სტარტაპერი 5 წლის გახდა. პროგრამა, რომელმაც მიზნად ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერა დაისახა, უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარ ბრენდად, სადაც ახალბედა კომპანიებს განვითარების მრავალი შესაძლებლობა ეძლევათ.
55 000-ზე მეტი სტარტაპი, 315 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება — ეს ხუთი წლის შედეგია, სტატისტიკა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების განვითარებასა და გაძლიერებაში ითარგმნება.
სტარტაპერი შეიქმნა მისიით, ყოფილიყო ყველგან, სადაც ახალი იდეებია, ამიტომაც პროგრამა რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. ის ახალბედა ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს და სთავაზობს შეღავათიან სესხს, წვდომას საოპერაციო პროდუქტებზე, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კონკურსებს, ღონისძიებებს, მარკეტინგულ თუ მედია მხარდაჭერას.
რატომ სტარტაპერი?
“სტარტაპერი ძალიან საამაყო პროექტია ჩემთვის და თიბისისთვის. ჩვენ, ფაქტობრივად, პირველები ვართ საქართველოში, ვინც ქვეცნობიერად გაიაზრა, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპის ხელშეწყობა. სტარტაპი არის მოძრაობა ახლის შექმნისთვის. ყველა დიდი კომპანია, ოდესღაც სტარტაპი იყო, ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დიდი მხარდაჭერა ჰქონდეთ მათ”
თორნიკე გოგიჩაიშვილი
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე
თორნიკეს თქმით, იყო დრო, როცა ფინანსური ორგანიზაციები სტარტაპების დაფინანსებას ერიდებოდნენ, რადგან ეს მომატებულ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარებისა და სამეწარმეო სული სკვეთების ამაღლებისთვის ეს აუცილებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა პროგრამა, რომელმაც მიზნად დაისახა სტარტაპერების ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერა.
„სტარტაპერი არ არის მხოლოდ დაფინანსება — ეს გულისხმობს დახმარებას ახალი კავშირების დამყარებაში, კონსულტაციებს ფანდრაიზინგზე, მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მხარდაჭერას და მრავალ სხვა ინდივიდუალურ, სტარტაპის საჭიროებაზე მორგებულ სერვისს”, — აღნიშნავს თორნიკე.
“შედეგად, ამ წლების განმავლობაში სტარტაპერის პროგრამის მონაწილე ძალიან ბევრი კომპანია გახდა წარმატებული, მათ შორის — საზღვარგარეთ. ისინი მუშაობენ ტექნოლოგიებში, ფინანსებში, ავითარებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ისინი გასცდნენ საქართველოს საზღვრებს და მოიზიდეს უცხოური კაპიტალი”.
მხარდაჭერა ახალ იდეებს
წლების განმავლობაში პროგრამა სტარტაპ საზოგადოებას მხარდამჭერად მრავალი პროექტის სახით მოევლინა. მათი ნაწილი თიბისის ორგანიზებული იყო, ნაწილი კი პარტნიორებთან კოლაბორაციით შედგა. ასეთებია კონკურსი საუკეთესო აპლიკაციებისთვის, Social Impact Award, ქუჩის ბაზრობები, სტარტაპ-დეკრეტი და სხვა. გამორჩეული წამოწყებების აღიარებისთვის “ბიზნესდაჯილდოებას” სტარტაპერის ნომინაციაც დაემატა 2017 წელს, ორ წელიწადში კი მისი სპონსორი გავლენიანი გამოცემა Forbes Georgia გახდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც სტარტაპერი მოიცავს.
თიბისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოში, გუნდი 9000 წევრს აერთიანებს, ამიტომ ახალი იდეების ხელშეწყობის მიზნით, შექმნეს კონკურსი თანამშრომლებისთვის, სადაც გამარჯვებულებს ეძლევათ 6-თვიანი დეკრეტი საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად გადაქცევისთვის.
სტარტაპერების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. თორნიკეს თქმით, ეს პროცესები ერთგვარ სუბკულტურას აყალიბებს, სადაც თიბისი მარტო არაა, მასთან ერთად არიან სხვა კომპანიები და თავად ის სტარტაპებიც, რომლებმაც გასულ წლებში სტარტაპერის დახმარებით მიაღწიეს წარმატებას.
„ამაყები ვართ, რომ პროგრამა სტარტაპერმა კატალიზატორის როლი ითამაშა ამ სფეროში და არჩეულ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ”.
