თიბისიმ და ფინტექ ასოციაციამ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ფინტექ ეკოსისტემისთვის განვითარების დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება. ერთობლივი ძალისხმევით, თიბისი და ფინტექ ასოციაცია პროექტებსა და ღონისძიებებს გაუწევენ ორგანიზებას, ხელს შეუწყობენ დარგის წარმომადგენლებში კომპეტენციის ზრდას, ჩაატარებენ კონფერენციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ტრადიციული ფინანსური სერვისები კი განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. მხარეების შეფასებით, ეს ინოვაციური პოტენციალის ზრდაზეც აისახება. კონკრეტულად, რას მოიცავს მემორანდუმი და რას შეცვლის ის დარგის განვითარებაში, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ნიკა მამულაშვილი და ფინტექ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით კიკვიძე გვიამბობენ.
M: მიმოვიხილოთ, რა არის ფინტექ ასოციაციის მთავარი დანიშნულება?
დავით კიკვიძე: ფინტექ ასოციაციის მთავარი მიზანია დარგის განვითარების ხელშეწყობა, ფინტექ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა, ფინტექ სტარტაპების დაფუძნებასა და განვითარებაში დახმარება. ასევე, ჩვენი მთავარი ამოცანა ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებაა – ბაზრის მონაწილეებს, დაინტერესებულ პირებსა და მარეგულირებელს შორის. ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად რჩება ფინანსური განათლების დონის ამაღლება, სფეროს პოპულარიზაცია, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისა და ინვესტორის დაინტერესება შევძლოთ. ეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და საფინანსო სექტორში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვას გაზრდის.
M: რითაა საინტერესო თიბისისთვის ფინტექ დარგის განვითარების ხელშეწყობა?
ნიკა მამულაშვილი: თიბისი აღარ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. ის საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. თავის მხრივ, ფინტექ კომპანიები ცდილობენ ახლებურად წარმოადგინონ ფინანსური სერვისები და უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება შექმნან. ფინტექებთან მჭიდრო პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიწვიოთ საკუთარი თავი, გადავაფასოთ ტრადიციული ფინანსური სერვისები და ინოვაციების საშუალებით, ჩვენი მომხმარებლებისთვის უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ.
M: რა იქცა მემორანდუმის წინაპირობად?
ნიკა მამულაშვილი: ღია ბანკინგის ინიციატივის საფუძველზე, თიბისისა და ფინტექ კომპანიებს საკუთარი სერვისების წარმოდგენის მრავალფეროვანი შესაძლებლობები გაუჩნდათ, რაც საბოლოოდ, ჩვენი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაში აისახება. სწორედ ეს იქცა მემორანდუმის წინაპირობად.
M: ფინტექ ასოციაცისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია მემორანდუმი?
დავით კიკვიძე: ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ფინტექ ეკოსისტემა. საბანკო სექტორი კი ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვიყოთ შუამავალი რგოლი საბანკო სექტორსა და ფინტექ კომპანიებს შორის, მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები გავაჩინოთ . თიბისი ბანკი კი, როგორც ბაზრის ლიდერი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბანკი, მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება ხსენებული მიზნის განსახორციელებლად.
M: ერთობლივი ძალისხმევით, ფინტექ ასოციაციაში რა მიზნის მიღწევას გეგმავთ, თიბისისთან ერთად?
დავით კიკვიძე: მთავარი მიზანია, ბაზარზე გავაჩინოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები, ფინტექ კომპანიებსა და საბანკო სექტორს შორის. მათ შორის სწორი და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. თავდაპირველად, ფინტექ კომპანიები საბანკო სექტორის კონკურენტებად აღიქმებოდნენ. დღეს, ყველაფერი შეიცვალა. მათი თანამშრომლობით უდიდესი შესაძლებლობები ჩნდება, რათა შეიქმნას სრულიად განსხვავებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც ყველა მხარეზე, ბიზნესზე, მარეგულირებელზე და რა თქმა უნდა, მომხმარებელზე იქნება მორგებული.
M: როგორ შეუწყობთ ხელს ფინტექის, როგორც დარგის განხორციელებას, მემორანდუმის ფარგლებში?
დავით კიკვიძე: ვფიქრობთ, პირველ რიგში, კოლაბორაციის მიმართულებით იქონიებს დიდ ეფექტს. დღეს, ფინტექ კომპანიებთან კომუნიკაციის ნაწილში საბანკო სექტორს გარკვეული გამოწვევები აქვს. სწორედ აქ გვინდა მნიშვნელოვნად განვავითაროთ მექანიზმები. კონკურენციის ნაცვლად, კოლაბორაციის შესაძლებლობები გავაჩინოთ. ეს, პირველ რიგში, მომხმარებელზე აისახება. ბაზარზე კი, ახალი სერვისები და პროდუქტები გაჩნდება.
ნიკა მამულაშვილი: თიბისიმ თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ბევრი მიმართულებით საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დააგროვა. მზად ვართ ეს გამოცდილება ჩვენს ფინტექ პარტნიორებს გავუზიაროთ და მათთან ერთად, სრულიად ახალი შესაძლებლობები შევქმნათ.
M: რა პროექტები და ღონისძიებებია დაგეგმილი, მემორანდუმის ფარგლებში?
ნიკა მამულაშვილი: მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარების ხელშესაწყობად, თიბისი და ფინტექ ასოციაცია სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებას განახორციელებენ, მათ შორის, საგანმანათლებლო სესიებს, შეხვედრებს და ე.წ. Community შეკრებებს. პარტნიორებისა თუ მომხმარებლების, უკუკავშირისა და მოლოდინების გაცვლაში დაგვეხმარება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.
დავით კიკვიძე: პროექტების ინიცირებაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. პირველ ეტაპზე, დარგის პოპულარიზაციაზე ავიღებთ ორიენტაციას. თიბისის მხარდაჭერით, გვინდა სხვადასხვა პროექტი განვახორციელოთ, რითაც შევძლებთ ფინტექ პროდუქტებისა და სერვისების აქტიურ გამოყენებას. გარდა ამისა, ვმუშაობთ ასიციაციის წევრი კომპანიებისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა მათი ერთმანეთთან ინტეგრაციის გზები გავამარტივოთ. გარკვეული პროექტების ინიცირება უკვე მოვახდინეთ კიდეც და პროცესი აქტიურ ფაზაშია.