ხუთი წლის წინ, შავი ზღვის სანაპიროზე ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი დაიბადა. მას შემდეგ, Ad Black Sea ყოველწლიურად უყრის თავს ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ყოველწლიურად, ბათუმი იქცევა კრეატიულ ჰაბად და მასპინძლობს ასობით დელეგატს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, ეს მაჩვენებელი რეკორდულია – Ad Black Sea 2019-ს კრეატიულ ზეიმს 17 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი შემოუერთდება. ფესტივალი საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილადაა დაყოფილი. გამოცდილების გასაზიარებლად, წელს, რეკლამის მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვესტუმრებიან და საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. Ad Black Sea არის კრეატიული ინდუსტრიის ზეიმი, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა საზოგადო ყურადღების ცენტრში მოქცევა. ფესტივალის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს თიბისის, რომელიც პირველივე წლიდან Ad Black Sea-ს მხარდამჭერია. საერთო ხედვას ორგანიზატორებიცა და მხარდამჭერებიც უფრო მაღალ ლიგაში, Cannes Lions-ისა და Eurobest-ის მასშტაბებისკენ მიჰყავს. მიაჩნიათ, რომ ამაში ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია.

ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ს დირექტორი: “თიბისიმ მხარდაჭერა პროექტის დაწყებისთანავე გამოგვიცხადა. ჩვენთან ერთად ირწმუნა ამ წამოწყების და ფესტივალიც ყოველწლიურად ზრდიდა მასშტაბებს. წელს, განსაკუთრებული Ad Black Sea გვექნება, მონაწილეების თვალსაზრისითაც და სპიკერების მხრივაც. შეიძლება სუბიექტურად ვუყურებდე, მაგრამ Ad Black Sea დარგის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. წლიდან წლამდე, იცვლება და ვითარდება ფორმატიც, ხარისხობრივადაც და შინაარსობრივადაც. სპიკერებიც განსაკუთრებული გვყავს და კონკურსში მონაწილე პროექტების რაოდენობაც რეკორდულია. მომდევნო ეტაპისთვის, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე ვფიქრობთ. გვინდა გავცდეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და მოვიცვათ აღმოსავლეთ ევროპაც. საბოლოო ჯამში, ეს დინამიკა საკმაოდ შესამჩნევია და გვაიმედებს, რომ სწორი გზით მივდივართ.”
ფესტივალის ღირებულებებსა და მისი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, თიბისის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ნინო ეგაძე გვესაუბრა.
M: უკვე მეხუთე წელია თიბისი Ad Black Sea-ს მხარდამჭერია. რატომაა თიბისისთვის ამ ფესტივალის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?

ეს პროექტი დასაწყისიდანვე წარმოადგენდა ჩვენს ინტერესს. ნიშური ფორმატის მიუხედავად, უკვე მოიაზრებოდა, როგორც რეგიონის ყველაზე მასშტაბური და საინტერესო მოვლენა, რომელიც მოიზიდავდა რეგიონის სერიოზულ მოთამაშეებს და სფეროსთვის დიდ ზეიმად იქცეოდა. წლების განმავლობაში ღონისძიება, უფრო მეტად, კრეატიულ სფეროში მოღვაწე ადამიანებს აერთიანებდა. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ერთად შევძლებდით ამ პლატფორმის განვითარებას. კრეატიულობა, დიზაინ ფიქრი და ის, რასაც ეს ფესტივალი ემსახურება, ჩვენი ინტერესის სფეროს უკვე 30-ე წელია, რაც წარმოადგენს. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ეს პლატფორმა გაგვეზიარებინა და ადამიანებისთვის საინტერესო თემები წარმოგვეჩინა. შემდეგ გვსურდა, მარკეტერები და მარკეტინგის სფერო დაგვეინტერესებინა ამ ფესტივალით და ისეთივე მნიშვნელოვან მოვლენად გვექცია, როგორიც კანის ლომები ან Eurobest-ია. ამისთვის აუცილებელია ბიზნესისა და კომერციულად დაინტერესებული ადამიანების თანამონაწილეობაც.
