როგორ ითარგმნება თანამშრომლებზე ზრუნვა ბიზნესის წარმატებაში? რატომ არის, მენეჯმენტის მხრიდან, გუნდის წევრების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ღირებული ინვესტიცია და კონკრეტულად, ამ კუთხით, რა მოლოდინები აქვთ თანამშრომლებს დამსაქმებლებისგან?
დღეს გვინდა, თიბისელების საერთაშორისო წარმატებაზე გიამბოთ და თიბისის მაგალითზე ისიც გაგიზიაროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის მხრიდან ხელშეწყობა, რომ თანამშრომლებს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მისაღებად მზაობა ჰქონდეთ.
მერაბ (ტატო) კუტალია – თიბისის ანდროიდ ჩეპტერ ლიდი, ქეთი კანდელაკი – თიბისის კორპორატიულ დეპარტამენტში არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელი და თამუნა მაღულარია – თიბისის ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი თავად ჰყვებიან კარიერული განვითარების იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ, როგორც მათს პიროვნულ, ისე ბრენდის წარმატებაში ითარგმნა:
მერაბ (ტატო) კუტალია Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტს შორის მოხვდა. ასეთი სტატუსი, ისტორიის მანძილზე, მსოფლიოს გარშემო, მხოლოდ 120 ადამიანს ხვდა წილად. საერთო ჯამში, სხვადასხვა მიმართულებით, დედამიწაზე Google-ის ექსპერტის ტიტულს, დაახლოებით, 700 დეველოპერი ფლობს. მერაბი თიბისის გუნდს ერთ წელზე მეტია, რაც შეუერთდა. თავდაპირველად, Android ინჟინერი იყო, თუმცა მალე Android Chapter Lead გახდა, რაც ასოცირებულ პარტნიორობას ნიშნავს.

თიბისიგან ძალიან დიდი ემოციური მხარდაჭერა ვიგრძენი. დავინახე, რომ „გუგლის“ მიერ, ჩემთვის მონიჭებულმა ტიტულმა თიბისელები ზუსტად ისევე გაახარა, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანები… ვიგრძენი, რომ ერთ დიდ ოჯახში ვიყავი. დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს GDE პროგრამის მიმართ, ბევრისთვის სიახლე იყო და საინტერესო აღმოჩნდა მოვლენების ასეთი განვითარება, – მერაბ (ტატო) კუტალია.
როგორც მერაბი გვიმხელს, Google-ის ექსპერტის ტიტული თიბისისთვის სასარგებლო სიტუაციას ქმნის: „ბრენდს შეუძლია, ანდროიდ სიახლეების წიაღში იყოს და ასევე, მხარდაჭერის იმედიც ჰქონდეს. ასე, ინფორმაციაზე წვდომა გამარტივებული და აჩქარებულია. გარდა ამისა, ზოგადად, ტექ.კომპანიის პოზიციონირებისთვისაც კარგია, როდესაც გუნდი პროფესიონალი ინჟინრებით, მათ შორის, Android GDE-ით არის დაკომპლექტებული“.
რაც შეეხება ქეთი კანდელაკს, ის „Harvard-ში მაგისტრატურის გავლის შესახებ გვიყვება: „სწავლა, დაახლოებით, 3 წლის წინ დავიწყე. აქ ჰიბრიდული სწავლების მოდელი აქვთ და ლექციების უმეტესობა, ამერიკის დროით, ონლაინ რეჟიმში მქონდა, შესაბამისად, დასწრება ღამის 2-3 საათზე მიწევდა.
რადგან მენეჯმენტის მიმართულება ავირჩიე, ყველა საგანი ბიზნესის მართვასთან იყო დაკავშირებული: ფინანსები, ორგანიზაციული მართვა, მოტივაცია, ეიჩარული საკითხები, მოლაპარაკებები და სხვ.

Harvard-ში სწავლება ქეის მეთოდზე დაყრდნობითაა და სტუდენტებს ღია დისკუსიები გვქონდა ჩვენ-ჩვენი სამსახურების ყოველდღიურ საჭირბოროტო თემებზე. შეიძლება, ბევრ რამეს უყურებდე, ბევრს კითხულობდე, დიდი გამოცდილებაც გქონდეს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ჰარვარდში“ იმ პრაქტიკულ იარაღებს გაცნობენ, რომლითაც შემდეგ სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს უფრო ორგანულად უმკლავდები.
გამოვყოფდი ორ საგანს – მოტივაციასა და ორგანიზაციულ მართვაზე – ამ საგნებში კვლევისა და მასზე დაყრდნობით, ნარკვევის მომზადებაც მომიწია. ადამიანებს გვჩვევია, რომ საკუთარი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე ვმართოთ გუნდის წევრებთან ურთიერთობაც, თუმცა ეს ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. დეტალურად ამიხსნეს, მოტივაციის რა მეთოდები უნდა გამომეყენებინა, რაც ძალიან მეხმარება გუნდის წევრებსა თუ კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში“.
„ჰარვარდში“ სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში თიბისისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობდი – როგორც მატერიალურს, ისე ემოციურს. 3 წელი მოვანდომე ამ ურთულესი და გამოწვევებით სავსე გზის გავლას და გულწრფელად, რომ არა თიბისი, მე ამას ვერ შევძლებდი, – ქეთი კანდელაკი.
თამუნა მაღულარიას საზღვრებს გარეთ წარმატება კი ასე ჟღერს – IE Business School-მა საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალ Poets & Quants-ის წლის საუკეთესო სტუდენტების ნომინაციაში წარადგინა. თიბისის მხარდაჭერაზე კი ამბობს:
„დასაქმების დღიდან ვგრძნობ, რომ თანამშრომლების განვითარებასა და რეალიზებაზე ზრუნვა თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როდესაც ჯგუფს შემოვუერთდი, ჯერ კიდევ IE Business School-ში ვსწავლობდი. კომპანია თავიდანვე გაგებით მოეკიდა ჩემს სიტუაციას და მართლაც, იმ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც მუშაობასთან ერთად ვსწავლობდი, მაქსიმალურად, ხელს მიწყობდა. ჩემი წარმატებაც აქტიურად გააზიარეს და აღნიშნეს“.

თამუნამ საერთაშორისო MBA-ზე სწავლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ გააცნობიერა, კარიერული წინსვლისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ბიზნესის სფეროში სტრატეგიული, უფრო ყოვლისმოცველი ხედვა ჰქონოდა, შესაბამისად, ყველაზე ღირებული რამ, რაც MBA-მ მოუტანა, სტრატეგიული აზროვნებისა და დიდი სურათის ხედვის უნარი აღმოჩნდა.
ვფიქრობ, MBA-ზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება თიბისიში ჩემი გუნდისა და ჩვენი პროექტების ეფექტურად მართვაში. პროგრამის დაწყებისთანავე, „დავიბომბე“ იდეებითა და კონცეფციებით, პრაქტიკული მაგალითებით სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესმოდელების შესახებ, რომელთა გადმოტანა-მორგება სრულიად შესაძლებელი და სასარგებლოა საბანკო ინდუსტრიისთვის“, – თამუნა მაღულარია.
რომ შევაჯამოთ, კორპორატიული კულტურით, სადაც თანამშრომლებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, იქმნება გარემო, სადაც გუნდის წევრების კმაყოფილება და პროდუქტიულობა იზრდება, შესაბამისად, ორგანიზაციული პროგრესი მიიღწევა, რაც საბოლოო ჯამში, ბრენდის რეპუტაციაზე აისახება.
ავტორი: თიკა გეგენავა