სულ რაღაც, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარიამ მიქელაშვილის ახალ პოზიციაზე გიამბეთ. ახლა, თიბისიში კვლავ სიახლეა და ამჯერად, მარკეტერმა ახალი თაობის მიმართულებიდან, თიბისის ბრენდ მარკეტინგის ლიდის პოზიციაზე გადაინაცვლა. თიბისის გუნდთან უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. წლების წინ, გუნდს ბრენდ მენეჯერის პოზიციით შეუერთდა და ახალი თაობის პროექტებში აქტიურად ჩაება. უფრო ადრე კი, სხვადასხვა შემოქმედებით სააგენტოში მუშაობდა. მარიამ მიქელაშვილმა მარკეტერთან თავის ახალ როლსა და გეგმებზე ისაუბრა.
M: წლების განმავლობაში, გუნდთან ერთად, ახალი თაობის მიმართულებაზე მუშაობდი. რა იცვლება შენთვის ახლა, პოზიციასთან ერთად?
თიბისიში მოსვლის დღიდან, ჩემი უშუალო საქმიანობა ახალი თაობისთვის შექმნილი პროდუქტების, სერვისებისა და ბრენდულ კომუნიკაციას მოიცავდა. ამ დროის მანძილზე, ბევრი სიახლე შემოვიტანეთ ბაზარზე და კიდევ უფრო კონცენტრირებულად დავიწყეთ ამ აუდიტორიასთან საუბარი, ბრენდისა თუ პროდუქტის ჭრილში. ახლა, ახალ როლზე, ჩემი ფოკუსი თიბისის ბრენდის გრძელვადიან, სტრატეგიულ განვითარებას მოიცავს.
M: როგორია ხედვა და მოლოდინები ბრენდ მარკეტინგის ლიდის როლში?
მასშტაბი, წინა პოზიციასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დიდია. ბუნებრივია, თიბისი კვლავ აგრძელებს ახალ თაობაზე ფოკუსს, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბრენდის ხასიათს. მთლიანობაში, მთავარი საზრუნავი ბრენდის სტრატეგიული განვითარება და მართვაა. Ძალიან ბევრი საინტერესო მიმდინარე და სამომავლო პროექტი გვაქვს, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობთ და რომლებსაც მომხმარებლებსაც მალე გავაცნობთ. ალბათ, მთავარი, რასაც ხედვის მხრივ გამოვყოფდი, არის გაძლიერებული ფოკუსი ბრენდსა და ადამიანებს შორის ემოციური კავშირის გამყარებასა და მათი ცხოვრების ხელშესახებ გაუმჯობესებაზე.
M: რაა აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას ბრენდის განვითარებაზე მუშაობისას?
თიბისიში მუშაობამდე, ჩემი სამუშაო გამოცდილება შემოქმედებით სააგენტოებს უკავშირდებოდა. სააგენტოდან ბრენდის მხარეს გადმოსვლა ჩემთვის გარდამტეხი ნაბიჯი იყო და ეს გადაწყვეტილება საკმაოდ გამიადვილდა, რადგან ჩემი პირველი საბანკო გამოცდილება თიბისის უკავშირდებოდა და ბუნებრივად ვიყავი ამ ბრენდის მიმართ ლოიალური, სიახლოვეს ვგრძნობდი მის ხასიათთან, საკომუნიკაციო სტილთან, ღირებულებებთან, გემოვნურ მახასიათებლებთან და სხვა. ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორია ქიმია ბრენდს და ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ბრენდის განვითარებაზე მუშაობენ. ჩემი დაკვირვებით, თუ გიყვარს ბრენდი, რომელსაც ქმნი და ავითარებ, სამუშაო პროცესიც უფრო სასიამოვნოა და მუშაობის შედეგიც ყოველთვის უკეთესია.
M: შენთვის რითაა საინტერესო ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელობა და ის, რისი შექმნის საშუალებასაც გაძლევს ეს საქმე?
ახალი როლი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. წინ ბევრი გამოწვევაა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ მათთან გასამკლავებლად. ამდენად, ამ პასუხისმგებლობას, პროცესში დიდი სიამოვნებაც ახლავს თან, რაც ჩემთვის საინტერესო მოტივაციაა.
ძირითად პროფესიად მარკეტინგი იმიტომაც ავირჩიე, რომ ძალიან ბევრი რამის შექმნის, ექსპერიმენტირების, ყოველდღიურობაში შემოქმედებითად დახარჯვის საშუალებას მაძლევს და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პროფესიაში, მნიშვნელოვანია კომფორტულად იყო საკუთარ თავთან და აკეთო ის, რაც გულწრფელად გსიამოვნებს და არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს. ამ საქმიანობის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი იმის გააზრებაა, რამდენად შევძელით დასახულ მიზანთან მიახლოება და რა ვისწავლეთ ამ ყველაფრისგან – რას გავაკეთებდით უკეთ, რას შევცვლიდით და, რაც მთავარია, რა ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს საბოლოოდ ადამიანებზე, რა წვლილი გვაქვს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი