16
Aug
2019

თიბისელობიდან ამაზონელობამდე – კოტე მურადოვის ამბავი

16 Aug 2019

მსოფლიოს 4 გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიიდან ერთ-ერთის – Amazon-ის დუბლინის ოფისში 2 ქართველი მუშაობს – ორივე ყოფილი თიბისელი. ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი კომპანიის დეველოპერების გუნდს კოტე მურადოვი 1 კვირაა რაც შეუერთდა. ისტორია კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როდესაც მსოფლიოს წამყვან კომპანიაში მოხვედრასთან ერთად, ერთ-ერთი მამოძრავებელი მიზეზი სიყვარულია.

“Amazon-ის გარდა, ასეთივე დონის, კიდევ ორი უმსხვილესი ტექ-კომპანიისგან მქონდა შეთავაზება, თუმცა საუკეთესო პირობები ამაზონმა შემომთავაზა.”

“ჩემი საცოლე 4 წელი მუშაობდა თიბისიში, შემდეგ სასწავლებლად წავიდა, ბოლოს კი Amazon-ში მოხვდა. დუბლინში მუშაობა ამიტომაც მინდოდა. ვიოლეტა ერთი სართულით დაბლა, პროექტების მართვის გუნდში მუშაობს.”

კოტე თიბისიში დეველოპერის პოზიციაზე 3 წელი მუშაობდა. მისი საქმე საბარათე ჯგუფის ამოცანებთან იყო დაკავშირებული – პროცესების ავტომატიზებასა და ადამიანის ჩარევის შემცირებასთან.

„თიბისიში ყველაზე მეტად გარემო და ხალხი მომწონდა, პროფესიონალიზმი და მეგობრული განწყობები გუნდში. მომწონდა თანასწორობა და ის, რომ ურთიერთობები არ იყო იერარქიული. განვითარებისთვის ყველანაირი საშუალება მქონდა – ჩემს ახალ ინიციატივებსა და იდეებს ყოველთვის ჰქონდა უფროსის მხარდაჭერა, რომელსაც არასასურველი შედეგის არ ეშინოდა და უფლებას მაძლევდა გამერისკა და რაღაც ახალი მეცადა. ამოცანა, რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა იყო და რომელმაც საბოლოოდ დიდი გამოცდილება მომცა, ბარათების ყველა სისტემაში ავტომატური დაბლოკვაა. პროფესიული კუთხით დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის იმხელა კომპანიაში მუშაობა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე აქვს გავლენა, ამიტომ თიბისელობა ერთგვარი სტატუსიც იყო ჩემთვის. ადამიანური კუთხით კი, ერთი დიდი ოჯახის წევრი ვიყავი, სადაც თავს საიმედოდ, დაცულად ვგრძნობდი და სადაც ვიცოდი, რომ თუკი რამე ცუდი მოხდებოდა, ჩემ გვერდით 7000 კაცი დადგებოდა.“

კოტეს ცხოვრებაში Amazon აპრილში გამოჩნდა, როდესაც დეველოპმენტში გამოცხადებულ ვაკანსიაზე CV გააგზავნა. ჯერ ონლაინ ტესტირება გაიარა, შემდეგ სატელეფონო გასაუბრება და ბოლოს დუბლინში დაიბარეს. ადგილზე 5 ინტერვიუს შემდეგ, კომპანიისგან შემოთავაზება მიიღო. Amazon CloudWatch რესურსების მონიტორინგის, დაკვირვებისა და ავომატიზაციის სისტემაა, რომლის მულტინაციონალურ და მულტიკულტურულ გუნდს ახლა უკვე ქართველი წევრიც ჰყავს.

მართალია, ბევრად დიდ კომპანიაში უწევს ადაპტაციის გავლა, თუმცა თიბისისთან ბევრ საერთოს პოულობს, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივს ხდის.

“Amazon მომხმარებელზე ორიენტრიებული კომპანიაა, ისევე, როგორც თიბისი. აქ ყველაზე მაღლა კლიენტი დგას და შემდეგ სხვა დანარჩენი. შიდა კულტურით თიბისის Amazon-თან საერთო ნამდვილად აქვს.”

…როდესაც ეჯაილ სტრუქტურაზე გადავედით, გარემო კიდევ უფრო თანასწორი, პროცესები კი უფრო გამჭვირვალე გახდა და თიბისი კიდევ უფრო მიუახლოვდა მსხვილი, საერთაშორისო კომპანიების სტანდარტს.“

Amazon-ში მართვის 14 პრინციპი არსებობს, რომელსაც იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კომპანიის კულტურაში ოპერირების ერთგვარ ინსტრუქციას ქმნის. კანდიდატის განხილვისას მოწმდება – ფუნქციური და პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა, რამდენად აკმაყოფილებს ის ლიდერობისა და მართვის პრინციპებს:

მომხმარებლის კმაყოფილებით შეპყრობილი;
საკუთრება და პასუხისმგებლობა;
გამოგონება და გამარტივება;
სწორი ინსტინქტები და თავდაჯერებულობა;
სწავლა და ცნობისმოყვარეობა;
სწორი ხალხის აყვანა, განვითარება და ტალანტების გამოზრდა;
მოთხოვნა ყველაზე მაღალ სტანდარტზე;
ფართოდ აზროვნება;
მოქმედება;
მოკრძალებულობა;
ნდობის მოპოვება;
სიღრმეში, დეტალებში ჩასვლა;
ხასიათის სიმტკიცე, აზრთა სხვადასხვაობა და საკუთარი პოზიციის დაცვა;
რეალური შედეგების დადება.

„გასაუბრებებზე ბევრნაირად მოწმდება რამდენად შეეფერები ამ პრინციპებს. ალბათ, ამიტომაც აქვს Amazon-ს ყველაზე მეტი გასაუბრება – ნახევარი ტექნიკურ უნარებს ამოწმებს, დანარჩენ ეტაპებზე კი წინასწარ გაფრთხილებენ, რომ მენეჯერები შენს ე.წ Cultural Fit-ს, შეისწავლიან, ანუ რამდენად ჯდები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურაში.

სწორედ თიბისიში დაგროვილი პროფესიული და ადამიანური გამოცდილებები დამეხმარა, რომ Amazon-ში შესარჩევ ეტაპებზე დაენახათ – მხოლოდ ტექნიკური ტიპი, Code Monkey არ ვიყავი – ანუ, მარტივად ჩასანაცვლებელი, „ერთჯერადი გამოყენების“ პროგრამისტი, რომლის ფუნქციაც მხოლოდ კოდების წერაა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ეწყობი გუნდს და როგორი ურთიერთობები გაქვს. მუდმივად მოწმდება თანამშრომლების უკუკავშირი და აზრი ერთმანეთის შესახებ. ამ შედეგებს დაწინაურებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, არ უნდა იყო ჩაკეტილი და უნდა ეცადო, რომ მეგობრული და სხვებისთვის სასარგებლო იყო. ვგეგმავ რამდენიმე წელი აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდე.“

 

წყარო: helloblog

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა