in

აქ.ახლა თიბისიმ ბიზნეს აპი შექმნა

თიბისიმ, ბიზნეს პროცესების სამართავად, ბიზნეს აპი შექმნა. ამდენად, ბიზნეს მომხმარებლებსა და ფიზიკურ პირებს უკვე ცალ-ცალკე პლატფორმით შეუძლიათ სარგებლობა. ახალ ბიზნეს აპში უკვე დამატებულია რამდენიმე საკვანძო ფუნქციონალი, რაც მომხმარებლებს ბიზნეს დავალებების შესრულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ. როგორც ცნობილია, ის რეგულარულად განახლდება და მომხმარებლების სურვილების ანალიზის საფუძველზე, ახალი ფუნქციონალები დაემატება. აპი უკვე ხელმისაწვდომია, როგორც Android, ასევე iOS მომხმარებლებისთვის. ბიზნეს აპის პროექტზე თიბისის გუნდმა იმუშავა.

M: როგორ მიხვედით ბიზნეს აპის შექმნის გადაწყვეტილებამდე?

ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: დღეს, Mobile First არის მთელი მსოფლიო. ბიზნესების მმართველები, შემქმნელები, მფლობელები ძირითადად მობაილბანკში არიან და მობილურით ახორციელებენ ოპერაციებს. ამდენად, ბიზნეს მობაილ ბანკის ცალსახა საჭიროება გამოჩნდა. აქამდე, ჩვენ გვქონდა ცალკე ინტერნეტ ბანკინგი (დესკტოპიდან საიდანაც შედიოდი), რომელშიც მობილურითაც შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ არ იყო კარგი UX (მომხმარებლის გამოცდილება). ბიზნეს ანგარიშების მართვა, ფიზიკური პირების მობაილბანკიდანაც იყო შესაძლებელი, რაღაც დონეზე. თუმცა, მსოფლიო ტენდენციებისა და მომხმარებლების რჩევების ფონზე, აუცილებელი იყო სიახლის შეტანა.

M: რატომ გახდა საჭირო, ბიზნესისთვის ცალკე აპლიკაცია შექმნილიყო და ფიზიკური პირების მობაილბანკისგან გამიჯნულიყო?

როგორც დავაკვირდით, ბიზნესებს სურვილი აქვთ, რომ ბიზნეს სამყარო ცალკე ჰქონდეთ და ფიზიკური პირების მომსახურება – ცალკე. რამდენიმე ათეულ ათას ბიზნესს ვემსახურებით და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცალკე გამოყოფილი არხების ქონა. ამასთან, ბიზნეს აპში არის ისეთი ფუნქციები, რაც ფიზიკური პირების მობაილბანკში ვერ ჩაჯდება, ამიტომაც ვიფიქრეთ, გაგვემიჯნა ფიზიკური პირებისა და ბიზნესების მობაილბანკი და ბიზნესისთვის ცალკე სივრცე გაგვეკეთებინა.

საინტერესოა ის, რომ საქართველოში, ბიზნესის მომსახურების კონტექსტში, სეგმენტი უკვე იმდენად მნიშვნელოვანი და დიდია, რომ ბანკები და არამხოლოდ ბანკები ბიზნესებს კონკრეტულად მათზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობენ. ესაა სწორედ ის ტრენდი, რაც ჩვენც ავიტაცეთ, ბიზნეს აპის შემთხვევაში.

M: რა იყო მთავარი ამოცანა, აპლიკაციაზე მუშაობისას?

ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს აპის გუნდის კაპიტანი: მთავარი ამოცანა იყო, ბიზნესების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება ცალკე აპლიკაციაში მომხდარიყო. პროგრამა მინიმუმი გვქონდა, რომ უკვე არსებული გამოცდილება ცალკე ისე გადმოგვეტანა, რომ კომპრომისზე არ წავსულიყავით. დეველოპმენტის პროცესში გავითვალისწინეთ ბიზნესების ძალიან ხანგრძლივი უკუკავშირიდან ამოღებული შედეგები, რომლის მიხედვითაც აპლიკაციაში რამდენიმე ფუნქცია ჩავაშენეთ.

M: ბიზნესზე მორგებული რა ფუნქციები აქვს ახალ ბიზნეს აპს? 

პირველ რიგში, ესაა დავალებების ერთი დიჯიპასით დადასტურება. თუკი, თითოეული დავალების დადასტურებას ცალკე დიჯიპასის კოდი სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში, ერთდროულად რამდენიმე დავალების მონიშვნაა შესაძლებელი და ერთი დიჯიპას კოდით დადასტურება.

ასევე, შესაძლებელია ჯგუფური გადარიცხვა, რასაც ძირითადად, სახელფასო გადარიცხვებისთვის იყენებენ და ერთი დადასტურებით, ყველა მიმღებს ერიცხება თანხა.

