in

თიბისის მარკეტინგის გუნდს მაკუნა თავბერიძე უხელმძღვანელებს

ფოტო: გურამ კაპანაძე

მაკუნა თავბერიძის „მარკეტინგული თავგადასავალი“ უკვე წლებს ითვლის. ახლა კი ის თიბისის მარკეტინგის გუნდს უხელმძღვანელებს. უფრო კონკრეტულად, აქ სამი მიმართულებაა გაერთიანებული: მარკეტინგი, დიზაინ ფიქრი და მომხმარებელთა გამოცდილება, რაც მთლიანობაში 200 თანამშრომლის ხელმძღვანელობას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ მანამდე ამ პოზიციას, მთელი რვა წლის განმავლობაში ნინო ეგაძე იკავებდა, ახლა კი გადაწყვიტა, თავისი საქმიანობის სფერო შეეცვალა და მარკეტინგიდან დიზაინის, კულტურისა და განათლების სფეროში გადასულიყო.

რაც შეეხება მაკუნას და თიბისის კავშირს, მათი გზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა, როდესაც თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდერი გახდა. „თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდერობა და გუნდთან ერთად მრავალი მიმართულებით მუშაობა, დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. ახლა უკვე თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მეტად მასშტაბური და სიახლეებით სავსე იქნება“, — ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

წარსულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს მაკუნა ჩვენთან ერთად აჯამებს.

ფოტო: რეზი ყენია

M: მაკუნა, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ მოხვდით თავდაპირველად თიბისიში?

ვიდრე თიბისის ნაწილზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო „ფილიპ მორისი“, სადაც საშუალება მომეცა, მემუშავა სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, მარკეტინგის, მომხმარებლების გამოცდილების, ახალ ბაზრებზე პროდუქტის კომერციალიზაციის და საცალო გაყიდვების მიმართულებებით. შედეგად, დიდი გამოცდილება დავაგროვე ბრენდის გამოცდილების შექმნაში. ზოგადად ვთვლი, რომ თანამედროვე ბრენდებისთვის პოზიციონირების გარდა, უმთავრესია მომხმარებელთან გადაკვეთის ყველა წერტილში ერთიანი გამოცდილების შექმნა, ურთიერთობის ამგვარი ფორმატის გარეშე რთულია თანამედროვე ადამიანის ნდობის მოპოვება.

საქართველოში დაბრუნებამდე ბევრი ვიფიქრე, რომელი ბრენდი ან ორგანიზაცია მომცემდა შესაძლებლობას, ამ მიმართულებით ჩემი კომპეტენცია გამეღრმავებინა და, რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებაც ნაყოფიერად გამომეყენებინა.

თიბისი ასეთი აღმოჩნდა — უმეტესად მისი ხასიათის, ღირებულებების, კულტურისა და ინოვაციურობის გამო. სწორედ ხედვების თანხვედრამ განაპირობა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე თიბისის გუნდს შევუერთდი. საკმაოდ დატვირთულ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდში მომიწია ადაპტაცია, გამოვარჩევდი თიბისის პრემიუმ შეთავაზების — პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით არსებულ რებრენდინგის პროექტსა და მულტიფუნქციური სივრცის გახსნას. პანდემიურმა რეალობამ ბევრი ბარიერი გააჩინა ამ მიმართულებითაც, თუმცა გუნდთან ერთად, წარმატებით მოვახერხეთ მომხმარებლისათვის სწორი შეთავაზებებისა და გამოცდილების თავმოყრა. ახალი ბრენდისათვის მთავარი იყო დროული მესიჯების გაზიარება, ბრენდის უკან არსებული პროდუქტის უწყვეტი განვითარება და მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი პლატფორმების შექმნა, ბოლო ასეთი ხელშესახები პროექტი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სიცრცეა.

M: საინტერესოა, როგორ დაგეხმარათ წინა ისეთ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა გაყიდვები, მარკეტინგი, რითეილი, მომხმარებლების მოზიდვა, მომხმარებლებზე ზრუნვა, ამ ახალი პოზიციის დაკავებაში?

ჩემთვის მარკეტინგი და კომუნიკაციები პირველ რიგში, მომხმარებლებისთვის მომავლის ხედვის გათვალისწინებით, საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტების მოფიქრების შემოქმედებითი პროცესია. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მიმართულება, როგორც გამაერთიანებელი, ისე ტრაექტორიის განმსაზღვრელია დიდი ორგანიზაციისთვის. ნებისმიერი მარკეტინგის სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეს ბაზარს, თანამედროვე მომხმარებელს და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას. განსხვავებულ სფეროში დაგროვილი გამოცდილება მიადვილებს, სიღრმისეულად აღვიქვა ნებისმიერი პრობლემა, დავინახო დიდი სურათი, გავიზიარო მომხმარებლის გამოცდილება და  გადაწყვეტების მოფიქრებისას ყველა ეს კომპონენტი გავითვალისწინო. გარდა ამისა, მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა და სხვადასხვა პროფილის გუნდების მართვის გამოცდილება დამეხმარება რესურსების პოტენციალის, შესაძლებლობებისა და თანამედროვე ორგანიზაციის სწორი პრინციპების ჩამოყალიბებაში.

M: როგორია თქვენი ხედვა თიბისის მარკეტინგთან დაკავშირებით — რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში და არსებით ცვლილებებს თუ განიხილავთ?

თიბისი, როგორც ბრენდი, ადამიანებს ცხოვრების გზაზე უბიძგებს, გააკეთონ ახალი აღმოჩენები. ამისთვის ჩვენც, თიბისის გუნდი, უწყვეტად ვვითარდებით და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, ვაღვივებთ ჩვენს ცნობისმოყვარეობას და ვცდილობთ, მომხმარებლებს ცხოვრების გასამარტივებლად საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუდმივ განვითარებასა და შემოქმედებით ძიებას უკავშირდება, რაც საბოლოოდ უწყვეტი სიახლეების გაზიარების პროცესში ითარგმნება.

მე მჯერა, რომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და პარტნიორს ულევი შესაძლებლობა გვაქვს, რათა ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გავამარტივოთ. ჩემი მიზანი ამ შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი მუდმივი განვითარებაა. ცვლილებები ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია და უახლოეს მომავალშიც აუცილებლად იქნება.

ფოტო: გურამ კაპანაძე

M: გარდა იმ ხედვისა, რასაც თავად შესთავაზებთ თიბისის ამ პოზიციიდან, თავად რას მოელით კარიერული განვითარების თვალსაზრისით?

ყველაზე საინტერესო გუნდთან ურთიერთობა, ახალ აღმოჩენებამდე მისვლა და საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ერთმანეთის შთაგონებაა.

საქმისადმი ასეთი მიდგომა, დარწმუნებული ვარ, განაპირობებს თიბისის ბრენდის მრავალწლიანი განვითარების ისტორიისთვის გარდამტეხი ეტაპის დადგომას.

რატომ უნდა განვავითაროთ კომუნა ჩვენი ბრენდის ირგვლივ?

Falling In Love — ყველა ბავშვი იმსახურებს სახლს