22
Mar
2019

თიბისი – მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები

22 Mar 2019

“დაკვირვებულ თვალს კარგად შეუძლია, შეამჩნიოს, რომ ეს სურათები არ ჰგვანან ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს, არც ფერით, არც კომპოზიციით. მე, მაგალითად, მათშიც ვგრძნობ საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერს, კოლორიტს.” – ასე შეაფასა ლადო გუდიაშვილმა მხატვარ დავით კაკაბაძის ნამუშევრები.

ქართველი მოდერნისტი დავით კაკაბაძე 1889 წელს დაიბადა. იგი არა მხოლოდ ცნობილი ფერმწერი და გრაფიკოსი, არამედ, თეატრისა და კინოს მხატვარი, ექსპერიმენტატორი, უსათვალო სტერეო კინოს გამომგონებელი და ხელოვნების მკვლევარი იყო. 2019 წელს დავით კაკაბაძეს 130 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი შემოქმედის იუბილეს თიბისი მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს. ბანკისთვის ქართული შემოქმედების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია უკვე ტრადიციად იქცა.

“დავით კაკაბაძის საიუბილეო კამპანიის კომუნიკაცია მობაილ და ინტერნეტბანკიდან დავიწყეთ, სადაც დავით კაკაბაძის ერთ-ერთი ნამუშევარი ჩვენს ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს პირველივე გვერდზე ხვდება.” – გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელი.

„თიბისის პროექტების უნიკალური ხედვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საუკუნის წინანდელი სახელოვნებო მემკვიდრეობა ტექნოლოგიურად სრულიად ახალ ფორმატებში გაცოცხლდეს და თანამედროვე, დღევანდელობისათვის ადეკვატური შინაარსითაც დაიტვირთოს“ნინა ახვლედიანი, პროექტის კურატორი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თიბისისთვის ქართული შემოქმედების მხარდაჭერა ახალი არ არის. 2016 წელს თიბისიმ, პროექტ 12-ის ფარგლებში, თანამედროვე არტისტებს ახალ შემოქმედებით ფორმატებში მუშაობის შესაძლებლობა მისცა. 12 თანამედროვე ქართველი ვიზუალური არტისტის ნამუშევარი თიბისი ბანკის უკონტაქტო სტიკერზე განთავსდა და ამ გზით ისინი ფართო აუდიტორიამ გაიცნო.

2017 წელს კი, თიბისიმ ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილე აღნიშნა. ოცხელთან ერთად პროექტის მთავარი გმირი 12 დამწყები ხელოვანი იყო – ის არტისტები, რომლებმაც გამორჩეული ქართველი მხატვრის გზავნილები თანამედროვე ხელოვნების ვიზუალურ, ციფრულ, აუდიო, არქიტექტურულ თუ სხვა განზომილებებში გადაიტანეს. თიბისის პროექტ-გამოწვევაში ისინი ეძებდნენ ფორმისა და ისტორიის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურული ღირებულებების კავშირებს.

განხილვა