in

50-მდე გადახდის აპარატით დაწყებული კომპანია – TBC PAY-ს ამბავი და სიახლეები

თანამედროვე ბაზარზე კომპანიების მიზანი ინოვაციურთან ერთად, ძალიან საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაცაა. ანუ, ისეთი პროდუქტის/სერვისების მომხმარებლისთვის შეთავაზება, რომელიც პრაქტიკულიც იქნება და მომხმარებლის ყოველდღიურობაში თავის დამკვიდრებასაც წარმატებით შეძლებს.

ოდნავ ძველ თაობას, კარგად ახსოვს, როგორ ავსებდა ანგარიშს „მონო ბარათებით“, შემდეგ როგორ იდგა სხვადასხვა ჯიხურებსა თუ ბანკებში, გადასახადების დაფარვის მიზნით. მანამდე, სანამ ჩვენს სმარტფონებში აპლიკაციები გაჩნდებოდნენ და მანამდეც, სანამ ჩვენს ხელებში სმარტფონები აღმოჩნდებოდა, ქუჩებსა თუ გაჩერებებზე „ჯადოსნური ყუთები“ შევამჩნიეთ – ცისფერი გადახდის აპარატები, რომლითაც შეგვეძლო მეორე ადამიანის ჩარევის გარეშე, სენსორულ ეკრანთან ინტერაქციის დონეზე, შეგვევსო ანგარიში, სამგზავრო ბარათი, დაგვეფარა გადასახადები და ა.შ. ეს იყო 10 წლის წინ, ანუ 10 წელზე მეტია მომენტალური გადახდების ბაზარზე TBC PAY ფუნქციონირებს. უფრო კონკრეტულად, ის 2008 წელს შეიქმნა. ფუნქციონირების დაწყებისას, კომპანია 50-მდე აპარატს ითვლიდა, დღეისათვის კი, TBC PAY-ს აპარატების რიცხვი, საქართველოს მასშტაბით, 3 500-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ TBC PAYთიბისის ჯგუფის წევრი კომპანიაა, ეს მოცემულობა გადახდის სერვისისთვის სტაბილურობისა და მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის გარანტიაა. მიუხედავად შვილობილობისა, TBC PAY ცალკეული კომპანიაა, რომელმაც, სხვათა შორის, 2019 წელს, ქუჩებიდან ჩვენს სმარტფონებშიც გადმოინაცვლა. ახლა უკვე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე განაწილებული TBC PAY-ს 3500 აპარატის გარდა, არსებობს აპლიკაციაც, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ტიპის გადახდების წარმოება ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს, 2015 წლიდან, ვებგვერდის გამოყენებით იყო შესაძლებელი. 

TBC PAY მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულების, ფინტექ-ინდუსტრიის წარმომადგენელია და დღეისათვის, ის საქართველოს მასშტაბით, 300-მდე თანამშრომელს აერთიანებს. TBC PAY-ში ამბობენ, რომ კომპანიის თავდაპირველი მიზანი ბანკის გადასახადებისგან განტვირთვის იდეას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ კი, მომხმარებლისთვის დისტანციური და კომფორტული სერვისის შექმნის სურვილს. რაც შეეხება სერვისების კუთხით განვითარებას – „თავიდან  მომხმარებლებს სულ რამდენიმე სერვისს ვთავაზობდით, მაგალითად: მობილურის ანგარიშის შევსება და კომუნალურების გადახდა. დღეს 1000-მდე სერვისის პროვაიდერი გვყავს და 1500-ზე მეტი სხვადასხვა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი“.

დღეს TBC PAY-ით, ტრადიციული სერვისების გვერდით, როგორიცაა თანხის ჩარიცხვა მობილურისა თუ საბანკო ანგარიშზე, შეძლებთ ისეთი ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა ღონისძიების ბილეთების შეძენა, სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა, მართვის მოწმობის გამოცდის ჯავშნის გაკეთება, ზონალური პარკირების საშვის შეძენაც და ა.შ. 

რაც შეეხება სტატისტიკას, რომელიც ბიზნესისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, TBC PAY-ს ინფორმაციით, აპარატები დღეში 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ეს ციფრი კი, მთელი თვის პერსპექტივაში, 3 000 000-ს სცდება. შესაბამისად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესი უკვე დისტანციური გაყიდვის ერთ-ერთ ეფექტურ არხად განიხილავს. ინტერესის შესაბამისად, TBC PAY-ს არხში ასობით პატარა, თუ დიდი კომპანიის სერვისებია გაერთიანებული. 

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მით უფრო თუ ეს სხვადასხვა მომსახურების გაწევისას ადამიანური რესურსის ცხად ჩაურევლობას უკავშირდება, სულ უფრო რთული ხდება იმის გააზრება, რომ კონკრეტული მოწყობილობის/აპარატის მიღმა ადამიანთა გუნდი დგას. როგორც უკვე ვთქვით, TBC PAY-ში 300-მდე თანამშრომელი მუშაობს, მოქმედებს 24 საათიანი მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც მყისიერად რეაგირებს მომხმარებელთა ტექნიკურ საჭიროებებზე. 

ფინანსური ტექნოლოგიების სფერო, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. საქართველოს ფარგლებს რომ გავცდეთ, ამ სფეროში თავის დამკვიდრებას ცდილობენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებიც კი, როგორებიცაა Facebook (Facebook Pay), ან Google (Google Pay). თუმცა, TBC PAY ჯერ კიდევ არ კარგავს თავის ძირითად ფოკუსს – ნაღდი ფულით გადახდის სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, მსოფლიო ტრენდების კვალდაკვალ, გადახდებისთვის აპლიკაციასაც გვთავაზობს, გადახდის აპარატები მის ძირითად მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სამივე პროდუქტი – აპარატები, ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია ნებისმიერი ბანკის მომხმარებელზეა მორგებული (არ პასუხობს მხოლოდ ერთი ბანკის მომხმარებელთა საჭიროებებს). ამ და სხვა კუთხით, TBC PAY-სგან სიახლეებს ჯერ კიდევ ველოდებით, ისევე, როგორც ველოდებით ახლადშექმნილი აპლიკაციის ფუნქციონალზე დეტალურ საუბარს. 

 

[R]

ნამდვილი საახალწლო ემოცია CARU-ს ერთგული მომხმარებლებისთვის

Messenger-ში, Facebook-ის ანგარიშის გარეშე, ვეღარ შეხვალთ