რექლესი და სტარტაპერი
პროგრამა სტარტაპერის დახმარებით შეიქმნა ბრენდი რექლესი, რომელმაც იცის, რომ ტანსაცმლის დახმარებით შეგიძლია შენი სათქმელი თქვა. ბრენდის შექმნის იდეა სალომე გველესიანს 2019 წელს გაუჩნდა. ის შვილს, ნიკა ჯორჯაძეს მიუძღვნა, რომელმაც 15 წლის ასაკში მრავალფეროვანი შემოქმედება და ინდივიდუალური სტილი დატოვა.
“2020 წელს შევძელით, კომპანია დაგვეფუძნებინა და რეალური ნაბიჯები გადაგვედგა ჩვენი მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა, დიდ სირთულეებს შევეჩეხეთ, რადგან პანდემია დაიწყო, შეზღუდვების გამო კი გადაიდო ბრენდის გაშვება. ეს მოგვიანებით, 2020 წლის 31 აგვისტოს, ჩემი შვილის დაბადების დღეზე მოვახერხეთ. ამ მოცემულობის ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ ჩვენი იდეა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის შექმნას გულისხმობდა და ზუსტად მაშინ დაიწყო მომხმარებელმა ონლაინ პლატფორმების გამოყენება აქტიურად.
გვქონდა ჩავარდნებიც, რადგან პირველი კოლექცია back to school პროდუქტებით შეიქმნა, ხოლო სწავლა ონლაინ გაგრძელდა. ეს, რა თქმა უნდა, დაეტყო გაყიდვებს . მიუხედავად ამისა, გადაღებებით, ბრენდინგითა და სწორი კომუნიკაციით, კარგი გამოხმაურება მივიღეთ და დღეს თინეიჯერებს რექლესი უყვართ”, — გვიამბობს სალომე გველესიანი.
რექლესის უნიკალური თვისება ისაა, რომ ტანსაცმელს მოზარდები თვითონ ქმნიან. დიზაინერები 17-18 წლის ასაკში იყვნენ, როცა პირველად შეხვდნენ სალომეს და მას შემდეგ ერთად აგრძელებენ საქმეს. კომუნიკაციაშიც მოზარდები არიან ჩართული და მაქსიმალურად ცდილობენ, ბრენდი იყოს არა მარტო ტანსაცმელზე ორიენტირებული, არამედ იქცეს ნიჭიერი მოზარდების მხარდასაჭერ პლატფორმად.
“რაც აწუხებთ, რაზეც ფიქრობენ, რაც სტკივათ — ეს ის თემებია, რის გარშემოც კოლექციები იქმნება”.
სალომემ საქმიანობა სტარტაპერის ბიზნესსესხით დაიწყო.“ბრენდი თიბისის ფინანსური თანადგომით შეიქმნა. ამ ზომის სესხის გაცემა სრულიად ახალ კომპანიაზე, თანაც ლოქდაუნის პირობებში, ნამდვილად სარისკო იყო, მაგრამ თიბისის გუნდმა სწორად გაიაზრა თემის მნიშვნელობა და მიხარია, რომ მოლოდინები გავამართლეთ.
ჩვენ უკვე კარგი პარტნიორები ვართ, ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო ერთობლივი მარკეტინგული კამპანია ახალგაზრდულ ბარათებთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ და მომავალში, ბრენდის ზრდასთან ერთად, ახალ ფინანსურ საჭიროებებს, ვფიქრობ, ისევ ბანკის დახმარებით გავუმკლავდებით”, — აღნიშნავს სალომე.
რექლესის შემდეგი ნაბიჯი ფიზიკური მაღაზიაა. სტარტაპს სურს, ქალაქში ისეთ ადგილებში გაჩნდეს, სადაც თინეიჯერები ერთმანეთს ხვდებიან. რაც მთავარია, სალომეს თქმით, რექლესი აუცილებლად უნდა გახდეს საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ბავშვების სათქმელს ყოველთვის იტყვის.
“რა მასშტაბიც არ უნდა მიიღოს რექლესმა, წიაღი, რომლიდანაც ის ამოვა, იქნება ბავშვები ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან, ბავშვები, რომლებსაც მსოფლიოსთვის ძალიან ბევრი რამ აქვთ სათქმელი”.
პროგრამა სტარტაპერი გრძელდება და იგი მომავალშიც დაუჭერს მხარს ახალ წამოწყებებს, ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან საკუთარი იდეით და სჯერათ მისი წარმატების.
ასე რომ, თუ ხარ სტარტაპერი, ესტუმრე ვებგვერდს www.startuperi.ge , ჩაერთე პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში და გახდი უფრო წარმატებული!
რექლესის ფოტოების ავტორები არიან: მასუ მწარიაშვილი, ნატა სოფრომაძე.
[პარტნიორის კონტენტი]