როგორც მზარდი და დინამიკური ფინტექ კომპანია, „თიბისი ფეი“ მუდმივად ვითარდება. ახლაც აქ დიდი სიახლეებისთვის ემზადებიან – შეიცვალა სტრუქტურული წყობა, გაიზარდა IT გუნდი და შეიქმნა კომპეტენციის ახალი ცენტრები. კომპანიის ხედვებისა და სტრატეგიის შესახებ მოგვიყვება IT დირექტორი, ლადო ჯიქია:
„მიზნად დავისახეთ, გავხდეთ საუკეთესო ფინტექ კომპანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და, ტრადიციულ ბიზნესთან ერთად, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ციფრული პროდუქტების განვითარებას“.
ლადო ჯიქია ამბობს, რომ IT სტრუქტურის ცვლილებისას მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიების მაგალითებით ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ეს უნდა იყოს იმის გარანტი, რომ „თიბისი ფეი“ ნებისმიერ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს:
„განახლებული სტრუქტურის მიხედვით, IT ორ ძირითად მიმართულებად დაიყო: ესაა ოპერაციებისა და პროდუქტების დეპარტამენტები. ოპერაციების მიმართულებამ გააერთიანა ის განყოფილებები, რომელთა მიზანია ერთიანი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და განვითარება. პროდუქტების მიმართულებით კი დაგვემატა განყოფილებები შიდა რესურსის შექმნისა და განვითარებისთვის.
უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალ მიმართულებებზე?
ლადო ჯიქია: პირველ რიგში, მოგიყვებით IT ოპერაციების ახლადშექმნილ განყოფილებაზე, რომელმაც თავის თავში გააერთიანა IT ინფრასტრუქტურის მართვა – განვითარებაზე პასუხისმგებელი რესურსი და პროცესები. ამან მოგვცა საშუალება გავმხდარიყავით ბევრად უფრო მოქნილები და ეფექტურები. აქვე შეიქმნა ინციდენტების მართვის განყოფილება, რომლის მიზანიც ციფრული პროდუქტების უწყვეტ რეჟიმში მხარდაჭერა და მონიტორინგია.
ცოდნის ცენტრების ეფექტური თანამშრომლობით, ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად სწრაფი და გამჭვირვალე სამუშაო მოდელი.
პროდუქტების მიმართულებით, შევქმენით ტექნოლოგიური კომპეტენციის ცენტრები – პროგრამული უზრუნველყოფის, ხარისხის კონტროლის, ბიზნეს ანალიტიკისა და პროექტების მართვის განყოფილებები. ისინი იმუშავებენ თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასა და ცოდნის განვითარების კუთხით. გვინდა, რომ ჩვენს თანამშრომლებს საუკეთესო სამუშაო გარემო შევუქმნათ.
რა შეიცვალა ადამიანური რესურსის კუთხით?
ცვლილებებთან ერთად, ბუნებრივია, გაიზარდა ჩვენი გუნდიც. სხვადასხვა საკვანძო პოზიციებზე შემოგვემატნენ მიმართულების ექსპერტები.
2021 წლის განმავლობაში ვგეგმავთ საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას ადამიანური რესურსის მიმართულებით. გვაქვს ამბიცია, რომ ქართულ ბაზარზე საუკეთესო დამსაქმებელი ტექნოლოგიური ორგანიზაცია გავხდეთ.
რა არის ამ ცვლილებების მთავარი მიზანი?
ცვლილებების მთავარი მიზანია, შევქმნათ მოქნილი სტრუქტურა, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველდღიური ბიუროკრატიისგან, თითოეულ თანამშრომელს კი მისცემს საშუალებასა და კომფორტს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს და განვითარდეს.
რას შეცვლის „თიბისი ფეიში“ ეს სიახლეები?
ახალი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისთვის, საჭიროა სწრაფი და მოქნილი ტექნოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს, ფრთები შეასხას ამბიციურ იდეებსა და წამოწყებებს. გარდა ამისა, მომხმარებლის მოთხოვნა ციფრული პროდუქტის მიმართ ყოველდღიურად იზრდება. ამ მოთხოვნებთან თანხვედრაში ყოფნისთვის კი საჭიროა თანამედროვე, მოქნილი და ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა.
ამ და სხვა მრავალი სიახლით „თიბისი ფეის“ მთავარ მიზანს ბედნიერი მომხმარებელი წარმოადგენს. ციფრულ სამყაროში კი გამართული და ეფექტური ტექნოლოგიური პროცესები გამართული და ეფექტური ბიზნესის წინაპირობაა, რის გარეშეც მომხმარებელთან სრულყოფილი უკუკავშირი წარმოუდგენელია.
[R]











