მუსიკალურ ღონისძიებებზე სიარული ჯერ მარტო იმიტომ ღირს, რომ იქ რუბრიკისთვის კიდევ ერთი საინტერესო რესპონდენტი შეიძლება აღმოაჩინო. ერთ-ერთ ასეთ ლაივზე ჩვენი აწ უკვე ყოფილი სტუმრებიც ვიპოვე: ბენდი „წრე” და Askeesi, თუმცა ჩემი ყურადღება ამჯერად ორმა ფაქტმა მიიქცია:
1) დებიუტანტი ბენდი „უწინარესი”, რომლის შესრულებასაც ასე შევაფასებდი – მრავალხმიანი ქართული ფოლკლორისა და მძიმე ინსტრუმენტალის მქონე მეტალჟანრის დაუჯერებელი შერწყმა; 2) კონცერტის მონაწილე სამივე ბენდში ერთი ადამიანი უკრავდა და მღეროდა კიდეც – თაზო კიკორია. მოსმენისას ვფიქრობდი, რამხელა შრომა და გადამზადება სჭირდება იმას, რომ ერთ დღეს სამ სხვადასხვა გუნდთან დაუკრა, ემოციურად თუ ტექნიკურად შეეთავსო და საკუთარი თავი გადართო ერთი მუსიკიდან მეორეზე, მერე მესამეზე…აქედანვე გადაწყდა, რომ თაზო მორიგი სტატიების ერთ-ერთი სტუმარი გახდებოდა. ინტერვიუს დროს, თავისი მულტიფუნქციურობით, მან კიდევ უფრო გაგვაკვირვა.
თაზო კიკორია:
მე Music Box-ის თაობა ვარ, სადაც ბავშვობიდან ვისმენდი შერეულ ჟანრებს: რეპი, როკ ენ როლი, როკი, პოპი და სხვა. დაახლოებით მე-6 კლასში ვიქნებოდი, როდესაც ჩემმა დეიდაშვილმა მომასმენინა Pink Floyd და მივხვდი, რომ ვიპოვე მუსიკა, რომელიც ყველაზე ჩემი გახდებოდა. შემდეგ ამ ჯგუფის სხვა პროექტებსაც ჩავუღრმავდი და მსგავსი მუსიკოსების მოძიება/შესწავლაც დავიწყე.
15-16 წლის ვიქნებოდი, როდესაც მსმენელობიდან შემსრულებლობაზე გადავერთე. ხალხურ ფანდურზე დაკვრა ბებიამ მასწავლა, რის შემდეგაც ძალიან დავინტერესდი სიმებიანი საკრავებით. ჩემი პირველი ინსტრუმენტი იყო კლასიკური გიტარა, რომელზეც საყვარელი კომპოზიციების აწყობა და გარჩევა ვისწავლე.
პარალელურად, საკუთარი საავტორო იდეებიც მომდიოდა, რამაც მიმიყვანა ბენდებამდე. პირველ ბენდში რომ მივედი, ვიყავი მხოლოდ 17 წლის და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ცოტა ნაადრევი იყო ჩემი აქ მოხვედრა, თუმცა კომპოზიტორული უნარები სწორედ ამ პერიოდში გამოვიმუშავე და გამოცდილებაც მივიღე.
შემდეგი ბენდი უკვე იყო „რიტუალ მორტისი”, Technical death metal ბენდი, რომელიც დღემდე არსებობს. ამ ბენდში ვუკრავდი ელექტროგიტარაზე.
2018 წელს, ამ ყველაფრის პარალელურად, თსუ-ს სტუდენტურ კაპელაში დავიწყე სიმღერა, სადაც ვარ დაბალი ბანი და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან გავხდი საგუნდო მუსიკის ნაწილი და ეს დღემდე გრძელდება.
გარდა ამისა, ვარ ბენდ „წრის” წევრი და ახლა უკვე ბენდ „უწინარესშიც” ვარ როგორც ვოკალზე, ისე ინსტრუმენტზე. უწინარესი ჩემი ბოლო პროექტია, რომელიც მეგობრებთან და მუსიკალურ თანამოაზრეებთან ერთად შევქმენით.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილიდან ყველა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში იმისთვის, რომ საკუთარი ბენდი შემეკრა და საავტორო მუსიკა მეკეთებინა.
M: თაზო, მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ბენდი „უწინარესი” და საიდან მოდის ეს სახელწოდება?
თავიდან ვიყავით მე და ლევან შუღლიაშვილი, რომელიც დღეს არის როგორც ვოკალზე, ისე ელექტროგიტარაზე. ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა რევაზ ბაჯელიძე ბასგიტარაზე, ლუკა გოლიაძე, ფოლკინსტრუმენტებსა და ვოკალზე და რატი შენგელია დრამსა და ვოკალზე. რატის თქვენც იცნობთ „წრიდან” და Psychonaut 4-დან.
„უწინარესი” არის პროექტი, რომელშიც ერთიანდება ჩემი ყველა მუსიკალური ეტაპი: პოლიფონია, მძიმე მუსიკის ტექნიკურ-კომპოზიციური უნარები, საავტორო მუსიკაზე მუშაობა და სხვა.
რაც შეეხება სახელწოდებას, ის მოდის გურული სიმღერიდან „უწინარეს მას ვადიდებთ”, რომლის ტექსტიც არის აღებული სიმონ გუგუნავას პოემიდან „თამარიანი”. ვფიქრობთ, რომ იმ კონცეფციასა თუ თემატიკას, რაც გვაქვს, ყველაზე კარგად სწორედ ეს სიტყვა გამოხატავდა.
M: თქვენ ახსენეთ, რომ უწინარესი დაგროვილი გამოცდილების შედეგია. როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას უწინარესის განვითარებისთვის?
