in

თიბისი კონცეპტის პირველი მულტიმედია გამოფენა “ციფრული მკვიდრები”

სახელწოდება პოეტის და ინტერნეტ აქტივისტის ჯონ პერს ბარლოუს ცნობილი ესედან მომდინარეობს


თიბისი კონცეპტში მიმდინარეობს მულტიმედია გამოფენა “ციფრული მკვიდრები”, რომელიც აერთიანებს როგორც ლოკალურ, ისე უცხოელ არტისტებს. გამოფენა 28 ოქტომბერს გაიხსნა და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროექტი ციფრული მკვიდრები თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს. გამოფენა ორ სივრცეშია წარმოდგენილი და ერთიან აუდიოვიზუალურ შოუს გვთავაზობს. იგი შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ყოველდღიურ რეალობაში ადამიანები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ტექნოლოგიურ სამყაროს… ხელოვანები კი ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყვნენ სიახლის შეგრძნებისა თუ ასახვის თვალსაზრისით.

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, აღსანიშნავია თიბისის როლიც, რომელიც გამუდმებით ცდილობს თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. “თიბისი კონცეპტი კულტურული პროექტების დიდი ხნის მხარდამჭერია. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქართველი ხელოვანების ხელშეწყობა, მათთვის სახელოვნებო პლატფორმების შექმნა და ქვეყნის შიგნით და გარეთ ქართული სახელოვნებო კულტურის წარმოჩენა თუ პოპულარიზაცია.  კულტურისა და მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ჩაინტეგრირება, თანამედროვე ტრენდებისა და ტენდენციების გათვალისწინება, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებლებს, სფეროს წარმომადგენლებს ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ.სწორედ ამიტომ დაიგეგმა პირველი ციფრული გამოფენა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები ერთ სივრცეში გაერთიანდა” — ამბობს თიბისი კონცეპტის მარკეტერი სოფო კიკვაძე.

გამოფენის სახელწოდება, ციფრული მკვიდრები, მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტ აქტივისტის ჯონ პერს ბარლოუს 90-იანების ცნობილი ესედან “კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”. ის ახსენებს ციფრულ იმიგრანტებს — იმ ადამიანებს, ვისაც ინფორმაციულ ეპოქასთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტირება მოუწიათ და ასევე, ციფრულ მკვიდრებს — თაობებს, ვინც ამ ეპოქაში გაჩნდნენ და მათთვის ბუნებრივია ეს მოცემული რეალობა.

ცხადია, ამ პროცესში ბევრი კითხვა იჩენს თავსმაგალითად, საინტერესოა, როგორ იმოქმედა ციფრულმა კულტურამ ადამიანის ფსიქიკასა და საკუთარიმე“- გაგებაზე? როგორ შეცვალა მან სოციოპოლიტიკური კონტექსტები? როგორია მისი გავლენა თანამედროვე ესთეტიკასა და გამოსახულების ფორმირებაზე? გამოფენა არ არის არც მომავლის აპოკალიპსური ხედვა და არც ჩვენი უახლოესი წარსულის კვლევა. ეს არის ღია კითხვების კრებული, რომელიც დამთვალიერებელს აძლევს შესაძლებლობას, ხელოვანთან ერთად დაფიქრდეს იმ მოცემულობაზე, რაც აქ და ახლა არსებობს და რასაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვეხებით ყოველდღიურობაში.

გამოფენის კურატორი, ნინა კინწურაშვილი აღნიშნავს: თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა ქსელურ კულტურაში ცხოვრების თავისებურება და ტექნოლოგიების მიერ გამოწვეულ ცვლილებებზე  რეფლექსია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა არ არის ციფრული ან ინტერნეტ არტის გამოფენა, არამედ ეს არის გამოფენა ინტერნეტზე, სადაც მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ რეაგირებენ ხელოვანები არსებულ რეალობაზე.

ასევე, არსებობს წარმოდგენა, რომ ინტერნეტი ეს არის გლობალური ფენომენი, თუმცა გამოფენა ამ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს და ცდილობს, ინტერნეტის ის ლოკალური ფორმირებები გამოყოს, რომლის ჩამოყალიბებაზეც ამა თუ იმ  სოციო-პოლიტიკურმა კონტექსტებმა იმოქმედა. ამისათვის გადავწყვიტე ,გამომეფინა რამდენიმე ისეთი არტისტი, რომელთა ნამუშევარშიც ლოკალური კონტექსტით დაინტერესება იგრძნობა. 

ძალიან ხშირად დასავლეთშიც, როდესაც მუზეუმები და გალერეები ფენენ მსგავს ნამუშევრებს, გამოფენებში იგრძნობა აღფრთოვანება ტექნოლოგიური სიახლეებისა და ახალი მედიუმების მიმართ და ძირითადი აქცენტი ამაზეა დასმული. თუმცა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებდა ინტერნეტის უფრო ისტორიულ ჭრილში განხილვა და მისი არა როგორც ტექნოლოგიური სიახლის, არამედ როგორც კულტურული და საზოგადოებრივი ფენომენის გამოკვლევა.

საგულისხმოა, რომ გამოფენაც არა ქრონოლოგიურად, არამედ თემატურად არის დალაგებული — სწორედ ისე, როგორც ინტერნეტია. თითოეული ნამუშევარი ამ გლობალური ფენომენის ერთ კონკრეტულ ასპექტს ეხება. საბოლოო ჯამში, ყოველი მათგანი ერთ დიდ ქსელს ქმნის, რომელიც ინტერნეტის მსგავსად ეკლექტური და მრავლის მომცველია.

