14
Sep
2015

Taxitube – ტაქსებზე განთავსებული LED ეკრანები !

14 Sep 2015

Startauperi
Startauperi


ონლაინ მარკეტინგი და ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო მიმზიდველი სფერო ხდება. მსოფლიოში აპრობირებული სარეკლამო მეთოდები საქართველოშიც აქტიურად იკიდებს ფეხს და უფრო მეტიც, საქართველოში შექმნილი პროდუქტებიც გლობალური ინტერესის საგანი ხდება . ამის ერთ-ერთი მაგალითია კომპანია taxitube.io, რომლის თანადამფუძნებელი და დირექტორი ზურა იაშვილი პროექტის შესახებ მარკეტერს ესაუბრა.

M: რა კონცეფციას ატარებს კომპანია taxitube.io?

ჩვენი კომპანია გახლავთ ნოვატორი ციფრული მარკეტინგის სფეროში (Digital Out Of Home DOOH), რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პირველებმა დავნერგეთ საქართველოში თანამედროვე გარე რეკლამის საშუალება – ტაქსებზე განთავსებული LED ეკრანები. ეს დაფები გამორჩეულია ტექნიკური მახასიათებლებით. რაც ყველაზე მთავარია, მონიტორებზე განთავსებული სარეკლამო კამპანიები იმართება ცენტრალიზებული პროგრამით (soft-ით), ეს პროგრამა კი ჩვენმა დეველოპერთა გუნდმა შექმნა ექსკლუზიურად. ამ პროგრამით შესაძლებელია სარეკლამო კამპანიის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი ადგილმდებარეობა, დრო და ოფისიდან გაუსვლელად განათავსოს რეკლამა და თვალი მიადევნოს საკუთარ სარეკლამო კამპანიას ჩვენს მონიტორებზე. დაახლოებით იგივე სერვისს სთავაზობს კლიენტებს რაც Facebook Business Manager ან Google Ads.

რეკლამის ღირებულება კი საათში მხოლოდ 7 ლარია, რაც გულისხმობს ქალაქში მოძრავ 25 ვიზუალურად მსგავს ტაქსიზე ერთდროულ სარეკლამო მაუწყებლობას. ჩვენს ეკრანებს აქვთ ყველა გავრცელებული ფორმატის მხარდაჭერა, მათ შორის ხმოვანი რეკლამისაც, თუმცა მას არ ვიყენებთ, რადგან შესაძლებელია მოსახლეობისათვის გამაღიზიანებელი იყოს. ჩვენი პროგრამის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისთვის არის ხელმისაწვდომი და ძალიან გვეამაყება, რომ მათ შორის საქართველოც შევიდა.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ? 

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მონიტორები მზადდება ექსკლუზიურად კომპანია “ტაქსითუბისათვის” და ჩვენ გახლავართ ჩვენი მომწოდებლებისათვის რეგიონალური პარტნიორი. პროგრამა კი, რომელიც მომხმარებელს რეკლამის მართვის უნიკალურ საშუალებას აძლევს, ჩვენს კომპანიას უკონკურენტოს ხდის. ამდენად, ვფიქრობ ძალიან ბევრი მახასიათებლით გამორჩეულია ჩვენი კომპანია. უბრალოდ შეუძლებელია რომ ჩვენნაირი მახასიათებლების მქონე ლედ ეკრანების ქსელი და სისტემური/სოფტ მხარდაჭერა საქართველოში ან თუნდაც მსოფლიოში კიდევ არსებობდეს, რადგან ჩვენი სისტემა/სოფტი დაწერილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ასეთი პროდუქტი ჯერ ბაზარზე არ არსებობს. ამიტომაც არის რომ ჩვენს სოფტს თავიანთი ეკრანების ქსელის სამართავად უკვე ელოდება რამოდენიმე საერთაშორისო კომპანია.

M: რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროთი დაინტერესება ? 

სარეკლამო ბაზარზე პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შევამჩნიეთ. მაგალითად:

გარე რეკლამას აქვს მოძველებული ინფრასტრუქტურა; სტატიკური და ძვირი ბანერები არა ეფექტურს ხდის კომპანიის რეკლამას და შესაბამისად მას გააჩნია ძალიან დაბალი ROI (უკუგება).