ჩემი დაკვირვებით, მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია, იყოს გულწრფელი და მთლიანად იყოს ჩაფლული იმაში, რასაც აკეთებს. აუცილებელია ისიც, რომ გქონდეს გამოცდილება იმისა, რასაც აკეთებ. თუ წერ ისეთ რამეზე, რაც პირადად არ გაქვს გამოცდილი, რთულია, რომ ამას გვერდიდან შეხედო და ისე შექმნა გულწრფელი ნაწარმოები. შეიძლება გამოგივიდეს, მაგრამ ბოლომდე ახლოს ვერ იქნები შენს სათქმელთან, ამიტომ მთავარი, რაც ვისწავლე, მუსიკაში აუცილებელია გულწრფელობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს დავინახე სხვა ბენდებთან თანამშრომლობის დროსაც. მაგალითად, Askeesi იყო ე.წ. one man band, რომელიც შემდეგ კონცერტებისთვის შეიკრა სხვადასხვა წევრით. მისი მუსიკა იყო თვითთერაპია, თვითგამოხატვის საშუალება და დავინახე სწორედ ის გულწრფელობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. იგივე შემიძლია ვთქვა „წრეზეც”. ამ გამოცდილებამ მომცა სტიმული, რომ თავადაც შემექმნა ასეთი გულწრფელი მუსიკა, სადაც საკუთარ თავს გამოვხატავ. ეს ბენდია ამჟამად „უწინარესი”.
M: ბოლო კონცერტზე როცა გნახეთ, ყველა ბენდთან ერთად უკრავდით. რამდენად რთულია ან მარტივია თქვენთვის ასეთი მულტიფუნქციურობა, მით უმეტეს, ერთ დღეს, ერთ სცენაზე?
შემიძლია, ამას „შესაშური გამოცდილება” ვუწოდო. Askeesi-თ რომ დავიწყო, ეს არის ბენდი, რომელშიც იგრძნობა ოჯახური გარემო, სადაც მისვლისთანავე ვიგრძენი თავი სახლში. მათში მომეწონა ის, რომ კარგად ესმოდათ ის საქმე, რასაც აკეთებდნენ და ჰქონდათ ერთობა, რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელი და მარტივად ადაპტირებადი გარემო გახდა.
იგივე ხდება წრეშიც. ამ ბენდს არ ჰყავს ერთი კონკრეტული დამფუძნებელი. აქ ყველას ჩვენ-ჩვენი სათქმელი გვაქვს და ჩვენი ემოციები ერთმანეთს ძალიან კარგად პასუხობს. აქ არ არის ერთი არის დომინანტი და სხვები უბრალოდ ტექნიკური შემსრულებლები არ არიან. თითოეული წევრი ერთი სხეულის ნაწილია, რომელიც ერთად მუშაობს.
აქვე ვახსენებ გუნდში სიმღერასაც, რადგან ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. წარმოიდგინეთ, 50-ამდე ადამიანი, რომლიდანაც ზოგი სოპრანოა, ზოგი ბანი და ალტი, ყველა ერთ სიმღერას ასრულებს ერთდროულად. აქ სიმღერა ჰგავს პალიტრაზე დალაგებულ სხვადასხვა ფერს, რომლითაც საბოლოოდ პეიზაჟი იხატება. გუნდში სიმღერამ მასწავლა ყველაზე მთავარი რამ – კოლაბორაციული მუშაობა.
M: როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?
თითოეული სიმღერის შექმნა ინდივიდუალურია. შეიძლება უბრალოდ, ინსტრუმენტზე დაკვრის დროს გაჩნდეს ერთი კონკრეტული ფრაზა, რომელზეც მერე მთლიანი კომპოზიცია ეწყობა. ყოფილა ისეც, რომ ჯერ თავში მომსვლია ზოგადი თემატიკა და მერე ის ჩამიშლია სიმღერის ტექსტად, შემდეგ კი მიფიქრია, როგორ შეიძლება ეს ლექსი მუსიკად გაჟღერდეს.
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ დამიხატავს სიუჟეტი და ამის მიხედვით მომსვლია სიმღერის იდეა. ხატვა რადგან ვახსენე, გეტყვით, რომ პროფესიით არქიტექტორი ვარ და მაქვს ეს სიახლოვე ხელოვნებასთან. სხვათა შორის, უწინარესის გარეკანიც ჩემი დახატულია და ამ ნახატის გარშემოც სხვადასხვა მუსიკალური იდეა წამოვიდა.
M: თაზო, გაგვიზიარეთ უახლოესი სამომავლო გეგმები.
წრესა და თსუ-ს სტუდენტურ კაპელაში ვაგრძელებ მუშაობას. წრესთან ერთად წელიწადში რამდენიმე ღონისძიება გვაქვს ხოლმე და აქ ჩემი მიზანი ისაა, რომ მივაწვდინო მსმენელს ბენდის ხმა.
კაპელასთან ერთად ხშირად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონკურსებსა და კონცერტებში და ამ მიმართულებით წელსაც აქტიურები ვიქნებით.
ხოლო რაც შეეხება უწინარესს, ჩვენი გეგმებია ნამუშევრების ეტაპობრივად გამოქვეყნება. ამ ბენდის მიზანია, რომ თავად ჩვენმა შემოქმედებამ მეტი მოჰყვეს ჩვენ შესახებ, ვიდრე პირიქით.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
მიჭირს ერთი კონკრეტული სიმღერის შერჩევა, თუმცა მაინც დავტოვებდი უწინარესის „მწუხრადმდე”, რადგან ეს მაინც ახალი ბენდია და საინტერესოა მკითხველის შეფასება.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი