24
აპრ
2018

თიბისი პირადად მოგმართავს შენ! – რადიკალური ცვლილება ბრენდის კომუნიკაციაში

24 აპრ 2018

#გამარჯობა, #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ! თიბისი ქმნის ახალ ისტორიას – „შენ“.

„მე და შენ“ – რატომ და როგორ აღმოჩნდა იმის საჭიროება დღეს, რომ „მე“, როგორც სერვისების მიმწოდებელი უკვე ვარ ზედმეტი და დარჩი მხოლოდ „შენ“ – მომხმარებელი?! – კოკა ქამუშაძეთიბისის ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი.

„შენ“ – აქრობს ზღვარს ბანკსა და მომხმარებელს შორის, რაც თავისი შინაარსით, გაშლილია სერვისსა და კომუნიკაციაში“, – მარი ლორთქიფანიძე, თიბისის კონტენტისა და კრეატიული პროექტების მენეჯერი.

„ეს არის ბრენდის გრძელვადიანი სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ძირითადად, 5 წლით განისაზღვრება ხოლმე. ამ შემთხვევაში, ჩვენი ბიზნესგადაწყვეტილება გულისხმობს: სერვისების გაციფრულებასა და მაქსიმალურად ბუნებრივ კომუნიკაციას პერსონიფიცირებულ მომხმარებელთან“, – ნინჩო ეგაძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.

დიჯიტალიზაციის პროცესში, მომხმარებელთან დისტანცირების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. ერთი მხრივ, ვითარდება ტექნოლოგია და მყარდება სწრაფი და მაღალგამტარუნარიანობის მქონე კომუნიკაცია აუდიტორიასთან და მეორე მხრივ, ყველაფერი ადამიანური უფრო დეფიციტური და ღირებული ხდება.თიბისი, ამჯერადაც, გაჰყვა საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების განმასხვავებელ ქართულ ნიშანს და სწორედ ქართული ანბანისა და ქართული სიტყვების დახმარებით გადავიდა განვითარების შემდეგ ეტაპზე. ბრენდის რადიკალურ ცვლილებებზე მარკეტერი ესაუბრა თიბისის მარკეტინგის დირექტორ ნინჩო ეგაძეს, თიბისის ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელ კოკა ქამუშაძესა და თიბისის კონტენტისა და კრეატიული პროექტების მენეჯერ მარი ლორთქიფანიძეს. 

ნინჩო ეგაძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი:თიბისი, ფაქტობრივად, დღეს უკვე არის არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუცია, არამედ ციფრული სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომლის სტრატეგიაც დიჯიტალიზაცია, დისტანციური არხების განვითარება, მაქსიმალური ინოვაციურობა ბიზნესში, ხელოვნური ბოტებისა თუ ტექნოლოგიების გამოყენებაა და ა.შ. ეს ყველაფერი კი, კომფორტს უქმნის ჩვენს მომხმარებელს, თუმცა ადამიანური ურთიერთობების შესაძლებლობას გვაცლის ხელიდან და შესაბამისად, გვიჩენს სატკივარს, თუ როგორ ვიყოთ უფრო ახლო კომუნიკაციაში ადამიანებთან.M: როგორ დაიბადა ბიზნესსტრატეგია „შენ“ და რამდენად სარისკო იყო, თიბისის მხრიდან, ეს გადაწყვეტილება?
ეს ბრენდისთვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა იყო და ამაზე, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდით მარკეტინგის გუნდთან, სააგენტო HOLMES&WATSON-თან, სტრატეგებსა და ჩვენს მმართველ გუნდთან ერთად. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ, იერარქიულად, როგორ იყო დაყოფილი მიმართვის ფორმები. აღმოჩნდა, რომ ღმერთთან მიმართებაში ადამიანები „შენობით“ ფორმას იყენებენ, მეფის შემთხვევაშიც, ხშირად, არის შენობითი ფორმა, თუმცა უამრავი ფორმაა თქვენობითი. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტეთ, რომ „შენ“ იყო სწორედ ის ბუნებრივი კომუნიკაცია, რომელსაც არ სჭირდება ახსნა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ეუბნები „შენ“, ის ამას იღებს უფრო მეტად პირადად, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, სადღაც, გულის სიღრმეში, განსაკუთრებით, უფროს თაობასთან გვქონდა კითხვები, ხომ არ იქნებოდა ეს არათავაზიანი ფორმა, ჩვენი მხრიდან, მათთან კომუნიკაციის პროცესში. რაღაც მომენტში იმის შიშიც გვქონდა, იქნებოდა, თუ არა  #გამარჯობასავით მისაღები, მაგრამ ამ კამპანიით ჩვენ ვიცხოვრეთ და მივედით რაღაც ეტაპამდე, როცა ბუნებრივად დადგა განვითარების მომენტი და  სწორედ „შენ“ არის ამ ისტორიის გაგრძელება, რომელიც მიგვაჩნია საკმაოდ თამამ ნაბიჯად და ურთიერთობისთვის ძალიან მარტივ გადაწყვეტად.

