„ამ სივრცეში შემოსვლისთანავე ხვდები, რამდენად სასიამოვნო და განსხვავებულ ადგილს ესტუმრე. აქ ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია, რაღაც ახალი და შენთვის საინტერესო აღმოაჩინო“.
აქ.ახლა, მარჯანიშვილის 7-ში, განახლებულ ისტორიულ შენობაში, თიბისი კონცეპტმა ახალი შესაძლებლობებისთვის მულტიფუნქციური სივრცე შექმნა და ის მომხმარებლებსა და სტუმრებს სულ მალე უმასპინძლებს.
ახალი სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. სწორედ თიბისი კონცეპტის მისიასა და მიზნებთან თანხვედრით, ახალი მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს.
უფრო ზუსტად, რა იგულისხმება სრულიად განსხვავებულ მულტიფუნქციურ სივრცეში – თიბისი კონცეპტის მარკეტინგის გუნდის წევრი, მარი აბულაძე გვიხსნის:
მარი აბულაძე: Flagship-ის ტიპის სივრცე განსხვავებული მიდგომაა საქართველოში. აქ ერთი მოსვლით, სტუმარს შეუძლია, პერსონალური საბანკო მომსახურება და ამავდროულად, საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ყველა ის დამატებითი სარგებელი მიიღოს, რომელსაც თიბისი უკვე წლებია, თავისი მომხმარებლისთვის ქმნის: იქნება ეს ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა, ბიზნესინიციატივების ხელშეწყობა, ადამიანების თვითგანვითარებაზე ზრუნვა თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირება.
დიდი ბრენდები ამ ტიპის სივრცეებს წარმატებით იყენებენ იმისთვის, რომ გაერთიანებულად წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქტის შესაძლებლობები და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული გარემო, აქტივობები, თუ სხვადასხვა სერვისი“, – განმარტავს მარი აბულაძე.
Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა თუ პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.
პროექტზე მუშაობა თიბისიმ ორი წლის წინ დაიწყო. იდეა და ჩანაფიქრი ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო – Sheridan & Co-სთან ერთად განხორციელდა.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ახალი მულტიფუნქციური სივრცე თიბისი კონცეპტის მისიასა და მიზნებთან სრულად თანხვედრაშია… კონკრეტულად რა იგულისხმება ამ თანხვედრაში, ამის შესახებ თიბისი კონცეპტის მარკეტინგის გუნდის წევრი, მაკუნა თავბერიძე გვიყვება:
მაკუნა თავბერიძე: „თიბისი კონცეპტის ცენტრალური ორიენტირი ადამიანია და მისი მთავარი ღირებულებაა, ყველა მომხმარებელს მასზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება შესთავაზოს. გამოწერის მოდელი საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ჩვენი სერვისი არის “beyond banking”, სადაც საბანკო-საფინანსოსთან ერთად, მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და მის ცხოვრებისეულ კონცეფციაზე მორგებული, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ბევრი ინიციატივა იყრის თავს. მარჯანიშვილის 7-ის მულტიფუნქციური სივრცე არის ფიზიკური გაცოცხლება იმისა, რასაც თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ჰპირდება.
თიბისი კონცეპტის სივრცე შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, საქმიანობა და ინტერესები აქვთ“, – განმარტავს მაკუნა თავბერიძე.
ახალ სივრცეში პერსონალური საბანკო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია, თიბისი კონცეპტის მომხმარებელი იყო, თუმცა, ყველა ის საჯარო პროექტი, ღონისძიება, გამოფენა თუ პრეზენტაცია, რომელიც ამ სივრცეში გაიმართება, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე, ბიბლიოთეკა და კაფეც. ამასთან, აღნიშნულ ზონებში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
რაც შეეხება, უშუალოდ, მარჯანიშვილის N7-ში მდებარე შენობას – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობა 1912 წელს, კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით, ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტის მიხედვით აშენდა.
საუკუნოვანი არსებობის მანძილზე, მოდერნის სტილის ნაგებობას არაერთი დანიშნულება ჰქონდა. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური ასოციაციის ოფისის შემდეგ, შენობა 1934 წელს, თბილისის ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა და ამ სახით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2003 წელს კი, თიბისის ინიციატივით, შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნების მიზნით, სრულყოფილი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბანკის სათაო ოფისად იქცა.
თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ ინსპირაციით, ისტორიული მემკვიდრეობა აქ. ახლა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა, – მარი აბულაძე.
მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი მუდმივად უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან – ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.
„მთავარია, რომ მარჯანიშვილის 7 ყველასთვის ღიაა და ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების სტილისა და ინტერესების მომხმარებელზეა გათვლილი. მგონია, რომ ყველა ადამიანი ამ სივრცეს თავისებურად აღიქვამს და საკუთარ კონცეფციასა და სარგებელს აღმოაჩენს აქ“, – მაკუნა თავბერიძე.













