ერთი წლის წინ, 2022 წლის 4 აპრილს თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები და ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების გაძლიერებას კომპანიის შიგნით და მის გარეთ, ქალთა პროფესიული შესაძლებლობებისა და მეწარმეობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ თიბისი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმა.
მთელი გასული წლის განმავლობაში თიბისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია არაერთ ღონისძიებას აორგანიზებდნენ და ქალებს სხვადასხვა საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო გამოცდილების მიღებაში ეხმარებოდნენ. აღნიშნული ღონისძიებებიდან გამოვარჩევთ ორს: HR კურსი – მრავალფეროვნების, თანასწორობის და ჩართულობის სასერტიფიკატო პროგრამა და მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განვითარებაზე ორიენტირებული ქალებისთვის, რადგან მათ ბევრ საინტერესო პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ და ამ პროექტებიდან არაერთი სარგებელი მიიღეს.
თიბისის ოპერაციების და პოლიტიკის კოორდინატორი, ნატა ქორიძე:
„მე გავიარე 3-თვიანი კურსი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვქონდა, გავცნობოდით მრავალფეროვნების, თანასწორობის და ჩართულობის პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია DEI პრინციპზე: Divercity, Equality და Inclusion. HR-ს კუთხიდან ეს გულისხმობს სამუშაო ადგილზე იმ პრინციპების დაცვას, რომლებიც დღევანდელი სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო ამაზე მუშაობა. ეს პრინციპებია: თანასწორობა თანამშრომლებს შორის; მრავალფეროვნება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების დასაქმებას; მათი თანაბრად განვითარების ხელშეწყობას და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.
პირადად ჩემთვის საინტერესო ის იყო, რომ ბევრი ასპექტიდან დაგვანახეს ამ პრინციპების მნიშვნელობა. შეიძლება HR-ებს ყოველდღიურად არ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხებზე, მაგრამ აღნიშნული ცოდნა გვეხმარება, რომ სხვადასხვა გზით მოვახდინოთ ამ პრინციპების ინტეგრირება ჩვენს საქმიანობაში, დანერგოთ ახალი ხედვა და მიდგომები.
ამ კურსის ფარგლებში ჩვენ გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას, უცხოურ პრაქტიკას, რომელიც უკვე დანერგილი და გატესტილია. თიბისიში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო ამ მიმართულებით, თუმცა დამატებით დიდი ინფორმაცია მივიღეთ. კურსის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენი სამუშაო სპეციფიკის მიხედვით სამოქმედო გეგმის შედგენაზე – თუ რას დავნერგავთ ჩვენს ორგანიზაციებში”.
მარინა ბენდელიანი მეწარმეა, რომელიც სოციალურ, გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა და ცდილობს, მისი ბიზნესი სარგებლიანი იყოს როგორც მომხმარებლისთვის, ისე სრულიად გარემოსთვის. მისი სოციალური საწარმო ტყავის ნარჩენების გადამუშავებით ახალ პროდუქციას ქმნის, რითაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას ეხმარება.
„ჩვენი გარემოსდაცვითი სოციალური საწარმო 7R ზუგდიდში დაფუძნდა, თუმცა ახლა გორში გადმოვინაცვლეთ, რადგან ახალი პარტნიორობის შესაძლებლობა გამოგვიჩნდა. ჩვენი ძირითადი მიზანია, ნარჩენების შემცირება და მათგან რაიმე ახლის შექმნა. გვინდა, რომ საქართველოში მწვანე ცირკულარული პროდუქტების წარმოებას გავუწიოთ პოპულარიზაცია.
მონაწილეობა მივიღეთ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოფენა-გაყიდვაში, რომლის რეკლამაც სოციალურ ქსელში შემხვდა და რადგან ეს ორივე ორგანიზაცია ჩემთვის სანდოობასთან ასოცირდება, ვიფიქრე, რომ საინტერესო გამოცდილება იქნებოდა, ამიტომ დავრეგისტრირდი, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ ჩემი პროდუქცია სხვადასხვა კომპანიამ გაიცნო, რას იმას ნიშნავს, რომ მათთვის პოტენციურად საინტერესო საწარმო ვიქნებით, ასევე გამოფენაში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო იყო იმ გაგებით, რომ გავიცანი სხვა მეწარმე ქალები რეგიონებიდან, რომლებთანაც შემდგომშიც განვაგრძე ურთიერთობა: ერთმანეთს ვეხმარებით, მეც ვუზიარებ გამოცდილებას და ისინიც მიზიარებენ, ასევე მათგანაც მივიღე ჩემს პროდუქციაზე შეკვეთები. ასეთი ღონისძიებების ხიბლი და სარგებელი სწორედ ეს არის”, – მარინა ბენდელიანი.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში საინტერესო მასტერკლასებიც ჩატარდა, რომლებზეც ქალ მეწარმეებს სასარგებლო რჩევები გაუზიარეს და მოტივაციის ასამაღლებელ თემებზე ისაუბრეს.
„ასეთი შეხვედრები მეწარმეების გამოწვევებისა თუ ტკივილების ახლოდან გაცნობას ეხმარება, მათი საქმიანობის შეფასებას, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ხშირად ჩვენ არ ვჩანვართ და ჩვენი ხმა შეიძლება ვერ მივაწვდინოთ ყველას. მსგავსი აქტივობები კი გვეხმარება, რომ მასობრივად გავეცნოთ საზოგადოებას და დავამკვიდროთ ჩვენი ადგილი”, – მარინა ბენდელიანი.
[R]











