„თიბისი ფეიში“ ადამიანების გვერდით, რობოტები მუშაობენ. ამ სიახლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ და ბუნებრივია, მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. ერთი მხრივ, ვიცით, რომ „პროგრამული რობოტი ერთგვარი ციფრული თანამშრომელია, რომელიც მუშაობს 24/7-ზე, არ უშვებს შეცდომას და ყოველგვარ სამუშაოს უმოკლეს დროში ასრულებს“, თუმცა, საინტერესოა, რა ეტაპებს მოიცავს პროცესების რობოტიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა, რამდენად ეფექტური პრაქტიკა შეიძლება იყოს ეს საქართველოში და როგორია „თიბისი ფეის“ გამოცდილება ამ კუთხით. გარდა ამისა, ბევრისთვის საინტერესო კითხვა შეიძლება იყოს ის, თუ როგორ აისახება საქმის ნაწილის რობოტებისთვის გადაბარება კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებზე.
პროცესების რობოტიზაციის კუთხით „თიბისი ფეიმ“ IT კომპანია NGT-სთან ითანამშრომლა. სწორედ NGT-ის RPA კონსულტანტ დავით მეშველაშვილთან და „თიბისი ფეის“ ოპერაციების დირექტორ – ლიკა გვილავასთან ერთად მოგიყვებით „თიბისი ფეის“ რობოტიზაციის ამბავსა და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ პერსპექტივებს.
„თიბისი ფეის ზრდის ტემპმა დღის წესრიგში დააყენა პროცესების ავტომატიზაცია და თანამედროვე მეთოდების დანერგვა. სისტემის დახმარებით, პროცესები საგრძნობლად ჩქარდება და მარტივდება, რაც კომპანიის რესურსების უფრო ეფექტურ და საინტერესო საქმიანობის მიმართვაში გვეხმარება“, – გვიყვება ლიკა გვილავა, „თიბისი ფეის“ ოპერაციების დირექტორი.
M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით გადანაწილდა TBC Pay-ში გასაწევი სამუშაო რობოტებსა და ადამიანებს შორის?
განაწილება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა. ჩვენი მიზანი რუტინული პროცესების ავტომატიზებას წარმოადგენდა. ქსელის და ტრანზაქციების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა რუტინული საქმის მოცულობა, რასაც ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დაგვენერგა თანამემდროვე ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებოდა.
M: როგორც ვიცით, რობოტიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც უკვე გაქვთ ამ კუთხით, რამდენად ეფექტური გამოდგა „რობოტების დასაქმება“ TBC Pay-ში?
საწყის ეტაპზე, პროგრამული რობოტიზაციის პროცესი დაინერგა სერვისისა და მონიტორინგის მიმართულებით, რადგან აღნიშნული მიმართულება სწრაფად მზარდია და შესაბამისად, იზრდება განმეორებითი პროცესებიც. აქედან გამომდინარე, „თიბისი ფეიში“ პროგრამული რობოტის სისტემის დანერგვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესები საგრძნობლად დაჩქარდა, გაუმჯობესდა მონაცემების ხარისხი და შემცირდა საოპერაციო რისკებიც.
M: გამოიწვია, თუ არა რობოტების დასაქმებამ კომპანიაში ადამიანური რესურსის შემცირება, თუ ამან მათი გამეორებადი, ერთფეროვანი სამუშაო რუტინა შეამცირა და მეტად შემოქმედებით მიმართულებებზე კონცენტრაციის შესაძლებლობა გააჩინა?
„თიბისი ფეი“ მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე, იქნება ეს შიდა როტაცია თუ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობები. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული რობოტების დანერგვაც მსგავს აქტივობას წარმოადგენს, რადგან დანერგვის პროცესიც იყო ჩვენთვის ახალი, საინტერესო გამოწვევა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. კომპანიაში პროგრამული რობოტების დანერგვის მიზანს წარმოადგენს არა ადამიანური რესურსების შემცირება, არამედ ადამიანური რესურსების ერთფეროვანი რუტინული საქმიანობიდან ღირებულების მომტან, მათვის საინტერესო და განმავითარებელ საქმიანობაზე გადართვა.
რაც შეეხება რობოტიზაციის პროცესსა და ეტაპებს, პირველ რიგში, TBC Pay-სა და NGT ჯგუფის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა სპეციალური გუნდი, რომელიც რობოტიზაციის გეგმის შედგენასა და აღსრულებაზე იყო ორიენტირებული. როგორც NGT-ის RPA კონსულტანტი – დავით მეშველაშვილი გვიყვება, შემდეგი ეტაპი განმეორებადი პროცესების იდენტიფიცირება და შესწავლა იყო.
M: როგორ შემუშავდა რობოტიზაციის გეგმა და რა ეტაპების გავლა გახდა საჭირო მის დასანერგად?
გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფმა დააიდენტიფიცირა განმეორებადი, დიდი მოცულობის, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული და შეცდომების მიმართ სენსიტიური პროცესები. ამის შემდეგ კი, ე.წ. Deep-dive მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს იდენტიფიცირებული პროცესების სიღრმისეულ შესწავლას. ამის შემდეგ უკვე თანხმდება პროცესების საბოლოო ჩამონათვალი. პროცესების ჩამონათვალის შეთანხმების შემდგომ, ჩვენი დეველოპერების გუნდის მიერ გაეშვა ერთ-ერთი შერჩეული პროცესი საპილოტედ. ხოლო პილოტის მიზანი არის პოტენციური პარტნიორისთვის ტექნოლოგიის შესაძლებლობის დემონსტრირება, რომელიც ხელშესახებს ხდის რობოტის მიერ მოტანილ სარგებელს.
