სულ რამდენიმე დღის წინ, თიბისიმ მობაილბანკის განახლების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მას შემდეგ, მობაილბანკინგის 600,000-მდე აქტიურ მომხმარებელს უკვე შეუძლია განახლებული ინტერფეისით სარგებლობა. თიბისის გუნდის შეფასებით, განახლებული მობაილბანკი უფრო მარტივი და თანამედროვეა. დიზაინში ერთი ფერი დომინირებს და მომხმარებელს ე.წ. ღამის რეჟიმზე (Dark Mode) გადასვლის შესაძლებლობასაც აძლევს. როგორც თიბისიში გვიამბეს, განახლებული მობაილბანკი ინტერფეისის თანამედროვე ტენდენციებზე გადაეწყო, ხოლო განახლებაზე მუშაობა Global Finance-ის ჯილდოს მიღებამდე მიმდინარეობდა. სულ რამდენიმე დღის წინ, თიბისიმ, სააგენტო WINDFOR’S-თან თანამშრომლობით, გამოუშვა ვიდეორგოლიც, რომელიც მობაილბანკის სიახლეებზე გვიამბობს. რეკლამაში ჩანს ის ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთებიც, რომლებიც ქართველ მეწარმეებთან თანამშრომლობით შეიქმნა და აპლიკაციის გამორჩეულ ფუნქციებს მეტაფორულად და დინამიკურად აღწერს. როგორ შეიქმნა კამპანია თიბისის განახლებული მობაილბანკისთვის? შეკითხვებით TBC-სა და WINDFOR’S-ს მივმართეთ.
თიბისის მობაილბანკი, Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. ამის შემდეგ, მობაილბანკის ასეთ მოკლე დროში განახლებას არ ველოდით. რა იყო განახლების მთავარი მიზეზი და რისი თქმა გსურდათ ამით?

ნინო ლაშქარაშვილი, TBC-ის ბრენდ მენეჯერი:
მობაილბანკის განახლების იდეა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე Global Finance მას მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელებდა. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მობაილბანკის გუნდი ვმუშაობდით აპლიკაციის რედიზაინზე, ამ პერიოდის მიწურულს, ნოემბერში, კი როცა მთავარი სამუშაო უკვე დასრულებული იყო და ხარვეზების გასწორება და აპლიკაციის გასაშვებად მომზადება იყო გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი, მოულოდნელად Global Finance-ისგან ეს სასიამოვნო სიახლე გავიგეთ – ის აპლიკაცია, რომლის ვიზუალურ სტილსაც მთლიანად ვაახლებდით, მსოფლიოში საუკეთესო გახდა.
გუნდისთვის ეს დიდი მოტივაცია იყო და გადავწყვიტეთ, რომ ეს სტატუსი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აგვეყვანა და შევჭიდებოდით ახალ გამოწვევას, რომ მობაილბანკი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი და მსუბუქი აპლიკაცია გაგვეხადა.
მობაილბანკის აპლიკაციის ძველი ვერსია უკვე ჩამორჩებოდა იმ თანამედროვე დიზაინ ტენდენციებს, რაც აქტუალურია მსოფლიოში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა აპლიკაციის ვიზუალური განახლება, რის შემდეგად მომხმარებლებისთვის აპლიკაცია უფრო მარტივად გამოსაყენებელი და თანამედროვე გახდებოდა.
M: გვიამბეთ განახლების დეტალებზე – სახელდობრ, რა შეიცვალა?
აპლიკაციაზე მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ სხვადასხვა კვლევითი მეთოდით და შევჯერდით შემდეგ სტრატეგიაზე – მომხმარებლებისთვის ის ქცევა და ლოგიკები, რაც აპლიკაციის მოხმარებისას ჰქონდათ არ შეგვეცვალა და დავკონცენტრირებულიყავით მის ვიზუალურ დახვეწაზე.
შედეგად შეიცვალა აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი, დაემატა მუქი დიზაინი, რაც საკმაოდ სასიამოვნო მოსახმარია დაბალ განათებაში და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანთათვის, დაიხვეწა ხმოვანი ასისტენტის ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე, ერთგული ბარათის მონაცემები და დაგროვებული ქულები მთავარ გვერდზეა გამოტანილი, წინა პლანზე წამოიწია სასარგებლო ფუნქციები და მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მარტივი გახდა პროდუქტებისა და ანგარიშების მართვა განახლებული ვიზუალური სტილის დახმარებით.
M: რა პრინციპით განისაზღვრა ცვლილებები? რა ტენდენციებს მიყევით ახალი დიზაინის შექმნისას?
