მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს ახალ კურსს “ბრენდის გამოცდილება – Brand Experience”-ს სთავაზობს. კურსი 5 ორსაათიან შეხვედრას მოიცავს და თითოეული მათგანი ერთი მიზნისკენ მიემართება – ბიზნესებს აღმოაჩენინოს ხარვეზები და შესაძლებლობები მათი ბრენდის გამოცდილებაში, როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებით, ისე ინდივიდუალურად მათ ბიზნესებზე მორგებული, სხვადასხვა პრაქტიკული დავალების გამოყენებით.
უფრო დეტალურ ინფორმაციას კი კურსის ტრენერი და თიბისის ბრენდის გამოცდილების კომუნიკაციის ლიდი, ნუკა შევარდნაძე გვიზიარებს. საგულისხმოა, რომ ნუკა აქამდე “სფეისის” ბრენდის გამოცდილებას ხელმძღვანელობდა.
M: დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობს Brand Experience, რა არის მისი არსი და იდეა?
ბრენდის გამოცდილება არის ყველა რეაქციის, ემოციის და ასოციაციის ერთობლიობა, რომელსაც მომხმარებელი ბრენდთან ნებისმიერი ინტერაქციის დროს განიცდის. ეს შეიძლება იყოს ქოლ-ცენტრში განხორციელებული ზარით დაწყებული, დასრულებული ამავე ბრენდის ინსტაგრამ გვერდის “სქროლვით” დამთავრებული – ნებისმიერი გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს.
M: რატომ სჭირდებათ ის ბიზნესმენებს და როგორ ხდება Brand Experience-ის პრაქტიკულად გამოყენება?
იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმენების მთავარ ამოცანას მომხმარებლისთვის “თავისი ბრენდის შეყვარება” წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია ესმოდეთ, რამდენად უსრულებენ მათ ბრენდის დაპირებას. ეს ნებისმიერ შეხების წერტილს და არხს ეხება. შეიძლება ითქვას, უკვე დიდი ხანია, ბრენდინგი ერთი გუნდის ფარგლებში არ არის ჩაკეტილი და მხოლოდ მარკეტინგული კომუნიკაციის თემას არ განეკუთვნება. არამედ, კომპანიის ყველა რგოლს ეხება და ბიზნესის მმართველებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ეს ასპექტი – თავადაც ჩაერთონ ამ პროცესში და ყოველ ჯერზე დაპირების შესრულება უზრუნველყონ თანმიმდევრულად და ბრენდის მთავარ მიზანთან შესაბამისობაში.
ბრენდის გამოცდილების მთავარ იდეასაც ეს უწყვეტი ციკლი წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლის მოსმენით იწყება. შემდეგ ამ უკუკავშირის მიხედვით იქმნება რაიმე პროდუქტი თუ სერვისი… შემდეგ კი კვლავ მომხმარებლის მოსმენამდე მივდივართ და ასე დაუსრულებლად. ასე ხდება მომხმარებელი ბრენდის თანაშემოქმედი.
M: როგორ და რატომ დაიბადა კურსის შექმნის იდეა?
თუ არ ვცდები, “სფეისი” პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოში ბრენდის გამოცდილების ლიდერის პოზიცია გააჩინა. სწორედ აქ გავაერთიანეთ მომხმარებლის გამოცდილებისა და მარკეტინგის გუნდები. ამ წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა გადავწყვიტეთ თიბისიში… ამ რეალური პროცესის პარალელურად, გუნდს გაუჩნდა იდეა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ, რის იდეალურ შესაძლებლობასაც იძლევა კურსი.
M: კურსის აღწერაში წერთ: “ის, რაც აქამდე ვიცოდით ბიზნესის მართვაში, ნელ-ნელა ეფექტურობას კარგავს. როგორ უნდა მოიქცნენ ბრენდები ამ ახალ რეალობაში”… – რა იგულისხმება ამ ახალ რეალობაში?
ადრე, მომხმარებელსა და ბრენდს შორის ცალმხრივი კომუნიკაცია არსებობდა. შესაბამისად, მარკეტერის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, რაც შეიძლება ლამაზად და ეფექტურად მიეტანა ბრენდის დაპირება მომხმარებლამდე. დღეისათვის კი ამ კომუნიკაციამ ორმხრივი ხასიათი შეიძინა – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კომპანიის პროდუქტზე თავისი დადებითი თუ ნეგატიური აზრი საჯაროდ დააფიქსიროს. ამის ფონზე რეალობა იცვლება, ძალაუფლება მომხმარებლის მხარეს გადადის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არა ბრენდის დაპირების გაჟღერება, არამედ მისი სწორად შესრულება ყველა არხში.
ამასთან, ახალ რეალობაში, სადაც ძალაუფლება მომხმარებელთა ხელშია გადასული, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მასთან ადაპტაცია და ლაპარაკის ნაცვლად მეტი მოსმენა.
M: როგორც ვნახეთ, კურსი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თქვენი აზრით, კურსის დასრულების შემდეგ რამდენად შესაძლებელი იქნება მიღებული გამოცდილების რეალურ ბიზნესში დანერგვა?
როდესაც ამ კურსის მომზადება შემომთავაზეს, მაშინვე შევთანხმდით, რომ ის დიდწილად პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. მეც მეუხერხულება მხოლოდ თეორიაზე საუბარი, რომლის ამოკითხვაც, საბოლოო ჯამში, ყველას შეუძლია. ჩავთვალეთ, რომ რა სარგებელიც მე შეიძლებოდა მომეტანა, ის პრაქტიკული გამოცდილებაა, რომელსაც დღეს ვიყენებ ბრენდების მართვისას, შეცდომების დაშვებით და გამოსწორებით. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, რომ კურსის ბოლოს ყველა მონაწილეს ჰქონდეს თავისი ბრენდისთვის სამოქმედო გეგმის მონახაზი, რომელიც დაეხმარება უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლაში. ამ გეგმამდე ეტაპობრივად მივალთ, ხარვეზების და შესაძლებლობების აღმოჩენით.
M: კურსი ხუთ შეხვედრას მოიცავს. საინტერესოა, რა პრინციპით შეირჩა თითოეული შეხვედრის თემა?
ბრენდის გამოცდილების მიმართულებით ეს პირველი კურსია. ხუთივე შეხვედრა ჩვენს საბოლოო მიზანს შეესაბამება – თითოეული საკითხი სამოქმედო გეგმის შექმნას ემსახურება. შევარჩიეთ ისეთი თემები, რომლებიც სწორედ ამ გეგმის დაწერისთვისაა აუცილებელი. მაქსიმალურად ვეცდები, ავარიდოთ თავი ზოგად თეორიას და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც აქ და ახლა გამოადგებათ ბიზნესებს.
იმისათვის, რომ თიბისის ბიზნეს კლუბის წევრი გახდეთ, გამოიწერეთ ნაკრები და ისარგებლეთ განსაკუთრებული შესაძლებლობებით თქვენი ბიზნესისათვის. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: tbcbusiness.ge