28
May
2019

მორაგბეები და რაგბის სიმბოლიკა TBC-ის პლასტიკურ ბარათებზე

28 May 2019

TBC და Mastercard, რაგბის სიმბოლიკითა და მორაგბეების გამოსახულებით, პლასტიკურ ბარათებს უშვებს. სიახლე რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობს. 5 სხვადასხვა ვიზუალით, სპეციალური ბარათები, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან იქნება.

„სულ 5 ახალი ბარათი გვაქვს – ოთხზე ერთმანეთისგან განსხვავებული გაფორმებაა, ძირითადი ვიზუალი კი ორ ფერშია, შესაბამისად, სულ 5 ბარათს ვთავაზობთ მომხმარებელს. მათ შორის არის: მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვიზუალი, იაპონური სტილისტიკით; საქართველოს დროშის სტილიზებული ვერსია, მორაგბეების გამოსახულება თამაშის დროს და ქართული და იაპონური სიმბოლიკების შერწყმა“, – ამბობს TBC-ის ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი კოკა ქამუშაძე.

მისივე თქმით, სიახლე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას ეძღვნება.

„სექტემბერში, იაპონიაში არის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს. ზოგადად, რაც თიბისი ამ სპორტის გენერალური სპონსორი გახდა [2016 წელი], გვინდოდა, რაიმე თემატური პროდუქტი შეგვექმნა. მით უმეტეს, რომ ეს მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდანაც არსებობდა. წელს, რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა Mastercard, რომელიც ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი. ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს იყო შესაფერისი მომენტი და კოლაბორაციაც შედგა: თიბისი, Mastercard და მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის წარმომადგენლობა ქართველ მომხმარებელს რაგბის სიმბოლიკითა და მორაგბეების გამოსახულებით ბარათებს ვთავაზობთ. გარდა ემოციური დატვირთვისა, პროდუქტს გარკვეული ბენეფიტებიც აქვს: ბარათის აღებისას, მფლობელს, საჩუქრად, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლიკა გადაეცემა, გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებზე მიიღებს მაისურს, უფრო მეტ ტრანზაქციაზე – ოფიციალურს ბურთს და ა.შ. “.

თუმცა, რაგბისთან დაკავშირებული აქციები და სიურპრიზები ამით არ სრულდება. კოკა ქამუშაძის თქმით, თიბისისა და Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით (არა მხოლოდ ეს ახალი ბარათები) შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგება.

„აგვისტოს ბოლოს, თბილისში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ვინც ნებისმიერი (ძველი და ახალი) ჩვენი ბარათის გამოყენებით შეიძენს ამ თამაშის ბილეთს, ხვდება გათამაშებაში – სულ გამოვავლენთ 7 გამარჯვებულს, რომელიც იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. გვინდოდა, გათამაშების სეგმენტი სწორად შეგვერჩია. ანუ მას მიეღო მონაწილეობა, ვინც რაგბის გულშემატკივარია და დადის თამაშებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მთავარი პრიზი ძალიან ღირებული იქნება მათთვის“.

 

განხილვა