“თიბისი” ბანკის ახალი კამპანიის სარეკლამო რგოლებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
http://youtu.be/BYnLSOMXgbA
კრიტიკული შეფასებები ძირითადად, მეორე სარეკლამო რგოლს შეეხო.
ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციების უფროსი ქეთა ყავლაშვილი:
“ამ რგოლით გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკს შეუძლია უფრო კომფორტული გახადოს მომხმარებლების ყოველდღიურობა. სარეკლამო რგოლების კონცეფცია სარეკლამო სააგენტოს DDB-პოლონეთს ეკუთვნის, “პროდაქშენი” კი სარეკლამო სააგენტო „No Name Studio”-თან ერთად გაკეთდა. პლათფორმის იდეა და კონცეფცია შემუშავებულია სარეკლამო სააგენტოს DDB პოლონეთისა და სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის მიერ ერთობლივად.
სამი მუშკეტერი არის მეგობრობის და სიძლიერის სიმბოლო არაერთი თაობისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენი ბრენდი წლებია ატარებს. ამავდროულად, მუშკეტერები არიან ყველასათვის საყვარელი და ახლობელი პერსონაჟები. სწორედ ამიტომ მოხდა მუშკეტერების თემის გამოყენება.
ზოგადად, საბანკო პროდუქტები და სერვისები საკმაოდ რთული ასახსნელი და აღსაქმელია, ამიტომ საჭიროა მომხმარებლებს პროდუქტებზე ვესაუბროთ უფრო მარტივად და გასაგებად. სწორედ ეს ამოცანა დავისახეთ, როდესაც ჩვენს კომუნიკაციაში შემოვიყვანეთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებას მარტივი და არაფინანსური ენით აუხსნიან პროდუქტს, შესთავაზებენ, ურჩევენ, დაეხმარებიან ფინანსური საკითხების გადაჭრაში და ა.შ..”
ქეთა ყავლაშვილი ამბობს, რომ “სამი მუშკეტერის” კამპანია გრძელვადიანია და მის ფარგლებში მზადდება ახალი სარეკლამო რგოლები და აქტივობები.
“გაიმართება “სამი მუშკეტერის” კინოფესტივალი. ნაჩვენები იქნება, როგორც ძველი, ასევე ახალი ფილმები მუშკეტერების შესახებ, 1939 წლიდან მოყოლებული დღემდე.”
“სამი მუშკეტერის” კამპანიას კრიტიკულად აფასებს Windfor’s-ის აღმასრულებელი დირექტორი. ვატო ქავთარაძე ამბობს, რომ მის განხორციელებასთან, სცენართან, “პროდაქშენთან” მათ კომპანიას კავშირი არ აქვს.
”მას შემდეგ, რაც “თიბისი”-მ სტრატეგიული პლათფორმის შესასრულებლად თანამშრომლობა პოლონურ DDB-სთან დაიწყო, ჩვენი როლი მხოლოდ ამ კომპანიისათვის იდეების ადაპტაციაში დახმარება იყო. ფაქტობრივად, გვევალებოდა მათი იდეების ქართულ რეალობასთან დაახლოება. ჩვენი საკუთარი იდეებისთვის კი ძალიან ვიწრო გასაქანი გვქონდა. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში ჩვენი ჯგუფის ნაწილი წავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქ კიდევ უფრო მეტი, იდეების გენერირება იყო ჩენგან საჭირო, არადა კონტრაქტით ეს არ გვევალებოდა. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამთ. სტრატეგიული “ბრიფებით” იმუშავეს, “დაიდო” გარკვეული კონცეფციური სტრატეგიები, ჩვენი ჯგუფის რამდენიმე იდეა იყო, მათ შორის სამი მუშკეტერიც. თუმცა, აქ არ იყო არც სცენარი და არც პროდაქშენი, ეს იყო მხოლოდ კონცეფციის იდეა.”
ვატო ქავთარაძის თქმით, მათი “როლი” მუშკეტერების კამპანიასთან დაკავშირებით ამით დასრულდა, არც “პროდაქშენი” და არც მისი შესრულების ნაწილი Windfor’s-ს არ ეკუთვნის და არა მხოლოდ ამ კამპანიაზე. “თიბისი” ბანკთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე, დასრულებულია.
”სცენარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მართალია, კონკრეტული მაშინ არაფერი იყო, მაგრამ რა მონახაზებიც არსებობდა, აბსოლუტურად განსხვავებულია მისგან. ბრენდის ატრიბუტებში, აღქმასა და ფასეულობებში შეცდომებია. ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლებოდა სხვანაირად წარედგინათ და მეორე რგოლის სცენარიც სხვაგვარი ყოფილიყო, თუ მაინცდამაინც ასეთი მიმართულება უნდა ყოფილიყო. ამიტომ, პირადად მე, ამ “სამი მუშკეტერის” კამპანიას ნეგატიურად ვაფასებ.
რაც შეეხება კამპანიის გაგრძელებას, შესაძლოა, სამომავლოდ მიიღოს ისეთი სახე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შედგეს როგორც წარმატებული. ამ ეტაპზე კი ასეთ ნიშნებს ვერ ვხედავ, ვთვლი, რომ ახლანდელი კამპანია აქამდე არსებულთან აბსოლუტურად არ არის თავსებადი.”