თიბისი კონცეპტში მთავარი ღირებულება მომხმარებლის გამოცდილებაა – არა უბრალოდ მომსახურება, არამედ ის განცდა, რასაც მომხმარებელი იღებს ურთიერთობის დროს: ყურადღება, დაგეგმილი ნაბიჯები, საჭიროებების სიღრმისეული გაგება და ის სტანდარტი, რომელიც მაღალი მოთხოვნების მქონე ადამიანებს სჭირდებათ.
ამ გამოცდილების ცენტრშია კონცეპტ ბანკირი, პროფესიონალი, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ გადაწყვეტილებებში ეხმარება მომხმარებელს, არამედ ხდება მისი სანდო პარტნიორი. ბანკირთან აზიარებენ საკუთარი გეგმებს და მიმართავენ ნებისმიერ დროს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
ეს როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კონცეპტი პერიოდულად ავლენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საუკეთესონი არიან მომხმარებლებთან ურთიერთობაში. ყოველ კვარტალში თიბისი კონცეპტი საუკეთესო ბანკირებსა და მათ ლიდერებს განსაზღვრავს. გამარჯვებული ის ხდება, ვინც გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის, გამოირჩევა პასუხისმგებლობით, პროაქტიულობითა და მომხმარებელზე ზრუნვის კულტურით.
სწორედ ამ ადამიანებისთვის გაიმართა შეხვედრა ბანკის გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ფორმატით Talk with CEO. არაფორმალურ გარემოში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პირდაპირ დაესვათ კითხვები, მოესმინათ ხედვა თიბისი კონცეპტის მომავალზე, პერსონალური საბანკო გამოცდილების განვითარებაზე და იმაზე, თუ რა როლი აქვთ თანამშრომლებს საერთო წარმატების შექმნაში.
თიბისი კონცეპტი ქმნის გამოცდილებას, რომლის საფუძველიცაა პროფესიონალთა გუნდი და მათი ნამდვილი ჩართულობა. სწორედ ამ ადამიანებით იქმნება სტანდარტი, რომლითაც კონცეპტი ყოველდღიურად ამყარებს ნდობასა და განსაკუთრებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
ჩვენ რამდენიმე გამარჯვებულს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რას ნიშნავს მათთვის ეს გამარჯვება და, ზოგადად, თიბისის გუნდის წევრობა:
ნინო კოკავა – მოტივაციის სისტემის პირველი კვარტლის გამარჯვებული
„საკმაოდ დიდი ხანია, თიბისის გუნდის წევრი ვარ – 2008 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ხოლო 2017 წლის შემდეგ პირადი ბანკირის პოზიციაზე ვარ.
ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ საბანკო მომსახურება არ არის, ეს არის შესაძლებლობა, მუდმივად გავიცნო ახალი ადამიანები, შევისწავლო მათი საჭიროებები და მათთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ავაშენო. როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემს პორტფელში არსებულ მომხმარებლებს ვუყვარვარ და მათგან გულწრფელ მადლობას ვიღებ, ეს მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი ენერგია ჩავდო ჩემს საქმეში.
მოტივაციის სისტემის პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თიბისი ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და მათ მოტივირებაზე. ეს არის ძალიან სასიამოვნო ჟესტი, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება და გვაძლევს დამატებით სტიმულს, მუდამ ვისწრაფოდეთ უკეთესობისკენ.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საერთო მიზანს – კომპანიის პროგრესსა და მომხმარებელთან უკეთეს ურთიერთობას ემსახურება“.
ქეთევან ხუხუნაიშვილი – მოტივაციის სისტემის პირველი კვარტლის გამარჯვებული
„თიბისი ბანკში 2018 წელს დავიწყე მუშაობა და აქედან ბოლო 6 წელია, კონცეპტის მომსახურების გუნდის წევრი ვარ.
მოტივაციის ახალი სისტემა ჩვენთვის ნამდვილი სტიმულია. ის მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს და როცა ბანკირი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მიიღებს შეფასებას, რომელიც საუკეთესო თანამშრომლებს განსაზღვრავს.
