თიბისის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ღონისძიებამ – ყოველწლიურმა ბიზნესდაჯილდოებამ სტარტი აიღო და მონაწილეობის მსურველებს უკვე შეუძლიათ, კონკურსზე დარეგისტრირდნენ. დაჯილდოება მე-7 წელია ტარდება და მისი მიზანი არის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მეტი და მეტი წარმატებული ადამიანების გაცნობა. ამ დრომდე დაჯილდოების მონაწილე კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 3000-ს აღწევს.
დაჯილდოების გახსნითი ღონისძიება თიბისი კონცეპტში ჩატარდა. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა წელს გამარჯვებულებად დასახელებული ქართული კომპანიების წარმომადგენლები: „ბარბარესთან”, „ჟუჟუნა” და soplidan.ge. მათ თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის სირთულეები თუ გამოწვევები, რომლებიც ბიზნეს საქმიანობის დაწყებიდან დღემდე შეხვდათ.
წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებას ტრადიციულად, 5 ნომინაცია ექნება: „საუკეთესო პროდუქტისთვის”, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი”, „გამორჩეული როლი რეგიონში განვითარებისთვის”, „სოციალური პასუხისმგებლობისთვის” და ახალი ნომინაცია – „საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”, რომლის მიზანიც იმ კომპანიის გამოვლენა იქნება, რომელიც გამორჩეულად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მას საუკეთესო მოგზაურობას სთავაზობს ბრენდთან ურთიერთობაში.
„წელს პირველად ვარ ჟიურის წევრი ბიზნესდაჯილდოებაზე და ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს ღონისძიება, განსაკუთრებით იმით, რომ ახალი ნომინაციის ჟიურის წევრობა შემხვდა. ვთვლი, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დარგშია, რა პროდუქტს ან რა მომსახურებას ქმნის, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მომხმარებელი და იმაზე ზრუნვა, თუ როგორ შეუქმნას მას საუკეთესო გამოცდილება”, – ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.
„ზოგადად ძალიან რთულია, ერთი კონკრეტული ნიშნით აარჩიო გამარჯვებული, ამიტომაც გვაქვს მრავალფეროვანი ნომინაცია, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი, რის გარეშე წარმატებაც წარმოუდგენელია, არის ის ჟინი, სიყვარული და თავდადება, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი იწყებს თავის საქმეს და აკეთებს. ეს ყველაფერი თუ აქვს, იმ გუნდს არ გაუჭირდება წარმატების მოპოვება, მოუხედავად იმისა, რომ გზად შეიძლება ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდეს”, – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გამარჯვებულები ყველა კატეგორიაში წლის ბოლოს, დეკემბერში გამოვლინდებიან. თიბისის ბიზნესდაჯილდოება კომპანიებისთვის ახალი შანსია, ერთი ნაბიჯით წაიწიონ, უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ თავი და მიიღონ მეტი მოტივაცია საყვარელი საქმის გასაკეთებლად.
„ბიზნესდაჯილდოება ჩვენთვის იყო ნახტომი, რომ ჩვენი თავის კიდევ უფრო მეტად დაგვეჯერებინა და ისეთ სირთულეებს გავმკლავებოდით, რომლებიც ჩვენთვის სიახლეს წარმოადგენდა. გარდა ამისა, კიდევ უფრო გამოგვაჩინა ბაზარზე.
დამწყებ ბიზნესებს ვეტყოდი, რომ კარგად მესმის მათი შიშების, მოლოდინების, სიფრთხილის. ვისაც ეს გამოუვლია, ყველამ კარგად ვიცით, როგორი რთულია ეს გზა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთ მომენტში არ დაიხიოთ უკან, გჯეროდეთ საკუთარი იდეის და რაღაც მომენტში აუცილებლად გაგიმართლებთ”, – მათე აბესაძე, „ჟუჟუნას” თანადამფუძნებელი.
[R]