დღევანდელ მსოფლიოში ფრილანსინგის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება — ის არა მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, არამედ უკვე ტრადიციული დასაქმების მოდელსაც კი ცვლის. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი, ბუნებრივია, უდიდესი როლი ითამაშა ფრილანსინგის მასშტაბების გაფართოებაში… აქ აღარ არსებობს ადგილმდებარეობით განსაზღვრული ბარიერები — შეიძლება, საქართველოში მცხოვრები ამერიკულ პროექტზე მუშაობდე სრულიად დისტანციურად.
რეალურად, ფრილანსინგი ერთგვარ სტერეოტიპების მსხვრეველად მოგვევლინა პროფესიულ ცხოვრებაში. სამსახური მხოლოდ ოფისად და რუტინულ რეჟიმად აღარ აღიქმება — აქ მთავარია შესაბამისი უნარების ფლობა, დროის მართვა, გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა და მულტიკულტურულ სამყაროში თავის დამკვიდრება.
„ფრილანსერები და ბიზნესი“ — ამჯერად სწორედ ამ თემამ გააერთიანა მრგვალი მაგიდის ირგვლივ თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ სპიკერები:
- ნიკუშა ანთაძე — კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;
- ირაკლი გრძელიშვილი — Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;
- მარიამ ლორთქიფანიძე — Playmakers-ის მმართველი პარტნიორი
მათ ფრილანსიგის მნიშვნელობაზე, სფეროს სწორად ათვისებასა თუ გასათვალისწინებელ ნიუანსებზე ისაუბრეს. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, ფრილანსინგის უპირატესობებსა და ნათელ მხარეს გაუსვეს ხაზი; მეორე მხრივ კი, გარკვეულ სირთულეებს. მაგალითად, ბევრს წარმოუდგენია, რომ ფრილანსერობა ყოველთვის თავისუფლებასთანაა დაკავშირებული — თითქოს, აღარ ხარ ვინმეს დაქვემდებარების ქვეშ და მხოლოდ იმას აკეთებ, რაც თავად გსურს.
თუმცა, რეალურად, აქ პასუხისმგებლობა ისეთივა დიდია, როგორც „ტრადიციულ“ სამსახურში მუშაობისას. დედლაინებიც ანალოგიურად მოქმედებს, ყოველი შემდგომი დამკვეთი კი დროებითი უფროსია. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ირაკლი გრძელიშვილის გამოცდილება: „უნდა იცოდეთ, რომ ფრილანსერობა საკუთარი თავის უფროსობას კი არ ნიშნავს, არამედ პირიქით, ბევრი უფროსი გიჩნდება. ბევრი ადამიანის მოლოდინის გამართლება გიწევს. გაითვალისწინეთ, მცდარია შეხედულება, თითქოს, მთელი რიგი პასუხისმგებლობებისგან თავისუფლდები… სანაცვლოდ, უფრო იმატებს, რადგან მეტ დამკვეთთან გიწევს თანამშრომლობა; უფრო მეტი ურთიერთობაა სამართავი“.
რადგანაც პასუხისმგებლობები ვახსენეთ, აქვე უნდა შევეხოთ დისციპლინის საკითხსაც. როგორც შეხვედრაზე გააჟღერეს სპიკერებმა, ფრილანსერს იმაზე მეტი დისციპლინის უნარი სჭირდება, ვიდრე სრულ განაკვეთზე დასაქმებულს; მით უმეტეს მაშინ, როცა ბევრ პროექტზე მუშაობ ერთდროულად. შესაბამისად, შესაძლებლობებიც რეალურად უნდა შეაფასო და მეტისმეტად ბევრ საქმეს არ შეეჭიდო… წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთ მათგანს შეასრულებ სრულყოფილად.
უშუალოდ ბიზნესის გადმოსახედიდან რომ ვისაუბროთ, ფრილანსინგის განვითარება საკმაოდ პრაქტიკულ ასპექტად იქცა. მაშინ, როცა ბრენდს ან კომპანიას გარე რესურსი სჭირდება რაიმე საქმის შესასრულებლად, აუცილებელი არაა მუდმივი თანამშრომლის დაქირავება; სანაცვლოდ, კონკრეტული საჭიროებით და განსაზღვრული ვადით თანამშრომლობენ ამა თუ იმ ფრილანსერთან. „ყოველდღიურად ვაკვირდები სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს და მექანიკურად ვინახავ მათ მონაცემებს. და როცა რაღაც ახალი პროექტი ჩნდება, ავტომატურად მახსენდება, ვინ შეიძლება გამოგვადგეს. ასე ვთქვათ, წერტილების შეერთებას ჰგავს ეს პროცესი. ყოფილა შემთხვევაც, რომ პირადად ვინმეს ნამუშევრები მომწონებია და შემდეგ მის ირგვლივ მომიფიქრებია იდეა“, — აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.
რა თქმა უნდა, გამოწვევაზეც უნდა ვისაუბროთ: „მუდმივი თანამშრომლების ყოლის თვალსაზრისით, ბრენდებისა და კომპანიებისთვის გამოწვევად იქცა ფრილანსინგი. ხშირად ვერ ახერხებენ, სრულ განაკვეთზე იმდენი ანაზღაურება გადაუხადონ, რამდენიც შეიძლება, რომ ფრილანსერმა სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით გამოიმუშაოს — თან მუდმივად ოფისში ყოფნა არ უწევთ და საკუთარ თავისუფალ გრაფიკს არგებენ საქმეს. ამ მხრივ, კონკურენცია ნამდვილად თვალსაჩინოა“, — აღნიშნა ნიკუშა ანთაძემ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრილანსერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრიფის მიღებისას კითხვების დასმის არ უნდა შეეშინდეთ. ზოგჯერ ჰგონიათ, თითქოს ასე დამკვეთს „დააფრთხობენ“ და არაკომპეტენტურები გამოჩნდებიან; რეალურად კი, როცა ყველაფერი ცალსახა და ცხადია ორივე მხარისთვის, საქმე უფრო სრულფასოვნად სრულდება.
თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მორიგმა სესია ინფორმაციული აღმოჩნდა, როგორც უკვე მოქმედი ფრილანსერებისთვის, ისე მათთვის, ვინც სამომავლოდ აპირებს ფრილანსერობას.
[პარტნიორის კონტენტი]