„ჩვენ მივხვდით ერთ ძალიან მაგარ რაღაცას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სოციალურ მედიაში, ჩვენი მომხმარებლებისგან ვიღებთ რჩევასა თუ ჩივილს, ნებისმიერ საინტერესო შემოთავაზებას, თუნდაც, სიყვარულს ან „გულებს“, ავტომატურად შეგვიძლია ამაზე რეაგირება და ამიტომაც, ყოველი ადამიანისგან უკუკავშირის მიღებისთანავე, თიბისი, როგორც ბრენდი, იცვლება. რაც უფრო გახსნილი იქნება მომხმარებელი ჩვენ მიმართ, მეტად საინტერესო რაღაცებს გავაკეთებთ ჩვენც“, – ნინჩო ეგაძეკოკა ქამუშაძე, „თიბისის“ ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი: #გამარჯობას ტალღის წინ ვხვდებოდით, რომ დისტანცირებული ბრენდი ვიყავით მომხმარებლებისთვის და ამის მიზეზი იყო ამ კამპანიის დაწყებაც, რომელმაც ცოტა უფრო დაათბო ჩვენ შორის ურთიერთობა. ახლა რომ იგივე არ დაგვემართოს და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში შევინარჩუნოთ ადამიანებთან თბილი და უშუალო ურთიერთობა, ვიწყებთ კამპანიას „შენ“. დღეს, რაღაც კუთხით, შენ, როგორც მომხმარებელი, თავად გახდი ბანკი.

ფოტოკრედიტი: სერა ძნელაძე

„შესაბამისად, ყველა ჩემი შემოთავაზება არის კონკრეტულად შენზე მორგებული და ისე არის აწყობილი. ანუ, მე ვამბობ, რომ ჩემი მომხმარებელი „თქვენ“ – ვინმე კრებითი ადამიანების ჯგუფი კი არ არის, ვისაც უნიფიცირებულ მომსახურებას გავუწევ, არამედ შენ ხარ ინდივიდი, რომელსაც მოვერგები. ანუ, კონკრეტულად, შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა – ადამიანთა ჯგუფი“, – ოკა ქამუშაძე.

კამპანიის „შენ“ ნაწილია სოციალურ ქსელებში, თიბისის მიერ გავრცელებული ფოტოები – ავტობუსების გაჩერებებზე, შემთხვევით შერჩეული გამვლელები და მინიბლოგები მათ შესახებ.

ფოტოკრედიტი: რეზი ყენია

მარი ლორთქიფანიძე, თიბისის კონტენტის და კრეატიული პროექტების მენეჯერი: „დიჯიტალიზაციის პროცესში თიბისი იცვლება, მომხმარებელთან მიმართვა ხდება უფრო თამამი, პერსონალური და ბუნებრივი იმისთვის, რომ დისტანცია შეივსოს ახლო კომუნიკაციით და სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს მოვიდეთ შენთან. კონტენტიც, რომელსაც ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში ვქმნით და ვგეგმავთ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება – მთავარი აქცენტი კეთდება ადამიანებზე, ჩვენ გვაინტერესებს მათი სუბიექტური ხედვა, სათქმელი, ემოციები, რა დატვირთვა აქვს მათთვის სიტყვას „შენ“. ჩვენი რესპონდენტი თითოეული ჩვენი მომხმარებელია და უკუკავშირიც შესაბამისია – ზუსტად ესმით, როგორი მნიშვნელოვანია, როდესაც თიბისი პირადად მოგმართავს – შენ!


ფოტოკრედიტები: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

განხილვა