პირადად ჩემთვის ეს სტატუსი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს საქმეს ისედაც დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთებ, თუმცა ახლა, როცა მივიღე აღიარება, ვფიქრობ, რომ მოტივაცია კიდევ უფრო ამიმაღლდა. ამიერიდან მექნება მეტი სურვილი და გულმოდგინება, რათა მომავალშიც ვიხილო ჩემი სახელი საუკეთესო ბანკირების სიაში“.
ქეთევან ღელეყვა – მოტივაციის სისტემის პირველი კვარტლის გამარჯვებული
„უკვე 12 წელია, თიბისის გუნდის წევრი ვარ, ხოლო პირადი ბანკირის პოზიციაზე 7 წელია ვმუშაობ.
ყველაზე მეტად მომხმარებლებთან მუდმივი, გრძელვადიანი ურთიერთობა მიყვარს. ეს პროცესი მხოლოდ ერთჯერად კომუნიკაციაზე არ არის დაფუძნებული, არამედ ის დამოკიდებულია ნდობის შექმნაზე, ადამიანების რეალური საჭიროებების გაგებასა და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე.
მოტივაციის სისტემის ფარგლებში ყურადღება ეთმობოდა როგორც კლიენტის კმაყოფილების მაჩვენებლებს, ისე გაყიდვების შედეგებს. მიხარია, რომ იმ ადამიანთა შორის აღმოვჩნდი, ვინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. ჩემთვის მომხმარებლის კმაყოფილება ბუნებრივად მოდის იმ ურთიერთობიდან, რომელსაც ჩემთან ერთად ქმნიან, იმიტომ რომ მე მათთან პროფესიული მოვალეობის გამო კი არა, გულწრფელი დამოკიდებულებით ვურთიერთობ.
გამარჯვებულთა სიაში მოხვედრა ჩემთვის არამატერიალური მოტივაციაა. ეს არის განცდა, რომ ჩემი შრომა დამსაქმებლისა და მომხმარებლის მხრიდან ფასდება, რის გამოც ჩემს საქმეს კიდევ უფრო მეტი სიყვარულით გავაგრძელებ”.
გვანცა ჭანკოტაძე – მოტივაციის სისტემის მეორე კვარტლის გამარჯვებული
„თიბისიში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით გამოცდილების მრავალფეროვანი სპექტრი დავაგროვე: ვყოფილვარ ოპერატორი, სალაროს გამგე, დღეს კი პერსონალური ბანკირი ვარ. ეს პოზიცია ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ყოველდღიურად ურთიერთობ სხვადასხვა ადამიანთან, არასოდეს არის ერთფეროვნება და ყოველი დღე ახალ გამოწვევას თუ შესაძლებლობას მთავაზობს. ორიენტირებული ვარ როგორც პროდუქტის სწორად შერჩევაზე, ისე კლიენტის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე, რაც, საბოლოოდ, ჩემს შედეგებსა და კარიერულ წინსვლაზეც აისახება.
მოტივაციის სისტემა ამ პროცესის გაგრძელებაა – ეს ის მომენტია, როცა გრძნობ, რომ შენი ძალისხმევა ნამდვილად შეფასდა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოში მოტივაცია ორმაგდება, როცა ხედავ, რომ შენი შრომა თანაბრად აისახება როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ასევე, თიბისის საერთო მიზნების მიღწევაზე“.
შეჯამების სახით გეტყვით, რომ ყველა პერსონალური მომსახურების თანამშრომელი ერთხმად აღნიშნავს, თუ რაოდენ კარგი იქნება მსგავსი მოტივაციის სისტემა სამომავლოდაც გაგრძელდეს. მათი აზრით, ეს ბევრად გაზრდის თითოეული ბანკირისა თუ კოორდინატორის მოტივაციას, კიდევ უფრო მონდომებით აკეთონ საქმე, რომელიც ისედაც მათი ყოველდღიურობის სასიამოვნო ნაწილია.
[R]