M: რა განასხვავებს TBC Pay-ში მომუშავე პროგრამულ რობოტებს ავტომატური მომსახურების უზრუნველმყოფი პროგრამებისგან, ან ხელოვნური ინტელექტისგან, რომელსაც სხვადასხვა პროცესის დამუშავება და ინტერპრეტირება ასევე ავტონომიურად შეეძლებოდა? რატომ ვუწოდებთ მათ რობოტებს?
პროცესების რობოტიზაცია (RPA) არის, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის უახლესი ტექნოლოგია. მისი მიდგომა განსხვავდება კლასიკური back-end ავტომატიზაციისაგან. RPA ტექნოლოგია იყენებს არსებულ აპლიკაციებს ზუსტად იგივენაირად, როგორც ადამიანი, იგივე ინტერფეისში. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ რობოტებს. RPA-ს დანერგვისას არ მოითხოვება არსებული სისტემებში ცვლილებების შეტანა. რობოტიზაციის პროექტების განხორციელება ხელს არ უშლის არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, არ მოითხოვს მიმდინარე პროცესების გაჩერებას ან ბიზნეს მოდელის ცვლილებას კლასიკური ანალოგიებისგან განსხვავებით. რაც შეეხება RPA-ს და ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენი რობოტები იყენებენ AI ტექნოლოგიას რაც აძლევს რობოტს იმის საშუალებას რომ დაინახონ კომპიუტერის ეკრანი, ისევე როგორც ამას აკეთებენ ადამიანები და კიდევ უკეთესადაც. რობოტები, ასევე, გვაძლევენ საშუალებას გავხადოთ რთული AI მოდელები ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი.
M: რა ტიპის რობოტებია დასაქმებული „თიბისი ფეიში“ და როგორ შეარჩიეთ ისინი?
არსებობს ორი ტიპის რობოტი: ასისტენტ-რობოტი და დამოუკიდებელი რობოტი და ისინი სხვადასხვა ტიპის დავალებებისთვის არიან განკუთვნილი. ასისტენტ-რობოტი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას თანამშრომლის პროდუქტიულობის ზრდაში. ასისტენტ რობოტი მიმაგრებულია მომხმარებელზე, რომელიც რობოტს, სურვილისამებრ, აძლევს ბრძანებას ამა თუ იმ პროცესის შესასრულებლად. დამოუკიდებელი რობოტი, ასისტენტ-რობოტისგან განსხვავებით, არ არის მომხმარებელზე მიბმული, იგი დამოუკიდებლად დგას სერვერზე და განკუთვნილია end-to-end პროცესების რობოტიზირებისთვის, სადაც ადამიანის ჩართულება საერთოდ არ მოითხოვება. დამოუკიდებელი რობოტი მუშაობს როგორც უნივერსალური, თანამშრომელი რომელიც იღებს დავალებებს სხვადასხვა დეპარტამენტისგან და მათ პრიორიტეტულობის მიხედვით ასრულებს. TBC Pay-ს პროცესების საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა ორივე ტიპის რობოტები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც შერჩეული პროცესების ცენტრალიზირებულად შესრულებას, ასევე დაეხმარებიან კომპანიის კონკრეტულ თანამშრომლებს, დროის უფრო ღირებული აქტივობებისთვის გამოყენებაში.
M: გაჩნდა, თუ არა ქართულ ენაზე წარმართულ პროცესებში რობოტების ჩართვისას ენის (NLP-ის მხრივ) პრობლემა და როგორ გადალახეთ ის?
ამ მომენტისთვის, ეს საკითხი ე.წ ქივორდების ბაზის მეშვეობით იმართება, რობოტი მიღებულ შეტყობინებაში ეძებს საკვანძო სიტყვებს, რის შემდეგაც აიდენტიფიცირებს მოთხოვნის ტიპს და შესაბამის სამუშაოს ასრულებს.
M: რა გამოცდილება აქვს NGT ჯგუფს კომპანიების რობოტიზაციის მიმართულებით?
NGT ჯგუფი ამ მიმართულებას მეორე წელია რაც ავითარებს. მიუხედავად ამისა, გუნდში გვყავს ისეთი ადამიანები ვინც ამ მიმართულებით NGT-ში მოსვლამდეც საქმიანობდნენ. გარდა ამისა, RPA-ს მიმართულებით გვყავს კლიენტები აშშ-ში, სადაც არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. ამერიკის ბაზრისთვის ეს ტექნოლოგია ისეთი უცხო არ არის, როგორც საქართველოში, ასეთ ბაზარზე მუშაობა კი გვეხმარება გუნდის კომპეტენციების ზრდაში.
M: რა პრაქტიკა/გამოცდილება არსებობს საქართველოში პროცესების რობოტიზაციის მიმართულებით?
ამ დროის განმავლობაში, NGT ჯგუფის თანამშრომლებმა საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ, ინდუსტრიის ლიდერ 100 კომპანიას უკვე გავაცანით ეს ტექნოლოგია და დღეის მონაცემებით, 6 სექტორში 20-ზე მეტი პროექტი არის დანერგვის სხვადასხვა ეტაპზე. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტები საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ისე რომ ბევრს არც გაუგია ამის შესახებ. მაგალითად დღეს ყველაზე განხილვად თემას – Covid-19-ს რომ შევეხოთ, სხვადასხვა ლაბორატორიებში ჩვენი რობოტები PCR ტესტირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.