in

თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, აქსელმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით სტარტაპების ეპოქაში ვცხოვრობთ — ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები ერთიანდებიან და საკუთარ კომპანიებს ქმნიან. თუმცა ვიდრე დამოუკიდებლად შეძლებენ განვითარებას, სტარტაპებს გარკვეული ხელშეწყობა, დაფინანსებების მოპოვება და ინვესტორების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას „ანგელოზი ინვესტორების“ ჩართულობა წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ „აქსელი“, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, უდიდეს როლს ასრულებს ადგილობრივი სტარტაპების ზრდაში.

ახლა კი აქსელმა თიბისი სტარტაპერთან, EBAN-თან (European Business Angel Network) და GBAN-თან (Global Business Angel Network) პარტნიორობით, სტამბაში მასშტაბური, 3-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გამართა ინვესტიციების შესახებ. მსგავსი ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. პირველ რიგში, ეს არის სივრცე, სადაც დამსწრეები ღირებულ ინფორმაციასა და რჩევებს ისმენენ უცხოელი და ქართველი ანგელოზი ინვესტორებისგან, ვენჩურული ფონდების წარმომადგენლებისგან, სტრატაპერებისა და ანტერპრენერებისგან.

ამავდროულად, ღონისძიებამ გზა გაუხსნა სტარტაპერებსა და ინვესტორებს; ერთი მხრივ, დაფინანსების საჭიროების მქონე სტრატაპებმა პროფესიული წრე გააფართოვეს — შეხვდნენ ანგელოზ ინვესტორებს, რომლებიც შეიძლება მათი საქმიანობით დაინტერესდნენ. მეორე მხრივ კი, ანგელოზმა ინვესტორებმა გაიცნეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის წინა პლანზე მყოფი სტარტაპერები — ადამიანები, რომლებიც რაღაც განსხვავებული შექმნას ცდილობენ. შესაბამისად, ორივე მხარემ პოტენციური შესაძლებლობები დაინახა.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარდგნენ და ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტიციის მოზიდვა სცადეს. მათ საკუთარ პროდუქტსა თუ სერვისებზე, მათ უპირატესობებსა და პოტენციურ სარგებელზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, დამსწრეებმა მოისმინეს სპიკერების პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. გამომსვლელებს შორის იყვნენ EBAN-ის გენერალური დირექტორი ჯაკოპო ლოსო, Sturgeon Capital-ის ფინანსური ანალიტიკოსი რობინ ბატლერი, Domino Ventures-ის მმართველი დირექტორი იაგიზ კარადენიზი და ა. შ. მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს, ისაუბრეს, რას სთავაზობენ სტარტაპერებს და როგორ შეუძლიათ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს არსებული შესაძლებლობების პროგრესისთვის გამოყენება.

ხოლო პანელური დისკუსიების დროს ჯაკოპო ლოსომ, რობინ ბატლერმა, იაგიზ კარადენიზმა, სალომე ნაფეტვერიძემ (Georgia’s Innovation and Technology Agency-ის ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი), გოგა მელიქიძემ (Pension Agency of Georgia-ს CIO) და ვარლამ ებანოიძემ (ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი) სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს სტარტაპების განვითარებაში.


შეგახსენებთ, რომ აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს,  საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, “ჭკვიანი ფულის” ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

[R]

LEGO ახალ ნაკრებს ფილმ Jaws-ის ანიმაციით გვაცნობს

სუხიშვილების განახლებული საზაფხულო პროგრამა თაკარას ღია სცენაზე – პროექტის მხარდამჭერია SOLO