ახლა უკვე იმ ეტაპზე გადავდივართ, როცა ყველა ვხვდებით ამ ფესტივალის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად ესმება ხაზი იმ თანამშრომლობას, რასაც ვავითარებთ, ასევე, იმ მაღალი დონის სპიკერებს, რომლებიც წელს ეწვევიან ფესტივალს. მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობაც და ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია იმ სინერგიის გარეშე, რასაც ჰქვია თავად სფეროს ერთობა, თემის გარშემო და კომერციული და ბიზნეს მიმართულების დაინტერესება ამ სფეროს მნიშვნელობით. ეს არის ბრენდინგი თავად კრეატიულობისთვის. უფრო ზუსტად, ჩვენ ყველა ვმუშაობთ სფეროში, სადაც ვართ, ერთი მხრივ, კრეატიული სფეროს წარმომადგენლები, მეორე მხრივ, მარკეტერები. Ad Black Sea არის ქართული კრეატიული სფეროს ბრენდინგი და იმის ნიშანიც, თუ რამდენად კარგად განვითარდება ეს სფერო მომავალში. Ad Black Sea-ს არამარტო საინტერესო ღონისძიების ან აზრის ლიდერების თავყრილობის ჭრილში ვუყურებთ, არამედ როგორც ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას. კრეატიულობა როგორც ინოვაციურ ბიზნესში, ისე კომუნიკაციაში არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მისი სწორად პოზიციონირება კი ჩვენს დიდ ინტერესს წარმოადგენს.
M: რა პროგრესი შეინიშნება, რაც ამ ფესტივალმა მოუტანა ქართულ რეალობას?
ყოველ ეტაპზე მიხაროდა ის წარმატებები, რასაც ეს ფესტივალი აღწევდა, თუმცა ყველაზე მკაფიოდ ეს წინსვლა შარშან შეინიშნებოდა. თუ იქამდე ეს უფრო ლოკალური კრეატორების თავყრილობა იყო, გასულ წელს უკვე ჩანდა, რამდენად საერთაშორისო პლატფორმად იქცევა ის, ჩვენ თვალწინ. წელს, ედ ბლექ სი ბევრად მასშტაბურია, სფეროს გარეთ ადამიანებსაც გაუჩნდათ მონაწილეობის სურვილი, რაზეც მიუთითებს მონაწილეთა რაოდენობაც. პროგრესი შეინიშნება იმაშიც, რომ კომუნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმატა ამ თემის მიმართ საერთო ინტერესმა. მონაწილეთა ასეთი დიდი რაოდენობაც ამ წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობისა და რეპუტაციის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში, იმ სპიკერების მოწვევაც არ იქნებოდა ადვილი, რომლებიც წელს არიან წარმოდგენილები. Ad Black Sea უკვე ბრენდია.
M: სხვა ბიზნესებისთვის რითაა საინტერესო Ad Black Sea-ს მხარდაჭერა?
ჩვენ, როგორც ამ სფეროს მამოძრავებელმა ნაწილმა და სხვებისთვის მაგალითის მიმცემმა, ამ სფეროს მხარდაჭერაში უნდა დავინახოთ ბიზნესის წინსვლაც. ვგულისხმობ იმას, რომ კრეატიული და საკომუნიკაციო სფეროს განვითარება პირდაპირ უკავშირება ბიზნესის სფეროს წარმატებას. ამასთან, ესაა ფესტივალი, საიდანაც შეგიძლიათ პირდაპირ ესაუბროთ თქვენთვის საინტერესო სეგმენტს. თუნდაც, სააგენტოსთან ერთად შექმნილი კამპანია, გამარჯვების მოპოვებისას, მეორე სიცოცხლეს იძენს ბიზნესისთვის. ძალიან პრესტიჟულია, როდესაც ბიზნესს საფესტივალო ქეისები აქვს თავის პორტფოლიოში. მაგალითად, Nike, Apple და ძალიან ბევრი გლობალური ბრენდი, რომელიც ასეთ კრეატიულ კამპანიებს ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორსაც კომერციულ მიმართულებას. ვიმედოვნებ, ეს ქართული ბიზნესისთვისაც მაგალითი იქნება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი