in

თიბისის ბარათები, რომლის დიზაინზეც ერეკლე ინაშვილმა იმუშავა, Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია!

ალბათ გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ თიბისის ბარათები ფერადი, ვერტიკალური და სადა დიზაინის ბარათებად რომ გადაიქცა.. ამ ფერებმა აქტიურად შემოაღწიეს თიბისის მომხმარებლების ცხოვრებაში და ბრენდის აღქმა ბევრად ფერადი გახადეს. თუმცა, აქ არ დასრულებულა ეს ამბავი – ცოტა ხნის წინ გაირკვა რომ ბარათების ახლებურმა დიზაინმა დიზაინის საერთაშორისო ჯილდო “Red Dot Design Award” მოიპოვა. ამ ამბის შესახებ რედიზაინის ავტორს, ერეკლე ინაშვილს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, მოკლედ გვიამბეთ ამ ჯილდოს/კონკურსის შესახებ – რა ჯილდოა, რა სფეროს ეხება და თქვენ რომელ კატეგორიაში იღებდით მონაწილეობას?

ესაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო დიზაინ კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობენ ყველაზე დიდი ბრენდები, მაგალითად: Adidas, Google, Uber, Mercedes, BMW და ა.შ შესაბამისად, ამ ჯილდოს მიღება საკმაოდ დიდი პრესტიჟია. ამ კონკურსს ორი მიმართულება აქვს, ერთი მიემართება პროდუქტის დიზაინს, ხოლო მეორე – ბრენდისა დიზაინს.

M: როდის გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა და საიდან გაგიჩნდათ საერთოდ აქ მონაწილეობის იდეა?

დიზაინის და ბრენდინგის სფეროში ვინც მოღვაწეობს, მათთვის Red Dot Design Award არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო და მწვერვალი ამ სფეროში. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურსში თავისი ნამუშევარი მოახვედროს. ჩვენ, თიბისისთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ბარათების რედიზაინი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი ბრენდისთვის ახალი მწვერვალებისკენ. შედეგად, გადავწყვიტეთ, ამ კონკურსზე შეგვეტანა ნამუშევარი.

ნამუშევრის გაგზავნისას, ანოტაციაში ჩავწერეთ, რომ თიბისის ბარათები არ არის მხოლოდ ერთადერთი ატრიბუტი, რომლის რედიზაინიც მოხდა. არამედ, ეს სადა და ფერადი რედიზაინი გვაძლევს სულ სხვა რეალობას – ბრენდი მომხმარებელთან კომუნიკაციას ამყარებს უფრო მარტივად, პირდაპირ, ფერადად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბრენდის პლატფორმისთვის არის ძალიან დიდი ბიძგი და საკომუნიკაციო მესიჯი.

M: რა მნიშვნელობისაა თქვენთვის და მთლიანად თიბისისთვის ამ ჯილდოს მოპოვება? 

ამ რანგის კონკურსებში აქტიურად მიმიღია აქამდე მონაწილეობა და მომიგია კიდეც ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა: German Design Award, German Brand Award და თვითონ Red Dot Design-იც გერმანული პროექტის მეშვეობით. ჩემს შემთხვევაში, ესაა პირველი ქართული პროექტი, რომლითაც აღნიშნული ჯილდო მოვიგე. ეს ფაქტი ქვეყნისთვისაც და დიზაინ ინდუსტრიისთვისაც ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში შეგვიძლია მაღალი დონის ნამუშევრების შექმნა. აქ განსაკუთრებით მინდა, გამოვყო თიბისის გუნდის, როლი, რომ არა მათი თამამი გადაწყვეტილებები და გუნდის თავდაუზოგავი შრომა, ასეთი დიდი მაშტაბის პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მე არ ვარ პირველი ქართველი, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2011 წელს გია ბოხუამ მოიგო ACT-ის პროექტით და 2014 წელს ზვიად ციკოლიამ მიიღო ეს ჯილდო საათის დიზაინით, პროექტ “P-47-ით”. 

დაჯილდოების ცერემონიალი / Gala ამა წლის 12 ნოემბერს ბერლინში გაიმართება.

“ქარის” ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბრენდებსა და დიზაინერებს გააერთიანებს

Hennessy გამოყოფს გრანტს იმ მუსიკოსებისთვის, რომელთა ხელოვნება ტრადიციების გამოძახილს ეფუძნება