ბიზნეს ანგარიშების გადართვა, აპლიკაციიდან გამოსვლის გარეშე. არც ისე იშვიათია, როცა ერთი ფიზიკური პირი რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციაში ფლობს პოზიციას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ანგარიშების გადაბმა – იმისთვის, რომ ერთი ბიზნეს ანგარიშიდან მეორეზე გადაინაცვლოთ, აღარაა აუცილებელი ერთი ექაუნთიდან გამოსვლა, მეორეში შესასვლელად. შესაბამისად, ამით ბიზნესის ეს დიდი ხნის მოლოდინი დავაკმაყოფილეთ.

გავაკეთეთ IBAN სკანერი, რომელიც სხვასთან გადარიცხვისას, ადრესატის ანგარიშის ნომერი ხელით რომ არ აკრიფოთ, სმარტფონის კამერის საშუალებით, ფურცლიდან წაიკითხავს IBAN კოდს და ავტომატურად ჩასვამს გადარიცხვის ფორმაში. ამდენად, რისკი იმისა, რომ ხელით აკრეფისას, შეიძლება, ვინმემ რამე შეცდომა დაუშვას, მნიშვნელოვნად შემცირდება.

M: რამდენად მარტივია რეგისტრაციის პროცესი ბიზნეს აპში?

მომხმარებლებს, რომლებიც უკვე თავიანთი ექაუნთებით სარგებლობდნენ, ხელახალი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ – კვლავაც განაგრძობენ სარგებლობას. ხოლო, სრულიად ახალი მომხმარებლის რეგისტრაციისას, არსებობს სრულიად ციფრული ონბორდინგი, რაც სხვა ბანკებს ჯერ არ გაუკეთებიათ. ეს საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ, ანგარიში თიბისიში სრულად დისტანციურად გახსნას. ანგარიშის გახსნის პარალელურად, ინტერნეტ და მობაილბანკშიც დარეგისტრირდეს. ამისთვის არის ცალკე პლატფორმა, businessregistration.ge. ჩვენ, აპლიკაციაში ჩავდეთ რეფერალი, რომელიც ამ ვებგვერდზე გადადის და ფაქტობრივად, მომხმარებლის გზა ანგარიშის შექმნამდე ასეთი შეიძლება იყოს: ბიზნესის სარეგისტრაციოდ, დამფუძნებელი შეიძლება მივიდეს იუსტიციის სახლში, დაარეგისტრიროს ბიზნესი, რეგისტრაციისთანავე გადმოწეროს აპლიკაცია, დარეგისტრირდეს თიბისიში ბიზნეს მომხმარებლად, აპლიკაციიდანვე დარეგისტრირდეს ინტერნეტ მობაილბანკში და გააგრძელოს ბიზნეს აპით საქმიანობა. პრაქტიკულად, ისე, რომ ბანკში საერთოდ არ სჭირდება მისვლა, ბიზნესს შეუძლია დარეგისტრირდეს და საბანკო მომსახურებით ისარგებლოს.

M: საბოლოო ჯამში…

ამ აპლიკაციის მთავარი ღირებულება ისაა, რომ შევქმენით ერთგვარი საძირკველი, მოვუსმინოთ ბიზნესებს მათ ყოველდღიურ ოპერირებაში. რაც შეიძლება, ახლოს ვიყოთ და ვიცოდეთ მათი საჭიროებები – რა გაუხარდებათ, რომ დაემატოს აპლიკაციაში და შესაბამისად, გავითვალისწინოთ აპლიკაციის დახვეწისას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის უკუკავშირი და აპლიკაციაში სპეციალური ღილაკის ჩასმასაც ვაპირებთ, რომ ეს პირდაპირ ჩვენამდე მოვიდეს. ჩვენ გვაინტერესებს ვიცოდეთ ბიზნესის სურვილები, შენიშვნები და ყველაფერი, რაც აპლიკაციასთან მიმართებაში შეიძლება ჰქონდეთ მომხმარებლებს. არის იდეები, რაც უკვე გვაქვს გეგმაში, მაგრამ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მომხმარებლის მოსაზრება. ამდენად, არცერთ იდეას არ დავტოვებთ განხილვის გარეშე და მათ სურვილებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, მომდევნო განახლებებში.

M: როგორ ხედავთ, ბიზნეს აპის აპლიკაციას სამომავლოდ?

ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ეს აპლიკაცია უნდა იყოს ინსტრუმენტი, მენეჯერების ხელში, რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. არ გვსურს, რომ ეს ინტერნეტ ბანკის ზუსტი ასლი იყოს. შეიძლება აპლიკაციაში ისეთი ფუნქციები ჩავაშენოთ, რაც ინტერნეტ აპლიკაციას არ ექნება. სამომავლოდ, ბიზნეს აპი გვესახება ყოველდღიური ოპერაციებისთვის საჭირო აპლიკაციად, რომელსაც მომხმარებელი, დღეში, სულ მცირე, ორჯერ გახსნის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საფოსტო მარკებით გაცოცხლებული საქართველოს კუთხეები

10 ფაქტორი, რამაც ბიზნესში ქალების წარმატება განაპირობა