საინტერესოა, როგორ ჭრილში განიხილება ეს ნამუშევრები კურატორის თვალით: “მაგალითად, ანა კე-ს და ფლორიან მაისენბერგის ნამუშევარი საუბრობს  ორგანულ სხეულზე, როგორც ინფორმაციის ნაკადის გამტარ არხზე, სადაც ეკრანი წარმოადგენს მიკროჩიპს, რომელიც პირდაპირ რქოვანაშია შეერთებული.

ანა კე და ფლორიან მაისენბერგი – Cowntown BellaDonna

თეზი გაბუნიას ლუვრის ჩაძირვის ახალი სახით რეპრეზენტაცია სვამს კითხვას real news vs. fake news — ფენომენზე, და ინფორმაციაზე, რომელიც ცირკულირებს ონლაინ სივრცეში, სადაც ობიექტურობა გადაფარულია ზღვა ინფორმაციით და ყოველდღიურად გვიწევს  ნავიგაცია ამ რეალობაში. სამხრეთ აფრიკელი ხელოვანის, ბოგოსი სეხუხუნის ნამუშევარი ხაზს უსვამს იმ უხერხულობას, რაც სოციალური მედიით კომუნიკაციას ახასიათებს.

თეზი გაბუნია – ლუვრის ჩაძირვა

ამასთანავე, გამოფენაში წარმოდგენილია ირანელი არტისტი ნიმა ბაჰრეჰმანდი, რომელიც ერთი წლის მანძილზე კვებავდა ხელოვნურ ინტელექტს რეგიონიდან მოძიებული ომის ფოტოებით. ამ ფოტოებზე დრონებისგან გაქცევაა ასახული, ხოლო შემდგომ  თავად AI წარმოქმნიდა მსგავს გამოსახულებებს ხელოვანისგან დამოუკიდებლად. ამ ფოტოებზე სხეულები დეფორმირებულია კომპიუტერის მიერ და მათზე რთულია ინფორმაციის ამოკითხვა, თუმცა მარტივად იკითხება იგივე შფოთი და გაურკვევლობა, რაც ამ რეგიონში დეცენტრალიზებულმა ომებმა მოიტანა. ასევე, მინდა აღვნიშნო თამუნა გურგენიძის ნამუშევარი სადაც ციფრული  ტექნოლოგია ნოსტალგიის გამტარ მექანიზმად იქცევა და მას ხელოვანი ადამიანური ემოციების და მეხსიერების დენადობის თარგმანში მოხელთებისთვის იყენებს”. 

Total Refusal, ნიმა ბაჰრეჰმანდი და რამინ როშანდალი – პიეტას სტატუსი

 

თამუნა გურგენიძე – რა მშვენიერი გოგონებია, გენაცვალეთ სულში

თამო ჯუღელი, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრის “ნახევრად – ადამიანი, ნახევრად – მანქანა” ავტორი განმარტავს: “ნამუშევარი ფოტოშოპის სწავლის პროცესში შეიქმნა, რომელიც დღემდე არ მისწავლია იმ მიზეზით, რომ რამდენჯერაც პროგრამას გავხსნიდი, იმდენჯერ ხატვას ვიწყებდი. ეს კონკრეტული ნამუშევარი რომ დასრულდა, მატერიალურ სამყაროში მომენტალურად ფერწერად დავინახე. თავიდან ვფიქრობდი, რომ გამოსახულება პროექტორით გადმომეხატა, თუმცა ეს იდეა აღარ მომეწონა, რადგან მინდოდა, ჩემს ნამუშევარში ის სპეციფიკური მონასმები, რომლებიც ფოტოშოპის “თულებს” აქვს, იდენტურად გადმოსულიყო. ამიტომაც, ნამუშევარი ტილოზე დავპრინტე და შემდეგ ზეთის საღებავით ლაქები დავუმატე, რათა ადამიანის ხელისა და მისი კვალის დაფიქსირებით კონტრასტი წარმოქმნილიყო”.

თამო ჯუღელი – ნახევრად – ადამიანი, ნახევრად – მანქანა

მსგავსი პროექტის განხორციელების სურვილი კურატორს Covid-19 პანდემიის პერიოდში გაუჩნდა. “ხშირად ვხუმრობდით, რომ ადრეული ინტერნეტ არტისტების წინასწარმეტყველება ყოველდღიურად ხდებოდა — თითქოს, ყველანი გამომწყვდეულები ვიყავით ახალ სიმულირებულ რეალობაში და გვიწევდა ამ ყველაფრის თავიდან განცდა”. ამ დროს დაიწყო ნინა კინწურაშვილმა ფიქრი ციფრულ სხეულებზე, რომელიც ბიოლოგიური სხეულის პარალელურად გაგვაჩნია.

გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), რამინ როშანდელი (ირანი), თამარ გურგენიძე (საქართველო), თამო ჯუღელი (საქართველო), ქეუ მეფარიშვილი (საქართველო), თეზი გაბუნია (საქართველო).

გამოფენა ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 20:00 სთ-მდე, დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.

ავტორი ქეთია ბელქანია


საოცნებო გუნდის სამუშაო სივრცე

BTU-ს ბლოკჩეინ ლაბი კომპანია CryptX-თან პარტნიორობას და პროექტების განხორციელებას იწყებს