„მე ბედნიერი ვიქნები, ვიდრე მზე ჩემი კარგი მეგობარია”, – გიული ჩოხელის ჯადოსნური მელოდიით, „თიბისი კონცეპტმა“ და Enkeny Films-მა მზიანი მოგონებების სითბო და ჟრიამული გაგვიზიარეს. ვიდეორგოლი ზაფხულის ერთი დღის ილუსტრაციაა და ყოველ ნახვაზე ემოციურ თავგადასავალში გვეპატიჟება. სიუჟეტში გადმოცემულია ზაფხულის ერთი დღე, რომელიც თავისი გამორჩეული მომენტებით მთელი წლის განმავლობაში გვამახსოვრებს თავს. გიული ჩოხელის განუმეორებელი სიმღერა კი ჯადოსნური კადრების თითოეულ ფრაგმენტს უფრო მეტად აცოცხლებს. სულ ახლახან, ვიდეორგოლმა მაყურებლის გარდა, უმაღლესი შეფასება Ad Black Sea 2023-ის ჟიურისგანაც დაიმსახურა და მზესავით ოქროსფერი ოქრო მოიპოვა. როგორ შეიქმნა ნამუშევარი, რომელმაც საერთაშორისო ჟიურის ყურადღება მიიქცია? დეტალებზე თიბისის მარკეტინგის დირექტორი მაკუნა თავბერიძე გვესაუბრა.
იმის მიუხედავად, რომ ნამუშევარი მართლაც ძალიან მაღალი ხარისხის არის, გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, რადგან საქართველოში Film და Film Craft მიმართულება ძალიან განვითარებულია და კონკურენტულია, რეგიონის მასშტაბით. მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი საპირისპიროდ გამართლდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოკალურ ბაზარზე ამ კამპანიის წარმატების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი თავად გიული ჩოხელის სიმღერაა, რომელიც ამ ვიდეორგოლის დამაგვირგვინებელი ნაწილია. კამპანიაზე მუშაობა ძალიან ადრე დავიწყეთ, როცა გიული ჩოხელის შესახებ ახალმა თაობამ ნაკლებად იცოდა. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, გამოვეცით გიული ჩოხელის საკოლექციო ფირფიტა და ჩვენს პარტნიორებს დავურიგეთ საჩუქრად. გვსურდა, მისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა, ვინაიდან საქართველოში ჯაზვუმენი ბევრი არ გვყავს, ასეთ შემოქმედს კი, უფრო ფართო აუდიტორია უნდა იცნობდეს. ამ ვიდეორგოლმა ამის შესაძლებლობა მოგვცა.
M: რა იყო კამპანიის მთავარი სათქმელი?
თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომელიც მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. კონცეპტისთვის ზაფხული გამორჩეულად და სასიამოვნოდ დატვირთული წლის მონაკვეთია, ამ დროს ბევრ მუსიკალურ ფესტივალთან, საინტერესო აქტივობასთან და მოგზაურობისთვის შესაბამის შეთავაზებებთან ერთად, განწყობას გვიმაღლებს მზე, ზღვა და თუნდაც დღის გახანგრძლივება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის სწორედ რომ ზაფხულის ერთი ლამაზი დღის შესახებ მოგვეყოლა. ამ ამოცანის გადაჭრაზე მუშაობას, Enkeny Films-ის და სუპერ შემოქმედებით გუნდთან – ირინა საყვარელიძესთან და ნინო გორდელაძესთან ერთად შევუდექით.
M: როგორი იყო კამპანიაზე Enkeny Films-თან ერთად მუშაობის პროცესი?
Enkeny Films-თან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ვიდეოფროდაქშენის მიმართულებით. ყოველთვის სასიამოვნოა მათთან ერთად მუშაობა, რადგან მაღალკვალიფიციური ადამიანები არიან შეკრებილნი. მათი სრული სამუშაო პროცესის ხარისხი ევროპის ნებისმიერ ფროდაქშენ სტუდიას შეშურდება. პირველ რიგში, ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ძალიან კარგად ესმით, რასაც აკეთებენ.
ყველაზე სასიამოვნო, რაც ამ კამპანიაზე მუშაობისას დავინახე იყო ის, რომ შემოქმედებითმა გუნდმა, იკომ და ნინომ, ჩვენი როგორც დამკვეთის სურვილი – მარტივად მიგვეწოდებინა სათქმელი მომხმარებლებისთვის – ზუსტად გაითავისეს და მგონი რომ „საუკეთესო გზით“ გადმოსცეს. ეს პროექტი, საკმაოდ გრძელვადიანი, ყველა ჩართული მხარის მართლაც რომ გუნდური მუშაობის შედეგია. ალბათ, სწორედ ეს იყო Ad Black Sea-ზე მოპოვებული ოქროს მთავარი წინაპირობა.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
ყველა მარკეტერისთვის პირველი ჯილდო ისაა, როცა ნამუშევარს მისი მიზნობრივი აუდიტორია აფასებს და დადებით ემოციას გამოხატავს. მეორე მხრივ, იმას, თუ რამდენად კარგად იმუშავა გუნდმა, სააგენტოსთან ერთად, სარეკლამო ფესტივალზე ჩანს, სადაც კომპეტენტური ჟიური აფასებს ნამუშევარს. ყველაზე მნიშვნელოვანიც სწორედ ესაა – ის ხანგრძლივი ორმხრივი შრომა, რაც „თიბისი კონცეპტმა“, შემოქმედებითმა გუნდმა და Enkeny Films-მა გაიღო, დაინახეს და მოიწონეს და გვაგრძნობინეს, რომ ამად ღირდა. ახლა უფრო მეტად გვჯერა, რომ ზუსტად ის მიდგომა, რაც ამ კამპანიის სამზადისისას ავირჩიეთ, ამართლებს და სამომავლო პროექტებშიც აუცილებლად გამოვიყენებთ.
[R]