აპლიკაციის დიზაინში შესატანი ცვლილებები iOS-ის და Android-ის დამახასიათებელი ე.წ Native პრინციპებით განისაზღვრა. ტენდენციები კი რასაც მივყევით დიზაინის შექმნისას თანამედროვე აპლიკაციებით იყო ნაკარნახები.
მობაილბანკი ჩვენი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი აპლიკაციაა და ის იკავებს ადგილს სოციალური ქსელების და ჩატების აპლიკაციების გვერდით, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი აპლიკაციებისთვის მობაილბანკსაც ფეხი აეწყო თანამედროვეობასა და სიმარტივეში და არ ჰქონოდა ჩამორჩენა დიზაინის კუთხით.
M: სიახლესთან ერთად, მალევე გამოჩნდა მობაილბანკინგის რეკლამაც, რომელზეც WINDFOR’S-მა იმუშავა. რა იყო თქვენი ბრიფი და მოლოდინი, ერთგვარი საუკეთესო შედეგი, რაც ვიდეორგოლს უნდა მოეტანა?
ძალიან საინტერესო იყო ამ კამპანიაზე მუშაობა WINDFOR’S-სთან. ჩვენი სურვილი იყო, რომ მობაილბანკის ეს განახლება და ვიზუალური ცვლილება მომხმარებლამდე საინტერესოდ მიგვეტანა და ამ კამპანიით აუდიტორიისთვის გაგვეგებინებინა, რომ აპლიკაცია ვიზუალური ცვლილების შემდეგ უფრო თანამედროვე და მარტივი გახდა.
კამპანიის ფარგლებში, მობაილბანკის ახალი ვიზუალური სტილის ინპირაციით, მისი შემადგენელი ნაწილების, სიმბოლოებისა და ფერებისგან შევქმენით აუდიტორიისთვის აქამდეც საყვარელი და ყოველდღიურად გამოყენებადი, საყვარელი ნივთები, რომლებთანაც მათ გარკვეული ემოცია და გამოცდილება აკავშირებთ.

ირინა საყვარელიძე, WINDFOR’S-ის უფროსი კოპირაიტერი: ალბათ, ვიდეოს დადებითი შეფასება და გამოხმაურება საუკეთესოდ გამოხატავს, იმ განწყობასა და მუშაობის ეთიკას, რაც გვქონდა ორივე მხარეს.
M: WINDFOR’S-ის გუნდმა რა გადაწყვეტა მოუძებნეთ ბრიფს?
დავალება განახლებული მობაილბანკის არასტანდარტული და დასამხსოვრებელი ფორმით კომუნიკაცია იყო. ყოველდღიურობაში, სააგენტოს თანამშრომლების ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მობაილბანკს. ისეთივე საჭიროების ყოველდღიური პროდუქტია, როგორიც ჩანთა, სათვალე და ა.შ.
გადავწყვიტეთ, ამ ნივთების დახმარებით ხაზი გაგვესვა მობაილბანკის ფუნქციონალისა და ვიზუალური განახლებისთვის.
M: ვიდეორგოლის გარდა, რა აქტივობებს მოიცავს კამპანია?
ნინო ლაშქარაშვილი: როგორც გახსოვთ, კამპანიის მთავარ ვიდეო-რგოლში ნაჩვენებია მობაილბანკის შექმნის პროცესი, თუ როგორ იქმნება ის ახალი ვიზუალური სტილის მიხედვით და, ამასთანავე, ჩანს მობაილბანკის შთაგონებით მომხმარებლისთვის საყვარელი და ყოვედლღიურად გამოყენებადი ნივთების შექმნის პროცესიც.
კამპანიის ფარგლებში ჩვენ გავაკეთეთ კოლაბორაციები ქართველ პროდუქტის მწარმოებლებთან და ეს ნივთები რეალურად დავამზადეთ.
კოლაბორაციები:
Crosty-სთან კოლაბორაციის ფარგლებში დამზადდა – კედები ხარჯების ანალიზის სიმბოლოთი მობაილბანკიდან
Tamra Skateboards – სკეიტბორდი გადარიცხვის პროცესის სიმბოლოებით მობაილბანკიდან
Funduki – ჰუდი სახის ამომცნობის სიმბოლოთი
Ceramic Studio 1300 – კერამიკის ჭიქები – თითის ანაბეჭდის სიმბოლოთი
კამპანიის მეორე ნაწილია ამ პარტნიორებზე და კოლაბორაციებზე მოყოლა და ვფიქრობ ესეც საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის, გაიგოს რატომ გაუჩნდათ ზემოთ მოცემულ ცნობილ ბრენდებს მობაილბანკის ინსპირაციით პროდუქციის შექმნის სურვილი.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი