6
ივლ
2017

თიბისის ონლაინ მაღაზია #თიბისელებისთვის

6 ივლ 2017

2015 წლის დეკემბრიდან, თიბისის თანამშრომლები შიდა ონლაინ მაღაზიით სარგებლობენ, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა TBC-ს ბრენდირებით. მარკეტერი ბრენდმაღაზიის შექმნის იდეაზე, მუშაობის დინამიკასა და შედეგებზე TBC ბანკის სოციალური პასუხისმგებლობისა და შიდა კომუნიკაციების მენეჯერ თეო ლეჟავასა და შიდა კომუნიკაციების უმცროს მენეჯერ ქეთი ყარალაშვილს ესაუბრა:

BOG PLUS

M: რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ TBC-ს ბრენდმაღაზია გაგეკეთებინათ თანამშრომლებისთვის?

ალბათ თქვენც ბევრი ადამიანი შეგხვედრიათ ქალაქში თიბისის ბრენდირებული ნივთებით, სამოსით და ა.შ.

პროექტი #წერექართულად ამ მხრივ ყველაზე პოპულარული იყო. მაისურები #წერექართულად ჰეშტეგით იმდენად პოპულარული გახდა, რომ მივხვდით, ჩვენი თანამშრომლებისთვის უნდა შეგვექმნა ცალკე კოლექცია თითოეული იმ ატრიბუტით, რომელიც იქმნებოდა მარკეტინგის მიერ.

თიბისი ბანკისთვის თანამშრომლების კმაყოფილება და ბედნიერება ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალია. სწორედ ეს გვაძლევს ძალას რაც შეიძლება მეტი საინტერესეო პროექტი განვახორციელოთ. მაღაზიის შექმნაც ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელსაც ანალოგი ჯერ-ჯერობით არ აქვს. ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, თითოეული თიბისელის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა – ეს ძალიან გვახარებს.

ის ფაქტი, რომ თითოეული ნივთი ექსკლუზიურია და  მხოლოდ თიბისელებისთვისაა შექმნილი, თანამშრომლებს ყველაზე მეტად ახარებთ.  ვცდილობთ, მათ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ.
M: რა ეტაპები გაიარეთ და როგორია თანამშრომლების უკუკავშირი?

პროექტის განხორციელება ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორთან ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ბანკი თავად აფინანსებს ნივთების ღირებულების ნაწილს იმისათვის, რომ თანამშრომლებისთვის ფასებიც ექსკლუზიური იყოს. შესაბამისად, თანამშრომლების ჩართულობაც მაღალია. დაახლოებით 2000 თანამშრომელი ამ მაღაზიის მუდმივი მომხმარებელია, რაც ძალიან გვიხარია. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათთვის საამაყოა თიბისის ბრენდირებული ნივთების ტარება და მოხმარება.
M: მაღაზიაში გასაყიდი პროდუქცია როგორ შეარჩიეთ?

ვიდრე კოლექციას შევქმნიდით, თანამშრომლები გამოვკითხეთ. დავინტერესდით, რა პროდუქციის მოხმარება სურდათ ყველაზე მეტად. კოლექციაც შესაბამისი შევქმენით.

ზოგადად, ჩვენი ნივთების მთავარი უპირატესობა მინიმალური ბრენდირება, უნიკალური დიზაინი და ექსკლუზიურობაა. თავიდან მხოლოდ ამ კონცეფციით ვმუშაობდით, არ გვინდოდა ბრენდირება დომინანტური ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ერთი რამ აღმოვაჩინეთ. მაისური, რომელიც მთლიანად თიბისის ლოგოთი იყო გაფორმებული, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული გახდა. ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება, ბრენდმა მიიღოს საკუთარი თანამშრომლებისგან – სიყვარული, ლოიალობა და ერთგულება.  სწორედ ასეთები არიან #თიბისელები!
M: დასაბრენდი პროდუქციით ვინ უზრუნველყოფს ონლაინ მაღაზიას?
ვცდილობთ, რომ კოლექციები მუდმივად გავამდიდროთ. გარდა მომწოდებელი კომპანიისა, რომელიც ძირითადი პროდუქციით ამარაგებს მაღაზიას, ამ საქმეში ქართველი დიზაინერებიც აქტიურად ჩავრთეთ. მაგალითად, თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომია ზვიად ციკოლიას მიერ სპეციალურად თიბისისთვის შექმნილი საათები – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაღაზიას  ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთიც დაემატა. მოგვიანებით,  წინდების  გუდაურისა და რაგბის სერია დაგვიმზადა „ალტერსოქსმა“,  ბროშები – მუსია ქებურიამ.  გვაქვს ასევე სეზონური კოლექციები. მაგალითად, პიკნიკის ჩემოდანი, სავარჯიშო აქსესუარები და ა.შ. რომლითაც თანამშრომლებს გარეთ, ბუნებაში გასვლისკენ მოვუწოდებდით.
M: გარდა მარკეტინგული მნიშვნელობისა, რა დამატებითი ფუნქცია შეიძინა ონლაინ მაღაზიის არსებობამ?

გარკვეულწილად მან თიბისელებისთვის სავიზიტო ბარათის ფუნქციაც შეიძინა.  კომუნიკაციის საშუალებაც გახდა, 6000-ზე მეტნი ვართ თიბისიში და ბუნებრივია, ყველა ერთმანეთს არ იცნობს. ზამთრის სეზონზე, ჩვენი გუდაურის სპორტული იმდენად პოპულარული იყო, რომ თანამშრომლები ამით ცნობდნენ ერთმანეთს. თიბისელებს მაღაზიაში ნივთების შეძენას მეგობრები, ოჯახის წევრები, მომხმარებლებიც კი თხოვენ. შესაბამისად #თიბისელობა აღარ ნიშნავს მარტო ბანკის თანამშრომელს J

ვფიქრობთ, ამ პროექტმა დაადასტურა, რომ თიბისი თანამშრომლებისათვის ზედმეტი არასდროს არის. ეს გვაძლევს შთაგონებას, მეტად ვიფიქროთ მრავალფეროვნებაზე და ახალ იდეებზე. #თიბისელები ჩვენთვის მთავარი საფიქრალია.

განხილვა