარისხი, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, არის სარეალიზაციო ფასის შესაბამისი. თითოეული მოდელი რენტაბელური გამოდგა და ფასითაც ხშირად იგებს მომხმარებლის გულს – ყველაფერთან ერთად, ხელმისაწვდომია. ვცდილობთ, ეტაპობრივად გვქონდეს პატარ-პატარა აქციები, რომ წავახალისოთ მომხმარებელი და ამასთანავე უფრო ფართო მასშტაბით გაგვიცნოს ქართულმა ბაზარმა.

M: სად და როგორ შეუძლიათ მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

თითქმის ყოველ დღე ჩვენი სტენდი მუშაობს ერეკლე II ის ქუჩაზე, ამის გარდა, მონაწილეობას ვიღებთ თბილისი მოლში ჩატარებულ შოუ რუმში და სამომავლოდ ვგეგმავთ, STALL-ზეც გამოვჩნდეთ. ამასთანავე, გვაქვს ონლაინ მომსახურება, როგორც Facebook, ასევე  გვერდებზე, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობაც შეუძლია.

 

განხილვა