ტელევიზია საკმაოდ ძვირია და ეს ინდუსტრია განიცდის მაყურებლის მკვეთრ კლებას.

ხოლო ინტერნეტში ფასიან რეკლამებზე გამოხმაურება სულ უფრო მცირდება სპამ-ფილტრებისა თუ სარეკლამო ფანჯრის პროგრამული ბლოკირებების გავრცელების გამო.

ამ ფონზე, გარე რეკლამის იმგვარი ციფრული მედია ტექნოლოგია, როგორიც არის “ტაქსითუბი” ბაზარზე სწორ დროს სწორად შესვლას გულისხმობდა.

ტექნოლოგიების განვითარებამ უკვე შესაძლებელი გახადა, რომ მინიმალური ენერგიით შეგვექმნა მაქსიმალურად ხარისხიანი გამოსახულების მქონე ჭკვიანი ლედ ეკრანი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ინვოვაციური მარკეტინგული კამპანიები შექმნან და მართონ თავად ჩვენმა კლიენტებმა.

პროექტის განმახორციელებელი არის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მცოდნე, პროფესიონალების გუნდი. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სრულიად ახალი პროდუქტი. საბოლოო ჯამში, დიდი შრომის შედეგად მივიღეთ ის, რაც გვსურდა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დეველოპერებიც იყვნენ ჩართულები და ეს პროგრამა სხვადასხვა უცხოურ სოფტს გაუწევს კონკურენციას. როგორც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები აღნიშნავენ, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა ბევრად ამბიციურია, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა დანარჩენი.

აქ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ვგეგმავთ სხვა, ინოვაციური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ მომხმარებელს. გვინდა ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უფრო განვითარებული ქვეყნების გვერდით აღმოჩნდეს ტექნოლოგიური ბიზნესების რუქაზე.

taxitubeM: რა სირთულეები გადალახეთ?

ნებისმიერი სიახლე სირთულეს გულისხმობს. ჩვენც ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა. ორად გავყოფდი ამ გამოწვევებს: თავდაპირველად უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი სოფტის არქიტექტურის შექმნა, ე.წ. machine learning-ის ტექნოლოგიის გამოყენებით კომერციული პროდუქტისთვის და მეორე, ჰარდვეარი, ანუ სპეციალურად ამ პროგრამისთვის უნდა შექმნილიყო მაღალტექნოლოგიური მონიტორები, რაც მზა სახით საზღვარგარეთაც არ მოიპოვება, რადგან სპეციალური შეკვეთით მზადდება. მიზანდასახულად მივყევით პროექტის ეტაპებს და მივაღწიეთ დასახულ შედეგს.

ამ ეტაპზე ჩვენ თავად არ ვართ გაყიდვებით დაკავებული. სხვადასხვა სარეკლამო კომპანიების მხრიდან იგეგმება ამ პროდუქტის გაყიდვა.

M:  რაც შეეხება თქვენს სახელსა და ლოგოს 

კომპანიის სახელში გამოყენებული tube, ბევრს ალბათ youtube-თან უჩენს ასოციაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა, შინაარსობრივად შესაძლოა იყოს მსგავსება, რადგან როგორც youtube-ს აქვს ნებისმიერი ფორმატის ვიდეო მხარდაჭერა, ასევე ჩვენი პლათფორმა, მონიტორების ქსელიც, ყველა არსებულ ვიდეო ფორმატს ესადაგება. რაც შეეხება ლოგოს ფერებს, ესენია წითელი, თეთრი და შავი, ჩვენი ლოგო  ასახავს ტაქსს და მასზე განთავსებულ სამაუწყებლო საშუალება-მონიტორს.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

რამდენიმე მიმართულება გვაქვს: საქართველოს ბაზარზე ვგეგმავთ მონიტორების რაოდენობის გაზრდას, ამავდროულად, რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფით და მომავალში მის ექსპორტსაც ვაპირებთ. შესაბამისად, საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებასაც არ გამოვრიცხავთ.

ავტორი: მანანა ნოდია

განხილვა